მწერალი, ლაშა ბუღაძე:
ინგებორგ ბახმანის სიტყვებით, კატასტროფის მიზეზი ყოველთვის ის პირველი შეცდომაა, რაც გამოგეპარა ან სათანადო მნიშვნელობით ვერ აღვიქვით, ჰოდა აი, ალბათ რამდენია ასეთი ჩვენს უახლეს ისტორიაში, მაგრამ უნგრეთის გამარჯვებაზე ფიქრში 2021 წლის მუნიციპალური არჩევნები გამახსენდა და იქნებ აქაც იყოს ჩვენი შეცდომის ერთ-ერთი პირველმიზეზი მთლად 2012 და 1992 წლამდე რომ არ ჩავიდეთ?! 2021 წელს ჯერ არც რუსული კანონები იყო მიღებული და არც პუტინი დასხმოდა თავს უკრაინას და ჩვენმა ოპოზიციონერებმა კი ივანიშვილს რამდენიმე დიდი ქალაქი წაართვეს პირველ ტურში: ხატია დეკანოიძემ – ქუთაისი, გიორგი კირთაძემ – ბათუმი, რუსთავი – დავით კირკიტაძემ (თუ სწორად მახსოვს), მაგრამ მაშინ ვერც ერთ ამ გამარჯვებაზე ვერ მოვახერხეთ კონცენტრირება, არადა როგორი გარღვევა იქნებოდა, მთელი საქართველო დარაზმულიყო და ქუთაისი და ბათუმი დაეცვა პირველი ტურის მერე – ამ ქვეყნის ორი ამხელა ქალაქი… მახსოვს, ამ არჩევნებამდე სააკაშვილი დაბრუნდა მისტიკური ფორმით და შემდეგ ყველა ამ მრავალნაწილიან და სრულიად უშედეგო თავგადასავალზე გადაერთო იმის მაგივრად, რომ მოპოვებულის მცდელობაზე ვკონცენტრირებულიყავით. თუმცა მაშინ ჯერაც არსებობდა ჩვენი საზოგადოების დიდი და ცხივრაბზუებული ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ აღიქვამდა ივანიშვილს ტოტალურ ისტორიულ სიმახინჯედ და მავნებლობად – ამისათვის პირველი რუსული კანონის მიღება გახდა საჭირო, თორემ იყო დრო, როცა ქოცების სასარგებლო იდიოტები მიკროფონებს გლეჯდნენ ხელიდან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს – ფონს უთქვენოდაც გავალთო. შემდეგ უკვე რეალობაც დამძიმდა და 24 წელს კულმინაციამდე მივიდა, როცა არჩევნები ცალსახა რუსულ სპეცოპერაციად იქცა. რატომ გვიჭირს ყოველთვის უმთავრესზე კონცენტრირება და რეალური, ქმედითი გაერთიანება, და რატომ ვერ ვიყენებთ შანსს მოცემულ კონტექსტში? ამაზე მგონი სათანადოდ არასდროს დავფიქრებულვართ – უკეთესის მოლოდინში უარესს ვიღებთ არსებულით უკმაყოფილონი. უახლოეს წარსულში რომ ვიყურები, უმეტესად იდიოტიზმს, ინფანტილიზმს, ცნობიერ მავნებლობას და შეცდომებს ვხედავ. უარეს სიტყვებს არ დავწერ.
















კომენტარები