კოალიცია ძლიერი საქართველოს საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას თქმით, ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო სრულად, მყარად და საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ შანსს.
გრიგოლ გეგელია ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ქართული ოცნების დეზინფორმაცია.
გრიგოლ გეგელიამ ძლიერი საქართველოს სახელით სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის.
“ევროკავშირის სპიკერმა ღიად განაცხადა, რომ დღეს საქართველოს მართავს ე.წ. ხელისუფლება, რომელიც “რუსული სტილის შეთქმულების თეორიებს იყენებს და მიზანმიმართულად ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრას”. ეს არის პირდაპირი ტოლობის ნიშანი ქართულ ოცნებასა და რუსეთს შორის. ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო სრულად, მყარად და საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპული ინტეგრაციის ისტორიულ შანსს.
ბოლოდროინდელი თავდასხმები ევროკავშირის ელჩზე, ბატონ პაველ ჰერჩინსკიზე მხოლოდ გაგრძელებაა იმ რუსული საბოტაჟისა, რომელსაც ქართული ოცნება უკვე წლების განმავლობაში ეწევა საქართველოს მოსახლეობის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მსურს, ძლიერი საქართველოს სახელით დავაფიქსირო ჩვენი უპირობო მხარდაჭერა და სოლიდარობა ბატონი პაველ ჰერჩინსკის მიმართ”, – თქვა მან.
კომენტარები