„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„მეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას, იქნებ გამოგადგეთ რამეში, რა ვიცი.
როგორადაც არ უნდა მოიქცნენ აქციის მონაწილეები და რაც არ უნდა თქვან, ხელისუფლება ყოველთვის იტყვის, რომ ახალგაზრდები არიან შეცდომეში შეყვანილი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ და რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს უნდათ არეულობა, მსხვერპლი და ამ ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლა. ისინი ასევე იტყვიან, რომ პოლიტიკოსები იმალებიან მომიტინგეთა ზურგს უკან, საზარბაზნე ხორცად ჭირდებათ მხოლოდ ხალხი და ა. შ. და ა. შ. რაც თავი მახსოვს, კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა მოძალადე ხელისუფლება ასე ლაპარაკობს.
ამიტომ რა სისულელეც არ უნდა თქვას რომელიმე კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, რა ბრიყვული მოწოდებაც არ უნდა გააკეთოს ან რა იდიოტობაც არ უნდა ჩაიდინოს, ამის გამო არავინ არ უნდა დავკომპლექსდეთ. მოძალადე ხელისუფლების მიზანიც სწორედ ისაა, რომ მორალური უპირატესობა დაგაკარგინოს და პროტესტის მონაწილეთა შორის (რომელიც ისედაც ძალიან ჭრელი სპექტრია) წაახალისოს დაპირისპირება.
უფრო მეტიც, როდესაც ამხელა მაშტაბის პროტესტია, შეუძლებელია ვინმემ რამე სისულელე არ თქვას ან არ ჩაიდინოს. ამას ვერ ავცდებით. მით უმეტეს, რომ პროტესტს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და დიდწილად სტიქიური ხასიათი აქვს.
ხელისუფლება დღეს ჩადის ისტორიულ დანაშაულს რუსული კანონის მიღებით, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამაზე უარესს ვერცერთი ავანტიურისტი ოპოზიციონერი დღეს ვერ გააკეთებს. კი ბატონო, ყველას გამოგვაცხადებენ ნაცებად და გვეტყვიან, რომ ჩვენ ბელადი არის მიშა, რომ მთელი ევროპა და ამერიკა ჩალიჩობს იმას, რომ ნაცების დიქტატურა მოგვახვიონ თავს ჩვენი ომში ჩართვის მიზნით, მაგრამ დავიკიდოთ მათი ასეთი ლაპარაკი ყველამ ერთ ადგილას. კატეგორიულად დაუშვებელია ახლა იმაზე წუწუნი, თუ ეს რატომ მოვიდა აქ, ის რატომ დგას იქ, იმას რატომ ვუშვებთ მიკროფონთან, იმან ასე რატომ თქვა და ისე რატომ არ თქვა და ა. შ. ყველა ვინც აპროტესტებს, არის მოკავშირე, ყოველი ხმა, ყოველი მხარდაჭერა რანაირი ფორმითაც არ უნდა იყოს ის გამოხატული, არის საჭირო და სასარგებლო.
და კიდევ ერთი: ცოტა მეტად იაქტიურეთ იმ პოლიტიკოსებმა, რომელთაც პიკეტების და მივარდნა-შევარდნების გარდა რამე სხვა იდეებიც გაქვთ (ვიცი, რომ ხართ ასეთები). მხოლოდ მიმიტინგეთა გვერდით დგომა კი არაა თქვენი საქმე და თუ რამე არ მოგწონთ, სხვისი კრიტიკის ნაცვლად სჯობს თავად შესთავაზოთ ამ აზვირთებულ საპროტესტო მასას მოქმედების განსხვავებული გეგმა და სტრატეგია.
და ბოლოს: კარგად გავაცნობიეროთ, რომ ახლა ჩვენ ყველანი ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მართალი და ვუპირისპირდებით სიბნელეს და რეგრესს. ჩვენს მხარესაა მთელი ცივილიზებული სამყარო და მსოფლიოს უდიდესი და უძლიერესი ქვეყნები, რომლებიც ამჯერად არ აპირებენ მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით შემოფარგვლას. ჩვენ ბევრნი ვართ, ვართ სხვადასხვანაირები, განსხვავებულები, მაგრამ ყველას გვაერთიანებს ერთი მიზანი -არა რუსულ კანონს! გაიტანოთ ეს დედამოხნული კანონპროექტი უკან! ამ ეტაპზე ეს არის გამაერთიანებელი ლოზუნგი და სწორედ ამაზე უნდა მოხდეს ძალების კონცეტრირება, რადგან ეს მოთხოვნა უზრუნველყოფს სწორედ ხალხის სიმრავლეს და საპროტესტო სპექტრის მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა, რომელსაც ჭირდება გამოყენება.
რუსული კანონპროექტის კრახი იქნება გარდამტეხი მომენტი ქვეყანაში მიმდინარე მთელ პოლიტიკურ პროცესში. კარგად გავიაზროთ ეს და ასევე გავიაზროთ ისიც, რომ ამისთვის ბრძოლა არ იქნება იოლი, არ იქნება ხანმოკლე, მაგრამ აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.“
კომენტარები