• რეკლამა
  • კონტაქტი
16:28, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე გატეხა თავისი პირობა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა უფრო და უფრო ამსგავსებს მას სააკაშვილის საზარელ რეჟიმს“

ალია ავტორი - ალია
21:40 06-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„კავკასიურ სახლსა“ და ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს შორის მიწერ-მოწერა კვლავ გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „კავკასიურმა სახლმა“ ევროპარალმენტარს პოზიციები დაუწუნა, რასაც კრამონის მხრიდან სწრაფი პასუხი მოჰყვა, სადაც ევროპარლამენტარი წერილის ავტორებს ახსენებს, რომ ის თავის დროზე ხმამაღლა უპირისპირდებოდა სააკაშვილის რეჟიმს, ახლა კი „ოცნების“ მმართველობის პერიოდში, იმედები გახუნდა.

გთავაზობთ „კავკასიური სახლის“ პასუხის პასუხს, რასაც მოგვიანებით ეროპარალმენტარმა კვლავ წერილობით უპასუხა:

„დიდად პატივცემულო ქალბატონო ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელ,

მადლობას გიხდით თქვენი სწრაფი რეაგირებისათვის.

თუმცა, იძულებულნი ვართ აქვე აღვნიშნოთ, რომ ჩვენც  იმედგაცრუებულნი დავრჩით თქვენი წერილის სტილით, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ  ნაკლებ დიპლომატიური.

შეიძლებოდა ტექსტის სტილზე და მისი აღქმის სპეციფიკაზე დაუსრულებლად გვემსჯელა, მაგრამ ყოველგვარ ფორმალობაზე საუბარი, ვფიქრობთ არასერიოზულია, როდესაც შინაარსი უმძიმეს პრობლემებს ეხება.

ეჭვი არ გვეპარება, რომ გამოძრავებთ კეთილშობილური მიზანი,  ხელი შეუწყოთ საქართველოში პოლიტიკური  მოტივაციებისაგან თავისუფალი  სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას, რისთვისაც, როგორც წინა წერილშიც აღვნიშნეთ, გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ მთელ ევროკავშირსა და მის სტრუქტურებს.

მაგრამ ჩვენ და ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან  ნაწილს გვიჩნდება კითხვა: რა შედეგი გამოიღო თქვენმა ძალისხმევამ?

11 თებერვალს “ტვიტერში” ახსენებთ საქართველოს მთავრობის მიერ მისი „პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნას“. ხოლო  13  მაისს თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებული  მოკლე კომენტარით (რომლის  წაკითხვისკენაც მოგვიწოდებთ და რომელიც ჩვენ წაკითხული გვქონდა) საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ  8 მარტის შეთანხმების  შესრულებას.

ამ შეთანხმების  შესრულების   შედეგად კი განთავისუფლდა  ორი  მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე დამნაშავე, რომლებსაც  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  და მასთან დაკავშირებული,  ფსევდონეიტრალური ჯგუფები, ისევე როგორც თქვენი კოლეგები: დევიდ მაკალისტერი, ანა ფოტიგა, ანდჟეი  ჰალიცკი  და სხვ.  „მნიშვნელოვან პოლიტპატიმრებად“  აცხადებენ, რითაც უზომო შეურაცხყოფასა და ტრავმას  აყენებენ   სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ წამებულ ადამიანებს და დახოცილთა ოჯახებს. ხოლო 2004 წელს  ი. ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნის დროს ქუჩაში დახვრეტილი  სრულიად უდანაშაულო  ახალგაზრდის ბუტა რობაქიძის  მშობლებისათვის  ამ პიროვნების  საზეიმოდ განთავისუფლება შვილის მეორედ მოკვლას ნიშნავს. მხოლოდ ეს ერთი მაგალითი რომ დავასახელოთ.

და თუ თქვენ მოგმართეთ და არა მემარჯვენე პოლიტიკოსებს,  იმიტომ,  რომ   სწორედ თქვენ ეწინააღმდეგებოდით სააკაშვილისა და მისი „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს და  თქვენთან, როგორც მწვანეთა პარტიის წარმომადგენელთან, საერთო ღირებულებები გვაკავშირებს.  და თუ თქვენი ეს  დამსახურება ჩვენს წერილში  სათანადოდ ვერ აღვნიშნეთ, ამისთვის  ბოდიშს გიხდით.

