exclusivetv.ge-ს, ნაპოლში მოღვაწე ქართველ ემიგრანტი, სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია „ნინა და საქართველო“-ს პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე დაუკავშირდა.
ნინა ლაფაჩიძე, კომენტარს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე აკეთებს, რაც დღეს ნაპოლში ხდება. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ნაპოლში ოთხი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად ორ შემთხვევაში კოვიდ19 დასახელდა, ხოლო ორი ქალბატონი ინფარქტით დაიღუპა.
„საქართველოს საკონსულო, ოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულია და კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომები უკვე მიღებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კონსულს, ქალბატონ ნატალია კორძაიას იმ გულისხმიერებისთვის და ოპერატიულობისთვის, რასაც ის ემიგრანტებისადმი იჩენს.“ – აღნიშნა ნინა ლაფაჩიძემ.
სოციალური ხელშეწყობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ: „იტალიაში სამუშაო თუ ცხოვრების სურვილის მქონე ყველა პირმა, რომელიც რესპუბლიკაში ყოფნას აპირებს, უნდა გაითვალისწინონ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, – იტალიის რესპუბლიკა, ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეზღუდვის გარეშე მიიღოს სამედიცინო მომსახურება. ამისთვის საჭიროა, პირმა, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად უწევს ცხოვრება, მიმართოს ადგილობრივ ამბულატორიებს, იგივე „ASL“ და მოითხოვონ ე.წ. STP – იგივე დროებითი სამედიცინო დაზღვევის ბარათი, რისი ფლობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომია. ემიგრანტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ რჩევები, ისევ და ისევ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად.“ – განაცხადა ლაფაჩიძემ.














კომენტარები