დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გუშინ დმანიში „ქართული ოცნების“ შტაბთან განვითარებულ მოვლენების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ მმართველი პარტიის აქტივისტმა ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით სამი პირი დაჭრა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას თვეზე მეტია ითხოვს. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა.
„მსურს, გამოვეხმაურო 21 ოქტომბერს დმანისში, „ქართული ოცნების“ შტაბსა და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის. შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს – ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა!
კომენტარები