თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არავინ უჩივის. კალაძემ ჟურნალისტებს კითხვა დაუწუნა და ურჩია, ამ აკითხში უკეთ გარკვეულიყვნენ:
„თქვენ, სად წაიკითხეთ, უბრალოდ, რომ აპირებს სასამართლოს მიმართოს? ეს განცხადება არავის გაუკეთებია. თქვენ ვერ მაჩვენებთ ვერცერთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს უნდა მიმართოს. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი. გაერკვიეთ და შემდეგ დასვით შეკითხვა. გარკვეული რომ იყოთ, ამ შეკითხვას არ დასვამდით.
არავინ უჩივის სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში” ამბობს კალაძე.
ქართულმა ოცნებამ გუშინ ვრცელი განცხადება გაავრცელა, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა და დაწერა:
“…საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.”
კომენტარები