ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე “პალიტრანიუსთან” საუბრისას აცხადებს:
„პროკურატურის ბრიფინგით დღეს შევიტყვეთ, რომ ნიკოს საქმე არის გახსნილი, მაგრამ მე, დედამ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს საქმე არის გახსნილი გარკვეულ დონემდე. ეს საქმე მე აუცილებლად უნდა მივიყვანო ბოლომდე და დავასახელო, ვინ დაუკვეთა ნიკოს მკვლელობა – ეს იყო შეკვეთით მკვლელობა და შეკვეთილი მოტივით მკვლელობა. ჯერ ბავშვი ცოცხალი იყო, როდესაც იქ მდგომმა ადამიანებმა მოტივზე დაიწყეს საუბარი. მეორე დღესვე, ტაქსის მძღოლმა, რომელმაც მკვლელები წაიყვანა გარკვეულ მისამართზე, მოისმინა გარკვეული საუბრები, ეს საუბრები მოახსენა გამოძიებას, მაგრამ არანაირი სურვილი არ გამოუჩენია გამოძიებას, რომ თავის დროზე სწორ კვალზე გასულიყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელები პირველივე წუთებიდან ჟღერდებოდა. დაკითხვაზეც ამბობდნენ, რომ ძალიან უჭირდათ მათი დაკითხვა.
ძალიან ცუდი ფაქტია, მაგრამ პროკურატურამ დადო გარკვეული ფაქტები. მე არაფერს ვამბობ, მე არავის არაფერს ვაბრალებ, მაგრამ პროკურატურამ დადო გარკვეული ფაქტები და მე არ მაქვს უფლება, რომ ვთქვა, ის არ ყოფილა დამნაშავე-მეთქი. ეს არის პროკურატურის და გამოძიების ნამუშევარი და მათ გვითხრეს, რომ ის [ბუსა ჟვანია] არის დამნაშავე და ორგანიზატორი ამ მკვლელობის. ეს პროკურატურისგან გავიგეთ. [რატომ უარყოფს ნინო ქადაგიძე მისი შვილის კავშირს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან] ამას ვერ გეტყვით, ის დედაა და ალბათ, ძალიან სტკივა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა ბოროტებაზეა საუბარი, როდესაც ადამიანსაც კი არ იცნობ შენ და აორგანიზებ მის მკვლელობას ან რა შეხება უნდა ჰქონოდა? ძალიან აირ-დაირია თვითონ ეს ბრალი. ყველაფერი აიწეწა-დაიწეწა და ცოტა ძნელია თავის დადგმა, რომ მოტივს ერთს ამბობენ და ამ მოტივთან, რა მეგობრობა, რა შეხება უნდა ჰქონოდა მას. გავაგრძელებ ბრძოლას, სახელებით და გვარებით, არგუმენტებით ყველაფერს მოვუყვები საზოგადოებას, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო დამკვეთი, როგორ მოხდა და როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი… აუცილებლად, მეტსაც გეტყვით, ეს ადამიანები, ზოგიერთი მათგანი გარკვეულწილად, შეიძლება თანამონაწილეც და თავად დამგეგმავიც არის. ყველას სახელს და გვარს აუცილებლად გავაჟღერებ და ყველაფერს ვიტყვი”














კომენტარები