რომ შევაჯამოთ: თქვენ თქვენს კეთილშობილურ განზრახვებზე საუბრობთ,  რაშიც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ კი უმძიმეს რეალურ შედეგებზე გელაპარაკებით.

მადლობას მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტების შეხსენებისთვისაც, რომ სამართლიან სასამართლოს დამნაშავეებიც იმსახურებენ. ისიც  ცხადია, რომ  „ქართული ოცნების“ მართლმსაჯულება კრიტიკას ვერ უძლებს.  და  ფაქტი  ფაქტად  რჩება:  შიდა თუ გარე მიზეზებით, საქართველოს პარლამენტში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მონაწილეები და მხარდამჭერები სხედან.  და სამართლიანი სასამართლოც მათთვის არსებობს და არა რიგითი მოქალაქეებისთვის.

გარდა ამისა: გაკვირვებულები ვართ, რომ წერილის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან ნაწილზე  ერთობ  ზოგადად გვიპასუხეთ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ევროკავშირი იწყებს ევროპული  მწვანე კურსის განხორციელებას და ეს საკითხი უკვე განვიხილეთ კავკასიური სახლის საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან და მოსწავლეებთან ერთად.

იმედი გვაქვს, ევროპა შესძლებს 2050 წლამდე  ამ კურსის მთავარი მიზნების მიღწევას. მაგრამ იმ გიგანტური ჰესებისა  და წყალსაცავების მშენებლობა, ანუ  საქართველოს უნიკალური ეკოსისტემების განადგურება უკვე დაწყებულია და ჩვენი მაღალმთიანეთის უმწეოდ დარჩენილ მოსახლეობას  ახლა სჭირდება დახმარება. ჩვენ კი, სამწუხაროდ ბევრი არაფერი შეგვიძლია იმ ძალების წინააღმდეგ, რომელთაც ჩვენი ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებების გარდა, შესაძლოა,  გაცილებით უფრო ძლევამოსილი მოთამაშეები (მაგალითად, რუსეთი ან ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მსხვილი კორპორაციები) უმაგრებდნენ ზურგს. ეგებ მოიცალოთ და ამ  საკითხზეც გამოაქვეყნოთ კომენტარები თქვენს ვებგვერდზე, ან გვირჩიოთ, ჩვენ როგორ მოვიქცეთ.

თქვენ აღნიშნავთ, რომ საქართველოს მრავალ მეცნიერთან, ექსპერტთან და უბრალო მოქალაქესთან გაქვთ კავშირი. სიამოვნებით გიმასპინძლებთ კავკასიურ სახლში, რათა უშუალოდ ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია ის ქვეყანა, რომელმაც  მრავალი მიზეზის გამო სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის მიმართ მართლმსაჯულების აღსრულება ვერ მოახერხა;  რომელიც რუსეთის წინაშე ფაქტიურად მარტო დარჩა და  ვერაფერს   აკეთებს მცოცავი ოკუპაციის წინაღმდეგ;  ქვეყანა, სადაც   მასობრივი უმუშევრობა  და სიღარიბე ბატონობს და  რომლის  სასიცოცხლო სივრცესაც ლამის ერთიანად ძირავენ წყალში  .

P.S. ძალიან გაგვახარა თქვენს მიერ   გერმანელ-ქართველი მწერლის გივი მარგველაშვილის ციტირებამ.  კავკასიური სახლი უკვე მეოთხედი საუკუნეა, რაც ამ მართლაც გენიალური  მწერლის,  ფილოსოფოსისა და ენათმეცნიერის შემოქმედებას იკვლევს,  თარგმნის და გამოსცემს.  ეგებ პოლიტიკოსების მიერ კონტექსტს დაშორებული  ფრაზების ციტირებამ მაინც შეუწყოს ხელი  ამ  დიდი  შემოქმედების  უფრო სერიოზულ წაკითხვას.

