ანალიტიკოსი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად განიხილავს მიზეზებს, რის გამოც უკრაინაში მოვლენების მაქსიმალურ ესკალაციას უჭერს მხარს.
ტაბლიაშვილი აღნიშნავს, რომ ომი და ვითარების მაქსიმალური დაძაბვა, დასავლეთის მხრიდან რუსეთის დასჯას გამოიწვევს და საქართველოს მისგან თავის დაწევის შანსი გაუჩნდება.
„ახლა ავხსნი, რატომ მინდა ომი უკრაინაში! უფრო ზუსტად, მაქსიმალური ესკალაცია!
ავხსნი, მიუხედავად იმისა, რომ, ვეჭვობ, მამუკა მდინარაძე – კოლექტიური მამუკა მდინარაძე ამას არ წაიკითხავს! რომც წაიკითხოს, ვერაფერს გაიგებს ზუსტად ისე, როგორც არ და ვერ ესმის პოეტიკის პოლიტიკა.
თუ მაქსიმალური ესკალაცია მოხდება, დასავლეთი დაიწყებს რუსეთის დასჯას! დასჯილი რუსეთი ძალიან დასუსტდება! დასუსტებული რუსეთი, თავდაპირველად, უმისამართოდ დაიწყებს კუდის ქნევას; თუ გავუძლებთ და გადავრჩებით, ვნახავთ, როგორ დაუმოკლდება კუდიც და ხელიც! შესაბამისად, ამბიციაც… ანუ – მადა როგორ ჩაუცხრება – მადა!
ეს ის მომენტუმი იქნება, რომლითაც უნდა ვისარგებლოთ – დასავლეთში უნდა გავაღწიოთ და ალიანსის ქოლგა უნდა გადავიფაროთ თავზე. ალიანსის ქოლგა წვეტიანია… თუ მის ქვეშ მოქცეულებს თავს დაესხმებიან, ქოლგა ჩხვლეტიაა…
NATO მხოლოდ სამხედრო ალიანსი არაა, პოლიტიკურიცაა. შევალთ თუ არა, მეორე თვიდან ვიგრძნობთ მის სიკეთეებს, მეტი პირდაპირი ინვესტიცია იქნება. ანუ, ჯონ სმიტი აქ ფულს შემოიტანს. ჯონ სმიტის ფული იმისათვის გვჭირდება, რომ სახელმწიფოს ვალდებულებები უკეთ შესრულდეს. პენსია გაიზარდოს, ინფრასტრუქტურა გაიმართოს, ამოვისუნთქოთ! კეთილად მოვეწყოთ, ბედნიერები ვიყოთ,”- წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ანალიტიკოსი რუსეთის გაძლიერებას ვარაუდობს და ფიქრობს, რომ საქართველო ამის შემდეგ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„თუ ომი არ იქნება… ან თუნდაც, ესკალაცია, რუსეთი ამ ამბავსაც გადააგორებს! გადააგორებს და გაძლიერდება! გაძლიერდება და ახალი ძალით შემოგვიტევს…
ასეთი სუსტი (საერთაშორისო პოზიციონირების თვალსაზრისით) რუსეთი არასოდეს ყოფილა. ეს მომენტი გამოსაყენებელი გვაქვს. თუ რეზოლუციაში იქნება თუ სხვაგან, საქართველო მკვეთრი არ იქნება, რუსეთი საქართველოს უ–ომრად მიიღებს! ანუ, ჩვენ თავად გაგვაკეთებინებს იმას, რასაც ახლა აკეთებს უკრაინაში… უფრო ზუსტად, რის გაკეთებასაც ცდილობს.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ომს გადავურჩებით თავის დახრითა და ჩუმად ყოფნით, ღირსების შელახვით… ცდება! უფრო სასტიკ ომს მივიღებთ!
სწორედ მაშინ, როცა მხდალები ვიქნებით. სასტიკს და მსხვერპლიანს. “მდინარაძეებს” ეს არ ესმით. აკაკი წერეთელი არაა რთული ავტორი… მაგრამ, არც მისი ესმით. ბარათაშვილამდე და “ბედი ქართლისამდე” ვერ ჩავალთ. ვერც ილიამდე… ვისაც ეს ესმის! ცოტანი ვართ.
პ.ს. სისხლისღვრა თუ ვინმეს ეჯავრება, მე ვარ… სისხლის მდინარეებს რომ ვერიდები, იმიტომ ვწერ მდინარაძეებისათვის,“- წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.














კომენტარები