სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად. ამის შესახებ ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ:
“სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების დინამიკა, დამძიმებული მდგომარეობის ხანგრძლივობა, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები და პროგნოზები, ექსპერტთა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გარემოებები და მდგომარეობის ლეტალურ გამოსავლამდე დამძიმების მაღალი რისკები, ამ საქმეს აქცევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სივრცეში. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობა შეიძლება ჩაითვალოს არაადამიანურ მოპყრობად”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლითაც მესამე პრეზიდენტს სასჯელი არ გადაუვადდა.
როგორც აპარატი წერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ აკმაყოფილებდა განაჩენის აღსრულების გადავადების სტანდარტს, რადგან იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც სასჯელის მოხდას ხელს უშლის.
აპარატის განმარტებით, ომბუდსმენის ეს მოსაზრება ეყრდნობოდა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ადამიანის უფლებების სტანდარტებს.
“სამედიცინო შეფასებების საფუძველზე, სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების/გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდა. სახალხო დამცველი სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნავდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მინიმუმ აკმაყოფილებდა განაჩენის აღსრულების გადავადების სტანდარტს, რადგან იგი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც სასჯელის მოხდას ხელს უშლის. სახალხო დამცველის მოსაზრება ეყრდნობოდა როგორც შიდა ეროვნულ, ისე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. 172 ამის მიუხედავად, 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით, სასამართლომ უარი განაცხადა მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე, ისევე როგორც, სასჯელის გადავადებაზე”, – წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. ამავე ანგარიშის მიხედვით, სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა პატიმარს დააკისრა და განმარტა, რომ ვერ დარწმუნდა, რომ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო დახმარება არაადეკვატურია.
კომენტარები