,,თავისუფლების მოედნის” დამფუძნებელი, ლევან ცუცქირიძე:
,,მიუსაფარ ძაღლებზე
დიდი უბედურება და ცოდვა ტრიალებს ამ დღეებში. „ოცნება“ მიადგა ყველაზე დაუცველებს – მიუსაფარ ძაღლებს. როგორც ცხოველთა დამცველებისგან ისმის, ისინი გაუგებარი მიმართულებით, სავარაუდოდ, მათთვის უცნობ ტერიტორიებზე გადაჰყავთ, სადაც მაღალი ალბათობით, ფიზიკური განადგურება ემუქრებათ. როგორც მესმის, დღემდე უცნობია იმ ძაღლების ბედი, რომლებიც ზუგდიდიდან წაიყვანეს. ეს არის “ოცნების” “ნულოვანი თანაგრძნობის” პოლიტიკის გაგრძელება.
საზოგადოებასა და სახელმწიფოს ბუნებაზე არაფერი მეტყველებს იმაზე უფრო უკეთ, ვიდრე ის, თუ როგორ ექცევა ყველაზე დაუცველებსა და სუსტებს.
მიუსაფარი ცხოველების პრობლემას ორი მხარე აქვს: სახელმწიფო და სამოქალაქო. ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ეფექტიანი ზომები მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის კონტროლისთვის: მასშტაბური სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციისა და ქუჩიდან აყვანის პროგრამების დაფინანსებით და წახალისებით, შეჯვარებისა და გამრავლების კონტროლით და შინაური ცხოველების ქუჩაში მიტოვების აკრძალვით. ამის კარგი პრაქტიკა არსებობს ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ისინიც სიამოვნებით დაგვეხმარებოდნენ პრობლემის მოგვარებაში, „ოცნებას“ მტრად რომ არ ჰყავდეს გამოცხადებული.
თუმცა, ასევე, მინდა, ორი სიტყვა ვთქვა სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ჩემს პირად გამოცდილებაზე: მყავდა ორი ბოქსიორი და ბოლოს კი იტალიური მასტიფი, კანე კორსო. ორივე ჯიში არაჩვეულებრივი, მომნუსხველი და დიდებულია. ბოქსიორი მოთამაშე და ენერგიულია, მაგრამ ამავე დროს ზუსტად იცის, როდის არის ის წამის რაღაც მეასედი, როცა ჯამბაზიდან ოჯახის მცველად უნდა გადაიქცეს და ეს მომენტი არასოდეს ეპარება. ჩვენი კანე კორსო, რომი, წესრიგის დამყარებას მხოლოდ მზერითაც კი ახერხებდა, უღრან ტყეებში ერთგულ მცველად მახლდა ხოლმე, ტკივილი იმან არ იცოდა და დაღლა. ხოლო როდესაც სახლში არ ვიყავი, ოჯახის უსაფრთხოებას ორმაგად იცავდა. რომ არა ამ ჯიშში გავრცელებული ეპილეფსია, რომელიც საქართველოში მიზეზთა გამო დაუძლეველია, ის ახლაც ჩვენთან იქნებოდა.
ჩვენთან ძალიან მომრავლებულია ათლეტური, სპორტული, მცველი ჯიშის უზარმაზარი ძაღლები, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ცოტა მეგულება ისეთი ოჯახი, რომელსაც ასეთი ტიპის ჯიშიანი ძაღლებისთვის სათანადო პირობების შექმნა შეუძლია. ამაში მხოლოდ დიდი ხარჯი არ იგულისხმება. ასეთ ჯიშებს უზღვავი ენერგია აქვთ და მენტალური მოთხოვნილებების დახარჯვის დიდი საჭიროებაც. ისინი შექმნილია სპეციფიკური მიზნებისთვის და არა ოთახებში გამოკეტვისა და სკვერებში მოკლე სეირნობისთვის. მეც კი, ვინც კორსოსთან ერთად ყოველ დილით დიდ მანძილს ვფარავდი ვარჯიშისას, რეგულარულად დამყავდა ტყეში, ლაშქრობებსა და მთაში, ნიჩბისში კი მუდამ თავისუფლად იყო დიდ ეზოში, ხშირად ვფიქრობდი, რომ ვერ ვაძლევდი ძაღლს მისი განვითარებისთვის საჭირო გარემოს. დღეს ბევრს ნახავთ ეზოში დაბმულ მასტიფებს, ქართულ ნაგაზებსა და სხვა დიდი ზომის მოდარაჯე, მცველ ჯიშებს. ესაა მათი წამება და ჩვენი არჩევანის გამო პასუხისმგებლობის ძაღლზე გადატანა.
