ამ თავგადასავალს 2 მთავრი გმირი ჰყავს – გაშვილებული გოგონა და შვილწართმეული დედა, რომლებიც ერთმანეთს 44 წლის განმავლობაში ეძებდნენ. 4 თვის წინ, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, იძულებით დაშორებული დედა-შვილი განგებამ ერთმანეთს ისევ შეახვედრა.
ყველაფერი ასე დაიწყო…
ზუსტად 44 წლის წინ, მცხეთელმა ახალგაზრდა შეყვარებულმა წყვილმა იქორწინეს. რძალი ბიჭის ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მშობლებს სარძლოდ სხვა ჰყავდათ შერჩეული. ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული წყვილი ვერაფერმა დააშორა. შეუღლებიდან რამდენიმე თვეში ახალ დაქორწინებულებმა შეიტყვეს, რომ მალე მშობლები გახდებოდნენ. დედამთილისთვის რეალობასთან შეგუება რთული აღმოჩნდა. იმ იმედით, რომ მისი შვილი ცოლს მაინც დაშორდებოდა, ყველაფერზე წავიდა. გადაწყვიტა ბავშვის გაჩენისთანავე შვილიშვილი გარდაცვლილად გამოეცხადებინა და პატარა გაეშველებინა.
ფიქრობდა, რომ შვილი მათ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებდა და ამის თავიდ ასაცილებლად ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა. 9 თვის თავზე 1977 წლის აპრილში თბილისის მე-5 სამშობიაროში გოგონა დაიბადა, ეკატერინე დაარქვეს. 3 კვირის შემდეგ, დედას იძულებით წაართვეს შვილი. ახალ ნამშობიარევ ქალს უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. პატარა გოგონა თითქმის ორ წლამდე ბათუმის თავშესაფარში იზრდებოდა. მერე კი გააშვილეს.
ფსიქოლოგიურად განადგურებული ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან დარჩა. დედამთილის მოლოდინი არ გამართლდა. მისი შვილი და რძალი ამ ტრაგედიამ კიდევ უფრო დააახლოვა. მას შემდეგ 16 წელი ერთად იცხოვრეს. მკურნალობის მიუხედავად, წყვილს შვილი აღარ გაუჩნდა. დედამთილს კი, რომელიც მთელი ცხოვრება რძალს ებრძოდა, სიმსივნე აღმოაჩნდა და საწოლს მიეჯაჭვა. გარდაცვალებამდე მძიმე მდგომარეობაში მყოფ დედამთილს მისგან უარყოფილი რძალი უვლიდა. მერე მამაკაცი სასმელს მიეძალა და მათი ოჯახი დაინგრა.
ქალს მეორე ოჯახი აღარ შეუქმნია. მთელი ცხოვრება შვილს ეძებდა. ბოლომდე სჯეროდა, რომ გოგონა, რომელიც 44 წლის წინ, გააჩინა, გაშვილებული იყო. დედის გული არ შემცდარა.
„პრაიმტაიმთან“ იმ ქალბატონის და საუბრობს, რომელსაც 44 წლის წინ შვილი წაართვეს.
„ჩემს დას დედამთილი მთელი ცხოვრება უმტკიცებდა, რომ ბავშვი გარდაცვლილი ყავდა. მას კი ჯიუტად სჯეროდა, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო, რადგან გარდაცვალების ცნობა არ აჩვენეს. კიდევ ბევრი დეტალი იყო, რაც არადამაჯერებელს ხდიდა ბავშვის გარდაცვალების ვერსიას. მაშინ, ჩემი და 18 წლის იყო. ამ ამბიდან დაახლოებით 1 წლის შემდეგ, ჩემს დას ნაცნობი შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ვიცი, რომ ეგ ოჯახი მთელი ცხოვრება არ გაგახარებს, მაგრამ სიმართლე უნდა გითხრა, შენი შვილი ცოცხალია და ქუთაისში იზრდებაო. მაშინვე დავიწყეთ ძებნა, მაგრამ ვერსად მივაგენით. ეს ფაქტი არც ჩემს დას და არც მე მთელი ცხოვრება არ გვასვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ დედამთილმა სული ჩემი დის ხელებში დალია, ბოლომდე ამბობდა, რომ ბავშვის შესახებ არაფერს ამბობდა. ჩემს ყოფილ სიძესაც ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი შვილი დაღუპული იყო…
დაახლოებით, 4 თვის წინ, გადავწყვიტე სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დამეწერა ჩვენი ოჯახის ისტორია. უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. მათგან ერთ-ერთი გოგონას ისტორია ძალიან ჰგავდა ჩვენსას. მერე ერთმანეთს დავეკონტაქტეთ და საბუთები, რომ ნახა, ზუსტად იგივე წელში, თვესა და რიცხვში იყო დაბადებული. დაბადების მოწმობაშიც ნამდვილი სახელი და გვარი ეწერა. ორივემ დავიწყეთ დამოუკიდებელი გზებით საერთო ნაცნობების ძებნა, ვისი დახმარებით მოხდა მისი გაშვილება. ბევრმა გვლანძღა, ბევრმა სოციალურ ქსელში მიგვბლოკა. ამ ისტორიის გახსენებამ ბევრი იმდენად გაანაწყენა და გააღიზიანა, რომ არ მოინდომეს ამ თემაზე საუბარი.
