ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დამფუძნებლის ირაკლი თავართქილაძის შეფასებით, კურორტ გოდერძიზე 2021-2022 წლის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა.
„ტურიტი, რომელმაც გადმოლახა რამდენიმე მთა, იარა ავტომობილით, ტრაქტორით, ჩავიდა გოდერძის უღელტეხილზე, დაბინავდა, გადაიხადა საკმაოდ ბევრი და ორი დღე გათიშული საბაგიროს გამო ვერ ისრიალა, არავის ურჩევს, რომ ჩამოვიდეს და ეს საშინელება გაიაროს”, – განაცხადა გადაცემა “საქმიან დილაში” ირაკლი თავართქილაძემ და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული ტურისტებს დიდ დისკომფორტს უქმნის.
“ხშირია ფაქტებიც, როდესაც სურვილის მიუხედავად დამსვენებლები ვერ ჩადიან კურორტზე, ხოლო ვინც ჩადის, სრიალს ვერ ახერხებს რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან დიდთოვლობის გამო, თანამშრომლები საბაგიროებამდე ვერ მიდიან, რომ ჩართონ, ამიტომაც დამსვენებლებს არ აქვთ სრული კომფორტი შექმნილი, რაც გარკვეულწილად კურორტის რეპუტაციასაც აზიანებს“, – თქვა ირაკლი თავართქილაძემ.
მისივე თქმით, კერძო სექტორი ყოველ წელს ერთსა და იმავე პრობლემაზე საუბრობს, მაგრამ რიგი საკითხები, ისევ მოუგვარებელი რჩება.
„ერთი პერიოდი თითქოს დაიწყეს გზის მშენებლობა და ტრაქტორები, თუ შესაბამისი აღჭურვილობაც გამოჩნდა ტერიტორიაზე, თუმცა რატომღაც ბოლომდე საქმე ვერ მიჰყავთ და დღემდე ვერ განვითარდა კურორტი, რომელსაც შეუძლია სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტებს“, – აღნიშნა “აჭარა ტურის“ დამფუძნებელმა.
კომენტარები