სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღემდე არსებობს და არა მხოლოდ არსებობს, არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიაა. ასევე სამწუხაროა, რომ დანარჩენი პარტიები ჩამოყალიბდნენ როგორც „ნაცმოძრაობის“ „ლეღვის ფოთოლი“, რათა დაფარონ მისი ცუდი მხარეები. ეს შეუძლებელია, ვინაიდან რაც არ უნდა ამტკიცოს „ნაცმოძრაობამ“, კარგი ვარო, ამას ვერ დაუმტკიცებენ ვერც დასავლეთს და ვერც ქვეყნის შიგნით, ამიტომ მას ამოეფარნენ პატარა პარტიები, რომლებიც დამოუკიდებელი თამაშის ნაცვლად „ნაცმოძრაობის“ მხარეს დადგნენ, – ამის შესახებ თოკ შოუში „არჩევნები 2021“ ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
„თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ეს პატარა პარტიები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ მე მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა. 2007 წელს „იმედის“ დარბევის შემდეგ ქვეყანაში საერთოდ არ არსებობდა დამოუკიდებელი მედია. ახლა ხშირად გვესმის, რომ მედია იჩაგრება და მას არ ეძლევა დამოუკიდებლად და თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა – ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ტელევიზია და მათ აქვთ მაღალი ხარისხის თავისუფლება. 2007 წელს „იმედის“ დარბევით ქვეყანაში ჩაქრა დამოუკიდებელი ტელევიზია. არსებობდა ერთი პარტია, იყო ერთი ტელევიზია და ამან ხელ-ფეხი გაუხსნა პარტიას, რომ რაც უნდოდათ, ის ეკეთებინათ. ეს გამოიხატა იმაში, რომ 100 000 ადამიანზე 570 პატიმარი გვყავდა და ეს მოხვდა თომას ჰამერბერგის ანგარიშშიც, ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. 300 000 პრობაციონერი გვყავდა 3,7-მილიონიან ქვეყანაში და ეს მხოლოდ რაც ვიცით, იმიტომ, რომ უამრავი ხალხი არ დაუჭერიათ და ფული გადაახდევინეს. ფაქტობრივად, ბავშვებიან-მოხუცებიანად რომ ჩავთვალოთ, 10-დან ერთს იჭერდნენ. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მან ასევე ისაუბრა ეკონომიკაზე და განაცხადა, რომ ქვეყანაში არანაირი საბაზრო ეკონომიკა არ გვქონდა.
„თუ გინდოდა, ყოფილიყავი ბაზრის მონაწილე, სააკაშვილს და მის დამქაშებს ამის უფლება უნდა მოეცათ შენთვის. თუ პირობითად ირაკლი რუხაძეს შემოჰქონდა ხორბალი, მეორე დღეს ეტყოდნენ, რომ ხორბალს აღარ შემოიტანდა, იმიტომ, რომ ხორბალი შემოაქვს კეზერაშვილს. ეს ხდებოდა ყველა მიმართულებით, თავისთვის მოუხერხებელი ჯგუფები გაწიეს გვერდზე და ყველაფერს აძლევდნენ საკუთარ ხალხს. ეს ფუნდამენტურად არღვევს ბაზრის მთავარ ღირებულებას – ვინც ყველაზე კარგადაა მორგებული რაღაც საქმეს, მან გაიმარჯვოს და მან აწარმოოს საქმე. როდესაც კეზერაშვილი შემხვდა და მითხრა, რომ „ბორჯომი“ უნდა მიმეყიდა დავით იაკობიშვილისთვის კონკრეტულ ფასად, რაც ერთი მეათედი იყო იმ ფასის, რომელიც გადავიხადეთ „ბორჯომში“. როდესაც უარი ვუთხარი, მეორე დღეს მანქანა ამიფეთქდა. ასეთი იყო ეკონომიკური გარემო. 2006 წელს გამოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი და განაცხადა, რომ რუსეთში რაც არ უნდა გავუშვათ ღვინის ნაცვლად, ისინი მაინც დალევენ. ამის შემდეგ რუსეთმა დაკეტა ბაზარი და აქ მოხდა კატასტროფა. ღვინის ქარხნები ვეღარ ყიდულობდნენ ყურძენს და უამრავი ოჯახი გაკოტრების პირას დადგა. ამ დროს სააკაშვილმა ღვინის პრობლემის მოგვარება დაავალა ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც თვითონ იყო მთავარი პრობლემა. ოქრუაშვილი მანამდე იყო გენპროკურორი, თავდაცვის მინისტრი, მისი ყველას ეშინოდა. ის დადიოდა ღვინის ქარხნებში და აძალებდა ხალხს, რომ ეყიდათ ყურძენი. დღეს, სურდო რომ გადაგივლის და აღარ გახსოვს, რომ გუშინ ცუდად იყავი – დღეს აღარ გვახსოვს, რომ ყურძენს ვყიდულობდით, როდესაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ღვინოსთან“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
კომენტარები