გარკვეული მიზეზების გამო დეტალებს ვერ მოვყვები. მოკლედ, რომ გითხრათ, ვისაც შეიძლებოდა სცოდნოდა ეს ისტორია, არავინ არაფერი გვითხრა. ერთმა ისიც გვითხრა, შენი დის თანხმობა იყო და იმიტომაც გაააშვილესო, რაც დიდი ტყუილია. რამდენიმემ არ დაგვიმალა და ისიც გვითხრა, რომ ამ თემაზე ვერ დაგველაპარაკებოდნენ, რადგან ეშინიათ.
საბოლოოდ ყველა დეტალი ისე დაემთხვა, რომ დავრწმუნდით, რომ გოგონა, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდით, ნამდვილად ის არის. საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩემი დისშვილი ჭიათურაში გააშვილეს.
3 თვის წინ, დედა-შვილმა 44 წლის შემდეგ ერთმანეთი პირველად ნახეს. ეს იყო ერთდროულად დიდი სიხარულითა და ტკივილით სავსე წუთები. იმ ემოციების გადმოცემა ახლაც მიჭირს.
ჩემი და 64 წლისაა, ჩემი დისშვილი კი 44 წლის. ახლა, მათ ხშირი ურთიერთობა აქვთ, ეკატერინე დედასთან ხშირად ჩამოდის თბილისში. “ – ამბობს ანა ინალიშვილი.
მთელი ცხოვრება ვეძებდი დედას!
44 წლის შორენა მუმლაძე, წარსულში კი ეკატერინე ბაზალელი, 13 წლის იყო როცა მეზობელმა უთხრა, რომ დედა, რომელიც ზრდიდა მისი ბიოლოგიური მშობელი არ იყო. როცა ეს ამბავი სახლში თქვა, დედამ უთხრა, რომ ამ საკითხზე აღარ ეფიქრა, რადგან დიდი ტყუილი იყო და პირობა დაადებინა, რომ ამ თემას აღარასდროს შეეხებოდნენ.
„ჭიათურაში ვიზრდებოდი. ერთხელაც კი არ გამჩენია ეჭვი, რომ შეიძლება ნაშვილები ვიყავი. დედა მზრდიდა, მამა ჩემს აყვანამდე გარდაცვლილა. 13 წლის ვიყავი ქუჩაში ბავშვები ვთამაშობდით. მეზობლის კაცი მოვიდა და მითხრა, დედაჩემზე, იცი, რომ სუსანას ნაშვილები ჰყავხარო. მაშინ, ვერც მივხდი ეს სიტყვა რას ნიშნავდა. სახლში, რომ მივედი დედას ვუთხარი, მეზობელმა ეს მითხრა-მეთქი. ეგ სიმართლე არ არის და საერთოდ დაივიწყეო.
მე რომ დავიბადე გამზრდელი დედა 48 წლის ყოფილა. მერე ბევრი კითხვა გამიჩნდა. ამ ამბიდან რამდენიმე წელში სკოლაში დამლაგებელმა მითხრა, როგორ მეცოდები ნაშვილები რომ ხარო. მაშინ კი დავიჯერე, რომ ნამდვილად ნაშვილები ვიყავი. იმდენად მიყვარდა ჩემი გამზრდელი დედა, რომ არ მინდოდა გული მეტკინა მისთვის და არაფერი აღარ მითქვამს. სახლში დავიწყე ჩემი დაბადების მოწმობის მოძებნა. ამ ძებნაში გადავაწყდი საბუთს, რომელიც შვილად აყვანის დოკუმენტი აღმოჩნდა. მართალია, იქ არ წერია ჩემი ბიოლოგიური მშობლების სახელი და გვარები, მაგრამ ჩემი სახელის და გვარის ნაცვლად სულ სხვა რამ ეწერა. ეს საბუთი მივუტანე დედას და ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. წამართვა და დამიმალა.
სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს ჩემი გამზრდელისგან. არასდროს არაფერი მაკლდა. თუ რამე შემოდიოდა, უბანში ყოველთვის პირველს მქონდა. ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ამის გამო, ჩემი გამზრდელი დედის ყოველთვის მადლიერი ვიქნები. პატივს ვცემდი და არ მინდოდა გული სტკენოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ დავიწყე ჩემი ვინაობის მოკვლევა.
2017 წელს გადაცემა „პროფილშიც“ მივედი. ჩემი ისტორია მოვყევი. მეგონა, რომ ვინმე გამომეხმაურებოდა, მაგრამ ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო. თუმცა, დედაჩემის სანათესაო განაწყენდა. გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ, აღარავინ მელაპარაკება. თავს დამნაშავედ არ ვთვლი, რადგან ჩემი გამზრდელი დედის სიცოცხლეში მისთვის ტკივილი არ მიმიყენებია. მისი გარდაცვალების შემდეგ ბიოლოგიური მშობლის ძებნა დავიწყე. მას შემდეგ დედას სულ ვეძებდი.
რამდენიმე თვის წინ თურქეთში წავედი სამუშაოდ. ერთ საღამოს, სოციალურ ქსელში გადავაწყდი ერთი ქალბატონის ისტორიას, რომელიც თავის დაზე და დისშვილზე წერდა. რაღაცით ძალიან ჰგავდა ჩემს ამბავს. მაშინვე დავეკონტაქტე და ბევრი რამე დაემთხვა. როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მე ის ვიყავი, ვისაც ისინი ეძებდნენ და პირიქით, თურქეთიდან მაშინვე ჩამოვედი. სანამ დედაჩემს დავეკონტაქტებოდი, მანამდე დეიდა გავიცანი. სწორედ დეიდა აღმოჩნდა ის ქალბატონი, რომელმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რითაც 1977 წლის აპრილში მე-5 სამშობიაროში დაბადებულ გოგონას ეძებდნენ.
4 ოქტომბერს წამოვედი თურქეთიდან 8 დღე კარანტინში ვიყავი. 14 ოქტომბერს თბილისში, დედასთან შესახვედრად ჩამოვედი. მანამდე ტელეფონით ვესაუბრე. ვერ აღგიწერთ რა ემოციები და განცდები მქონდა, როცა ტელეფონზე ვესაუბრებოდი ქალბატონს, რომელიც ჩემი ბიოლოგიური დედაა. მისი ხმა იმდენად მშობლიური იყო, რომ არ მქონია განცდა თითქოს უცხო ქალბატონს ვესაუბრებოდი.
თბილისში დედას სახლში მივაკითხე. თან ნათესავი გოგონა მახლდა. ბინაში დედასთან ჩემი ნათესავები დამხვდნენ. მარტო ამ შეხვედრისთვის ღირდა მთელი ცხოვრება. ყველა ვტიროდით, განსაკუთრებით მე და დედაჩემი. კარგა ხანს ხმას ვერ ვიღებდით. მიუხედავად იმისა, რომ გამზრდელ დედას ჩემთვის არაფერი დაუკლია, დედის სითბო მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემს ბიოლოგიურ დედას ჩავეხუტე. მას შემდეგ მასთან ძალიან ხშირად ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ერთი ახლახანს დაქორწინდა. ხან ჭიათურაში ვარ და ხან თბილისში. ერთი კვირით ჩამოვდივარ და მინდა შეძლებისდაგვარად ავინაზღაურო ის წლები, რაც მე და დედამ დავკარგეთ. საოცარი განცდაა, როცა მე და დედა ერთ საწოლში ვწევართ და მას ჰგონია, რომ მძინავს, ხელით მეფერება. ამ დროს მღვიძავს და ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვარ. მყავს მამა, რომლის გაცნობასაც ვაპირებ. მინდა უბრალოდ ვნახო როგორია.
ჩვენი ისტორია ზღაპარს ჰგავს. მინდა, ყველა იმ ადამიანს მივმართო, რომელიც გააშვილეს, იმ დედებს, რომლებსაც შვილები წაართვეს და გაუშვილეს. სჯეროდეთ, რომ თუ მოინდომებენ, ერთმანეთს ნამდვილად იპოვიან. ამის ცოცხალი მაგალითი მე და დედაჩემი ვართ… მადლობა ღმერთს, რომ დედა მაპოვნინა.“ – ამობს შორენა.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები