• რეკლამა
  • კონტაქტი
22:39, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ჩემი ეპიკური „სულს ამოგხდით“ გამახსენდა… რა თქმა უნდა შემეშალა, ემოციურ ფონზე რაღაც ვერ გავითვალისწინე” – გივი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
20:40 11-05-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
214

გივი თარგამაძე საპატიმროდან წერილს აქვეყნებს:

,,რუმინელებს საშინლად არ უყვართ ზედმეტი კითხვები დრაკულაზე. ყოველთვის ცდილობენ მოკლე პასუხით გაგისტუმრონ და აშკარად გაღიზიანება ეტყობათ. ერთი იქაური მეგობარი მყავს, ძალიან კარგი და დალაგებული კაცი. იმან მითხრა, ნაღდი დრაკულა, გრაფი, მაგარი იყოო. რაღაც ამბავში თქვენაირიო – პატრიოტი და რეფორმატორი, თანაც, თურქებთან საარაკოდ იომაო. დიდი ავტორიტეტი ჰქონადაო. როდესაც გერმანელების პრობლემა გახდა, ისინი მიხვდნენ, უცბათ, რომ მოეკლათ, ძალიან დაზარალდებოდნენო. ამიტომ, სპეციალური დეპარტამენტი შექმნესო, პროპაგანდისტური, გერმანულად, მეთოდურად იმუშავეს, ათასი საშინელება დააბრალეს, ნამდვილ ურჩხულად დახატეს და როდესაც ამ ვერსიით უმრავლესობის ტვინები გააჯერეს, ადვილად მოიცილესო. რუმინელებმა სიმართლე იციან, ყოველთვის იცოდნენ, უბრალოდ მაშინ ეს სიმართლე ვერ კი არა, არ დაინახეს და ახლაც არ უნდათ აღიარება, თუმცა თან რცხვენიათ და ამიტომ არ სურთ ამ თემაზე საუბარიო.
რა თმქა უნდა, ჩემი ეპიკური „სულს ამოგხდით“ გამახსენდა და დღევანდელობის კვალდაკვალ პირიქით გავუშვი. მხოლოდ კონტექსტი, იმ ორი სიტყვის გარდა „რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე. ჩვენ რუსთაველსაც დავიცავთ, თბილისსაც დავიცავთ, მთელ ქვეყანას დავიცავთ!“ აკვდება, არა? სინამდვილეში მაშინაც აკვდებოდა. იმიტომ, რომ მაშინაც ზუსტად იგივე ხდებოდა.
მაშინ წინა ოლიგარქი ზუსტად იგივეს გაკეთებას ცდილობდა ქვეყნისთვის, რაც ამან გაუკეთა. ზუსტად. ერთი ერთში. მხოლოდ ოლიგარქის სახელი უნდა შეცვალო. დანარჩენი ყველა შემსრულებელი პერსონალურ დონეზეც კი იგივე იყო.
რუსები, ფე-ეს-ბე, მთელი ქურდული, კრიმინალური სამყარო, აქაური ელიტები – სახელ-გვარებით ყველა იგივე. მეც ეს ვიცოდი.
მინსკიდან რუსების მხარდაჭერით მიმდინარეობდა ტოტალური შეტევა საქართველოზე. მოგვიანებით ეს იქითა მხრიდან მოქმედმა პირებმა დამიდასტურეს და თავად ლუკაშენკომაც, გრძელი ისტორიაა, როდისმე მოგიყვებით. მათი ნათქვამით მე კიდევ ყველაფერი არ ვიცოდი იმ მომენტში და საქმე კიდევ უფრო მძიმედ იყო.
მოკლედ, მე მაშინ ჩემს ცოდნაზე დაყრდნობით მივმართე ოლიგარქს და ყველას, ვინც შეტევას ახორციელებდა. შევპირდი მათ, რომ ქვეყნის მთავარ გამზირს, დედაქალქს და თავად ქვეყანას დავიცავდით და ის ორი უხეში სიტყვაც დავაყოლე. დავაყოლე, რაღა თქმა უნდა, იმიტომ კი არა, რომ ავადმყოფი ვარ და განურჩევლად ყველა ადამიანი მძულს. ემოციურად დავაყოლე და მხოლოდ მათთან მიმართებაში. თითქოს სასაცილოა, ახლა ამას რომ ვწერ, მაგრამ გასულმა ცხრამეტმა წელიწადმა მაჩვენა, რომ სულაც არ ყოფილა სასაცილო.
თურმე, იქვე უნდა დამემატებინა განმარტება, რომ ამ არამზადების მიმართაც კი სულის მექანიკურ ამოგლეჯას, ანუ მოკვდინებას, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობდი. ვგულისხმობდი მათი გამყიდველი ნატურის, სულისკვეთების გამოაშკარავებას და ამ გზით მათ შეჩერებას.
რა თქმა უნდა შემეშალა, ემოციურ ფონზე ვერ გავითვალისწინე, რომ იქითა მხრიდან აუცილებლად იქნებოდა ჩასაფრება. იქით ხომ რუსული პროპაგანდის კარგად გამართული მანქანა მუშაობდა, იგივე, რომელიც დღესაც მუშაობს, ტელეკომპანია „იმედი“. დღესაც ისაა, ასე ვთქვათ, დედა ორგანიზაცია, დანარჩენი პროპაგანდისტული არხები მხოლოდ მისი ასლებია.
რა თქმა უნდა, პროპაგანდის ეს სისტემა წინა ოლიგარქის შექმნილია, აბა გლუვს ასეთი რამეების შექმნის თავი საიდან? მხოლოდ უკვე შექმნილის კოპირება. აი წინას კი თავიც ჰქონდა და გამოცდილებაც. ის ხომ ამ ბოროტების სათავის, რუსეთის მთავარი სახელმწიფო პროპაგანდისტული არხის, ო-ერ-ტე-ს გენერალური დირექტორი იყო თავის დროზე, ტყუილად კი არ გვირჩევდა მუდმივად მისი ბექგრაუნდის კარგად გახსენებას.

