ლვივი, ოდესა, კიევის ოლქი, ვინიცა, დონეცკი, დნეპროპეტროვსკი – ღამით ოკუპანტებმა უკრაინაზე საჰაერო იერიშები მიიტანეს. საოკუპაციო ძალების შეტევითი ოპერაციების ტემპი იზრდება. რუსეთის ჯარებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში 20-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. დონეცკში 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 27.
“მარიუპოლში რუსი ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დარტყმებს და ცეცხლის გახსნას ჩვენს პოზიციებზე აზოვსტალის რაიონში. მტერი არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან.
უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, მტერი ისვრის რაკეტებს. სლობოჟანსკის მიმართულებით მტერმა საარტილერიო და ნაღმტყორცნებიდან ესროლა ქალაქ ხარკივსა და სოფელ პროტოპოპივკას.
დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტრის თორმეტი თავდასხმა მოიგერიეს,” – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერმა ოლექსანდრ სტუპუნმა.
აფეთქებები იყო ლვივში, სადაც რკინიგზის ორი ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მოსახლეობის ნაწილს. რუსებმა იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი.
შეთანხმების მიხედვით, ერთი საათის წინ უნდა გახსნილიყო დაანონსებული მწვანე დერეფანი მარიუპოლიდან. უკვე დაწყებული უნდა იყოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა ჩერნობაევკას მერი და მისი მოადგილე გაიტაცეს.
კომენტარები