მიუხედავად იმისა, რომ 31 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა ღამით, კომენდანტის საათი და დღის მანძილზე მთელი რიგი შეზღუდვები დაწესდა, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, 31 მარტს, მთაწმინდაზე, მის საფლავთან, შეიკრიბნენ ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები, უზენაესი საბჭოს დეპუტატები და ის ადამიანები, რომლებიც მისი იდეების ერთგულნი დარჩნენ, თუმცა ეს აქცია მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საგანგებო მდგომარეობის წესების გამო, დაშალეს. „ალიას“ ესაუბრება სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი, გიორგი კერვალიშვილი:
– ჩვენმა მთავრობამ მაინცდამაინც 31 მარტს, სპეციალურად ზვიად გამსახურდიას, ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის, დაბადების დღეს და რეფერენდუმის მიღების დღეს დაამთხვია კარანტინის გამოცხადება და ხალხი სახლებში ჩაკეტა. ვითომ მანამდე ან 31 მარტის შემდეგ არ შეიძლებოდა კარანტინის გამოცხადება? მაგრამ ესენი ყველანი ტირან შევარდნაძის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან. აქ იყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ბატონი ბესარიონ მიქავა, უზენაესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ შავთვალაძე, ზვიად გამსახურდიას მოძღვრის, აწ გარდაცვლილი მეუფე ამბროსი ქათამაძის შვილი, ანჩისხატის მღვდელმონაზონი, მეუფე ნოდარ ქათამაძე, რომელმაც პირველი პრეზიდენტის სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა. ერთი სიტყვით, 30-მდე ადამიანი შევიკრიბეთ და პატივი მივაგეთ თავისუფლების მესაძირკვლის, პირველი პრეზიდენტის ნათელ ხსოვნას, მაგრამ სად იყო და სად არა, აქციის ბოლოს მთაწმინდაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაჩნდა, სუსი და კუდი თავს დაგვადგა. დაიწყეს ფსიქოლოგიური ზეწოლა. შეკრებილებს კამათი დაგვიწყეს. ბესარიონ მიქავა ამას ყველაფერს იღებდა. მთაწმინდის რაიონის საპატრილო პოლიციის უფროსის მოადგილე, ძველი პუტჩისტი და ყოფილი მხედრიონელი, დღეს „ოცნების“ პოლიციის ჩინოსანი სადღობელაშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდა, დღესაც იგივე შემართებით აგრძელებს გამსახურდიას იდეების მხარდამჭერთა დარბევას. ჩვენ ისედაც დამთავრებული გვქონდა აქცია, მაგრამ ბესარიონ მიქავასთან დაიწყო პროვოცირება. პასუხისმგებლობას ვაკისრებ შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს. სადღობელაშვილი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას, ზვიად გამსახურდიას საფლავზე ასეთი ტონით ლაპარაკს, მაგრამ „ოცნების“ რეჟიმმაც გამოაჩინა თავისი სახე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, თუ როგორ უყვართ ჩვენი ეროვნული გმირი და როგორ პატივს სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.
ვერანაირი კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ვერ შეგვაჩერებს. არ იყო კორონავირუსი, მაგრამ 30 წელია სადღობელაშვილისნაირი პუტჩისტები გვებრძვიან და გვარბევენ. ყველაზე დიდი ვირუსი და ეპიდემია, რომელიც ათწლეულებია ვერ დავამარცხეთ, ესენი არიან. კორონავირუსი დასრულდება, მაგრამ გაყიდული პოლიტიკური სისტემა უნდა დასრულდეს და ერი და ბერი გაერთიანდეს ზვიად გამსახურდიას იდეების ირგვლივ, რომ ქვეყანა განვითარდეს და ხალხმა ამოისუნთქოს, თორემ მშიერ ხალხს ვერანაირი კარანტინი ვერ შეაჩერებს.
„ალია“, ნანა სულავა
კომენტარები