დღეს ჩვენ ჰოლიდეი გვყავს, რომელიც ნიჩბისში დაგლეჯილი და მშიერი ვიპოვეთ, ჯერ კიდევ ლეკვი. ვუმკურნალეთ და გავასტერილეთ, ერთხანს მისთვის პატრონის პოვნასაც ვცდილობდით, მაგრამ ბოლოს გაგვიმართლა და ჩვენთან დარჩა. მისი ერთგულება, სითბო და გონიერება არაფრით ჩამოუვარდება რომელიმე სხვა ჯიშს, რომელიც შემხვედრია და ვიცნობ. სავარაუდოდ, პუდელისა და ტერიერის მეტისი ფხიზელი დარაჯიც არის, ერთგული მეგობარიც და ყოველთვის მზად არის იქ წამოგყვეს, სადაც გინდა და დღეში იმდენჯერვე უხარია ჩემი დანახვა, რამდენჯერაც დამინახავს: არ აქვს მნიშვნელობა 15 წუთით გავედი სახლიდან, თუ ერთკვირიანი განშორების მერე დავბრუნდი. ხასიათის ერთი თავისებურება ნამდვილად აქვს: ლეკვობის ნიჩბისის ტყეებში გატარების გამო, ღამით ზოგჯერ ჩვენც წამოგვიხტება ხოლმე ღრენით და ამით გვახსენებს, რომ მიუხედავად მისი მომხიბვლელი გარეგნობისა, ტურებსა და მგლებში გადარჩენაც შეუძლია.
ვისაც ძაღლი უნდა, მით უმეტეს, თუკი ის ოჯახისთვის პირველი ძაღლი უნდა იყოს, ჩემი გულწრფელი რჩევა მიუსაფარი ძაღლის გადარჩენა იქნება. მათზე ერთგულ მეგობარს იშვიათად იპოვით. სიყვარულს არც მეტისები მოგაკლებენ და ე.წ. „სუფთა ჯიშის“ ძაღლებისგან განსხვავებით, ჯანმრთელობის ქრონიკული და თანდაყოლილი პრობლემებიც: ეპილეფსია, სიყრუე, დისპლაზია, გულისა და სახსრების დაავადებები და უამრავი სხვა, ნაკლებად აქვთ.
სახელმწიფოს ვალია, ხელი შეუწყოს პროგრამებს, რომლებიც ასეთ ქცევას წაახალისებენ. მაგრამ ამას არ უნდა ველოდოთ „ნულოვანი თანაგრძნობის“ პოლიტიკის უგულო აქტორებისგან. სამაგიეროდ, ჩვენ, მოქალაქეებს შეგვიძლია ვიმოქმედოთ ისე, როგორც სწორია: გავუფრთხილდეთ ყველაზე დაუცველებს და ამით უკეთესი საზოგადოება გავხდეთ.
მანამდე კი, მოვითხოვოთ ყველამ, რომ “ოცნებამ” შეწყვიტოს მიუსაფარ ძაღლებზე ნადირობა, ჩაატაროს სტერილიზაციის სრულფასოვანი პროგრამა და დააბრუნოს ძაღლები პირვანდელ საცხოვრებელ არეალში. იქნებ, თანამოქალაქეებისადმი მათი არაჰუმანური და უსამართლო დამოკიდებულებისგან განსხვავებით, აქ მაინც გამოავლინოს თანაგრძნობის ელემენტარული უნარი. ეს მათთვისაც კარგი იქნებოდა.“














კომენტარები