საუკეთესო სურვილებით,

“კავკასიური სახლი”

ნაირა გელაშვილი, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ლორთქიფანიძე, თეა გალდავა, ივანე აბრამაშვილი“

როგორც აღვნიშნეთ, ვიოლა ფონ კრამონმა „კავკასიური სახლის“ პასუხის პასუხს კვლავაც უპასუხა:

„პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, მივიღე თქვენი მონაწერი. სამწუხაროა, რომ თამასა მიმოწერაში აგრძელებს დაბლა დაშვებას. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. შესაბამისად, იხილეთ ჩემი უკანსაკნელი პასუხი.

თქვენს პირველ წერილში არაერთგზის და ამავდროულად მცდარად დამდეთ ბრალი ზოგიერთი პოლიტიკოსის „პოლიტპატიმრად“ შერაცხვაში. ამ ცილისწამების განსამტკიცებლად ციტატად მოიყვანეთ თებერვალში გაკეთებული ჩემი კომენტარი ტვიტერიდან სადაც ვაცხადებ, რომ „პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელია და აზიანებს საქართველოს“. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ „პოლიტიკური ოპონენტი“ იგივეა რაც „პოლიტიკური პატიმარი“, მაშინ იძულებული ვარ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კარგად კითხვის აუცილებლობის შესახებ.

არგუმენტირების კიდევ ერთი მცდელობისას, თქვენ მახსენებთ ჩემ მიერ 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერას. ეს შეთანხმება, კვალავს რა გზას უფრო სამართლიანი, უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნებისკენ, დიდი მიღწევაა ქართული დემოკრატიისთვის. შესაბამისად, გასაკვირია არა ჩემ მიერ შეთანხმების მხარდაჭერა, არამედ თქვენი ჭოჭმანი შეახსენოთ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და მოსთხოვოთ სიტყვის შესრულება.

ბატონი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ ერთხელ უკვე გატეხა თავისი პირობა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა უფრო და უფრო ამსგავსებს მას სააკაშვილის საზარელ რეჟიმს. თქვენ თითქოს ასევე მიანიშნებთ, რომ მე უნდა ვიყო ანგარიშვალდებული იმაზე თუ რა თქვა ან არ თქვა ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა. თქვენ მიერ ჩამოთვლილ პირთაგან არცერთი არ არის ჩემი პარტიის წევრი. უფრო მეტიც, ისინი არიან ჩემი პოლიტიკური ოპონენტები. შესაბამისად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს არაეფექტურია ჩემგან მოითხოვდეთ განმარტებას ჩემი ოპონენტების იმ სიტყვებზე, რომლებსაც თქვენ მცდარად ისევ მე მომაწერთ.

თქვენ თუ ჩემი ოპონენტების სიტყვებზე განმარტების მოსმენა გსურდათ მაშინ თქვენი წერილი უნდა დაგესათაურებინათ მათი სახელებით და არა ჩემით. მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე გამალებით, აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზანი კი არა პოლიტიკური მოტივი გამოძრავებთ? თქვენი ნარატივი ორივე წერილში აშკარა მსგავსებას ავლენს „ქართული ოცნების“ ნარატივთან და იმეორებს რამდენიმე იმ პუნქტს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ.

თქვენსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედია კამპანია („პოლიტოლოგებად“ წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს წამოწყებაში მარტო არ მოქმედებთ. მე ვურჩევდი „კავკასიურ სახლს“, რომ ან იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური მოტივების შესახებ. ჩვენ, თქვენს მოკავშირეებს, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია განვიხილო თქვენთან სტუმრობის შესაძლებლობა, რათა ვისაუბროთ „სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე“ (რომელიც თითქმის 8 წლის წინ დასრულდა), მაგრამ უწინარესად მიმდინარე პრობლემებზე. ისეთ პრობლემებზე როგორებიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა რომელიც აბრკოლებს საქართველოს იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს. იმედი მაქვს, მომავალში მოახერხებთ თქვენს მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას და დაიწყებთ იმ ხიდების აღდგენას, რომლებიც უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა სამწუხაროდ ძლიერ დააზიანა. პატივისცემით, ვიოლა ფონ კრამონი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved