ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, დაავადება გავრცელებულია მოსახლეობაში. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ აქვს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია ყველა ღონისძიების დაცვა. „ეს კვირა და შემდეგი კვირა გვექნება ალბათ შედარებით უფრო რთული. იქნება მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ ეს მაინც ჩვენზე, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ მძიმე დღეებში, როგორ გავაგრძელებთ რეკომენდაციების დაცვას“, – აღნიშნა ენდელაძემ.
მან საზოგადოებას სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„ყველა მორწმუნე მართლმადიდებლისათვის აღდგომის დღესასწაული უდიდესი დღეა. ყველა ვემზადებით ამისათვის, გვიხარია ეს დღე, მაგრამ რადგან ახლა სხვა მოცემულობაში ვართ, რაღაცნაირად უნდა გავითავისოთ. მე ვერავის ვეტყვი არ წავიდეს, მაგრამ რისკჯგუფის პირებმა, ქრონიკული დაავადებებით, ასაკოვნებმა, სჯობს თავი შევიკავოთ. ლოცვა ყველგან შეიძლება. უფალი მოწყალეა და ჩვენ ამას გაგვიგებს. ვინც წავა და ვისთვისაც ეს აუცილებელი სულიერი წყაროა, აუცილებლად უნდა დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოწოდებულია. ეს არის ძალიან ვერაგი ვირუსი და შეუძლებელია იმის თქმა, ვისი მდგომარეობა როგორ დამძიმდება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კომენტარები