საზმაუს ყოფილი დირექტორი გია ჭანტურია ზვიად გამსახურდიაზე იხსენებს:
,,1988 წელია, ეროვნული მოძრაობა ძალებს იკრებს, უნივერსიტეტში მიტინგია, მაშინაც იგივეს გვიყიჟინებდნენ, რომ პოლიტიკოსები არ უნდა გაგვეკარებინა ახლოს. სტუდენტებში დიდი კამათის მერე გადაწყდა, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, “არაფორმალებს” მიტინგს არ ჩავატარებინებდით… სწორედ ამ დროს მოვიდა ინფორმაცია, რომ ზვიადი მსვლელობით მოდიოდა უნივერსიტეტში! რახან გადაწყდა, რომ თსუ-ს ეზოში მხოლოდ ჩვენი სამიტინგო არეალი იყო, არ უნდა შემოსულიყვნენ! თუმცა ზვიადის გამოჩენამ, სრულიად ბუნებრივად წესები შეცვალა და შეთანხმება ბევრს დაავიწყა…18 წლის ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მე ლიდერების შემოსვლის წინააღმდეგი არ ვიყავი, მაინც ვიწყინე შეთანხმების დარღვევა, თან იმათგან ვინც “პოლიტიკოსების” არ შემოშვებას დაუჭირეს მხარი. ჩავედი ვარაზის ხევში და სკამზე ცხვირჩამოშვებული დავჯექი. მესმის მიტინგის ხმები! მეგაფონის გარეშე ცოტა გაურკვევლად ისმოდა, თუმცა ტაშით და შეძახილებით ნათელი იყო რაც იქ ზვიადმა დაატრიალა. რამოდენიმე წუთში მსვლელობა ვარაზის ხევზე დაეშვა, წინ ზვიადი მოუძღვის ხალხს, ხელში მეგაფონი უჭირავს… უცებ ზუსტად ჩემს პირდაპირ შეჩერდა და ხმამაღლა იკითხა, ვინმეს მეგაფონის შეკეთება თუ შეგიძლიათო, ეს გაბუტული კაცი უცებ ავენთე, მივარდი და მომეცით მოუხერხებ რამესთქო… მომაწოდა მეგაფონი, დინამოზე მივდივართ და თუ დაგვაწევს დიდი საქმე იქნებაო. დაიძრნენ, მე საკამზე ჩამოვჯექი და “ხმის” შეკეთება დავიწყე! მომიწია კბილებით კაბელების გაფრცქვნა და გადაბმა, მერე ავაწყვე, ღილაკს თითი დავაჭირე და სასიამოვნო ჟღრიალი გავიგონე! დავალება შევასრულე! მივრბივარ რაც ძალი და ღონე მაქვს, აი ხალხიც გამოჩნდა, უკვე სტადიონის ღობესთან არიან, დავინახე ზვიადი, მივაჭერი და გაუწოდე მეგაფონი, აი გავაკეთე ბატონო ზვიად, ისე შემაქო თითქოს რამე გმირობა ჩავიდინე, არ დაგივიწყებს სამშობლოო, მერე ჩართო და მატჩიდან გამოსულ ხალხს მიმართა, ვერც ერთ სიტყვას ვერ ვიხსენებ, მაგრამ განცდა მახსოვს დაუვიწყარი! ძალიან დიდი და სუფთა კაცი, ძალიან მართალ და გულწრფელ სიტყვებს ამბობდა და ამაში სულ მცირე დამსახურება, ჩემს ჩხირკედელაობასაც ქონდა! ასე შევხვდი პირველად ადამიანს, რომლის დამსახურებაც განუზომელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში! არ დაგივიწყებს სამშობლოო მე კი მითხრა, მაგრამ იყო დრო, როდესაც სამშობლომ მისი გაკეთებულიც კი დაივიწყა! წლების მერე დავიწყეთ ამის გახსენება და დღესაც ცდილიბენ ეს მეხსიერება ჩაკლან! როცა ვხედავ, რომ მისი მტრები დღეს ზვიადის პატივისმცემლებად გვევლინებიან, ჯერ ვბრაზდები მათ ფარისევლობაზე, მერე კი ვაცნიბიერებ, რომ მათ ზვიადი ვერ დაამარცხეს, ვისაც ებრძოდნენ მის სახელს ამოფარებულები ცდილობენ კაი კაცებად გამოჩნდნენ, ძალიან დაპატარავდა ყველა ვინც მას განუდგა, უღალატა, არ ენდო, ესროლა, გაასამართლა! ზვიადს გაუმარჯოს! დიდ ერის კაცს! საქართვლეოს პირველ და უპირველეს პრეზიდენტს! სამშობლო არასდროს არ დაგივიწყებთ ბატონო პრეზიდენტო”














კომენტარები