საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირან-აშშ-ის ცეცხლის შეწყვეტის საბოლოო შეფასება ჯერ ადრეა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა აპრიორი ომს არ ასრულებს, მაგრამ იმ ფონზე, რომ 6 მარტს ტრამპი ირანისგან უსიტყვო კაპიტულაციას ითხოვდა – დღევანდელი რეალობა აშშ-ის გამარჯვება არ არის. როდესაც რამდენიმე საათით ადრე ცივილიზაციის განადგურებით იმუქრები და მერე ჰორმუზის სრუტის კონტროლსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს უტოვებ, ეს კარგად ნამდვილად არ გამოიყურება. მთავარია დარჩება თუ არა ეს რეალობა.
რა პოლიტიკური მიზნები ჰქონდა აშშ-ის?1. რეჟიმის შეცვლა ან მისი გახსნა და კოლაბორაციაში ჩაბმა;2. ჰორმუზის სრუტის კონტროლი;3. ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება და გამდიდრებული ურანის დათმობა;4. ირანის მოკავშირე რეგიონული ტერორისტული ქსელის დაფინანსების შეწყვეტა;5. ბალისტიკური პროგრამის განადგურება;6. დამატებითი და თანმდევი მორალურ-პოლიტიკური მიზანი კი ირანის რეჟიმის მხრიდან დაკავებული ხალხის დახსნა იყო.მოცემული ცეცხლის შეწყვეტით არათუ რჩება ირანში რეჟიმი, არამედ მის ხელშია ჰორმუზის სრუტის კონტროლი. თუკი აქამდე გავლა უფასო იყო, ახლა შესაძლოა ფასიანი გახდეს, თანხა კი რეჟიმთან წავა. ირანი არათუ არ წყვეტს ტერორისტული ქსელის დაფინანსებას, არამედ ისრაელის მხრიდან მათ წინააღმდეგ აქტივობის შეწყვეტასაც აყენებს დღის წესრიგში. ამას რამდენად დასთანხმდებიან ისრაელში – ჯერჯერობით საკითხავია.და ამ ყველაფერს ემატება ირანის მოთხოვნა სანქციების მოხსნისა და აშშ-ის დამრტყმელი ძალების რეგიონიდან გაყვანის შესახებ. ეს საკითხი განსაკუთრებით საინტერესო და დამამცირებელია ვაშინგტონისთვის და ვნახოთ აღსრულდება თუ არა.ამ ყველაფერში კი დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.რა არ ვიცით?– უცნობია ირანის გამდიდრებული ურანის ბედი;– უცნობია ირანის ატომური პროგრამის ბედი;– უცნობია ბალისტიკური პროგრამის ბედი;– უცნობია დაკავებული ხალხის ბედი;– უცნობია ისრაელზე ირანის თავდასხმისგან უარის მიღების გარანტიის საკითხი.ახლო მომავალში ვნახავთ, ეს ყველაფერი როგორ გადაწყდება ან როგორ გადაწყდა. საბოლოო შეფასება ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს. მაგრამ იმაზე მაღლა ახტომა რომ სცადა ტრამპმა, ვიდრე ამის პოლიტიკური ნება ჰქონდა – ეს ფაქტია: როდესაც ომში ებმები, ბოლომდე უნდა მიიყვანო ის. პოლიტიკური მიზნების ვერშესრულება, მოთხოვნების ქაოტური დაყენება და მათი ვერ მიღწევა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფოსთვის დამაკნინებელია.თუმცა დათქმა აუცილებელია: თუ ირანმა გამდიდრებული ურანიც კი არ დათმო და ბალისტიკური პროგრამაც გააგრძელა, ხალხი სახრჩობელაზე დაკიდეს და ამ ფონზე მას სანქციები მოეხსნა – ეს გამარჯვება კი არა, სერიოზული მარცხი იქნება აშშ-სათვის. მით უფრო იმ ფონზე, რომ არაბი მოკავშირეებიც უკმაყოფილოები არიან და ისრაელიც. ის, რომ ირანს ფლოტი პრაქტიკულად აღარ ჰყავს და საჰაერო თავდაცვა ინფრასტრუქტურასთან ერთად განადგურებულია – ომის მოგებას ნამდვილად არ ნიშნავს. ვიეტნამში ბრძოლა არ წაუგია აშშ-ის, მაგრამ ვინ მოიგო ომი კი ვიცით. ყველაფერი რაც დაბომბილია – აღდგენადია.რამდენიმე საინტერესო და საშუალო ვადაში მნიშვნელოვანი კითხვა: პირველი: რას იზამს ისრაელი? დასთანმხდბა ამ მოცემულობას და შეგულიანებულ და გამოცოცხლებულ ირანსა და მათ მოკავშირეებს?მეორე: რა მოხდება ირანის შიგნით? რეალურად ვინ წარმართავს ირანის შიდა პოლიტიკას და ეკონომიკას? რამდენად მყარი იქნება მოჯტაბა ხამენეის ლეგიტიმაცია? რეჟიმი უფრო ხისტი გახდება თუ უფრო ლიბერალური? დასუსტებული ეკონომიკის ფონზე როგორი იქნება ხალხის ქცევა?შიდა პოლიტიკა ისრაელშიც საინტერესოა: ნეთანიაჰუს პოზიციები გაძლიერდება დასუსტდება თუ გაძლიერდება?ერთადერთი რაც ამ ომში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ტრამპის არათანმიდევრულობაა.გავიმეორებ, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულებას პირდაპირ არ ნიშნავს. მაგრამ იმ მუქარების ფონზე, რაც აშშ-ს მხრიდან იყო, ცეცხლის შეწყვეტა სასურველი პოლიტიკური მიზნის მიღწევის გარეშე ცალსახა სისუსტედ გამოიყურება. მომდევნო დღეებში უკეთ გამოჩნდება სურათი. წნეხი ტრამპზე ბევრი მხრიდან იქნება – იზოლაციონისტებიდანაც და ქორებიდანაც. რომელი ფრთა გაიმარჯვებს და ვინ რას მიიღებს – ვნახოთ. შემდეგ კი საბოლოო შეფასებაც გაკეთდება.პ.ს. და მთავარი – ამ მოცემულობის დარჩენის შემთხვევაში თუკი ვინმე შეგულიანდება ეს ავტოკრატიული რეჟიმები არიან. ჩინეთიც კმაყოფილია. ტაივანი კი ძალიან უკმაყოფილო. ვნახოთ გამოიყენებს თუ არა აშშ-ს მდგომარეობას ჩინეთი და გააქტიურდება თუ არა ტაივანის მიმართულებით.
















კომენტარები