როგორ იმუშავა ჩასაფრებამ ზუსტად გეტყვით, ვინაიდან, პირველად გამოგიტყდებით და უშუალოდ ამ პროდუქტის, „სულს ამოგხდით“ ბრენდის შემქმნელს არა მხოლოდ ვიცნობ, არამედ, ამჟამად ვმეგობრობ კიდეც. ასე უცნაურად, როგორც იცის ხოლმე, გამორიყა ცხოვრებამ იქითა ნაპირიდან ჩემთან.
მან მომიყვა, გაფაციცებით ვუსმენდი ყველა შენს გამოსვლას, ჩართვას, იმ იმედით, რომ სადღაც მაინც მოსრიალდებოდიო. ეს სანუკვარი „სულს ამოგხდით“, რომ გავიგე, კონტექსტი აღარც მომისმენია, მაშინვე მოვჭერი, ეფექტისთვის სამჯერ ზედიზედ გადავამონტაჟე და გადავავსე ამ პროდუქტით ყველაფერიო.
ციხეში შესვლის წინ დავურეკე და მივულოცე, რომ ცხრამეტიწლიანი მტკივნეული ჭინთვების შემდეგ მისმა ძროხამ ხბო მოიგო, მისი „პროდუქტის“ გამოისობით, გვიან, მაგრამ მაინც ციხეში მოვხვდი. მივხვდი მაშინ, როდესაც ვიჯექი ჩემთვის სხვენში და ბევრს აღარც არავინ მეკითხებოდა. დაპატიმრების საფუძველი სულ ორი ოფციისგან შედგებოდა – რუსებს ესიამოვნებათ და ცხრაწლიანი „რეჟიმის“ „პირსისხლიანობის“ ყველაზე მეტყველი სიმბოლოს დატყვევება, როგორც იქნა.

ამდენი წელი მირტყამდნენ წრეებს, მაგრამ ვერაფრით ჩამიგდეს ხელში, იმედი რომ გადაეწურათ, მოკვლა გადაწყვიტეს, გადავრჩი და აი ძლივს მიიღეს საშუალება, რომ თუნდაც ყველაზე იდიოტური ბრალდებით, თუნდაც თვეებით, მაგრამ – ციხეში გამიშვეს.

ცხრამეტი წლის წინ, ჩემი ამჟამინდელი მეგობრის შექმნილმა პროდუქტმა საზოგადოების აბსოლიტურ უმრავლესობას დააჯერა დაახლოებით ასეთი რამ – მე ვეღარ მოვთოკე ბოროტი შინაგანი ნატურა, გავშლეგდი, დავერიე განურჩევლად ყველას, ბრტყელტუჩათი ვგლეჯდი სულებს, რომლებსაც ტყიბულის ერთ-ერთ მიტოვებულ მაღაროში ვასაწყობებდი და ამ მარაგებიდან ზაფხულისთვის საწებელს ვამზადებდი, ზამთრისთვის – მურაბას და კომპოტს.

ჩემს აფეთქებაზე ქოცების სასამართლომ ასეთი ვერსია წარმოადგინა – ვინმე მოქალაქე დარჩო ხეჩუაშვილმა ერთ ჩვეულებრივ დილას გაიღვიძა და უეცრად, ყოველგვარი შეკვეთისა და დავალების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ არ მიცნობდა და ჩვენი გზები არასოდეს გადაკვეთილა, ჩემს მიმართ ისეთი მიუღებლობა იგრძნო, რომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მოვეკალი, მანქანის ქვეშ ბომბი ამომიდო და გამოკრა. ამას ხომ ვერასოდეს დავიჯერებ? უბრალოდ წარმოუდგენელია. აი ჩემზე კი უარესი სიგიჟე დაიჯერეს. იმ მწვავე დაპირისპირების, პროპაგანდის მუშაობით დაგროვილი ბრაზის ფონზე დაიჯერეს უპრობლემოდ. უფრო ზუსტად, დაიჯერეს კი არა, ამ ფორმით მიწოდებული მიიღეს და დაეთანხმნენ.
არავის გაურკვევია კონტექსტი, არ უკითხავს, კი მაგრამ, რატომ, რამ გაამწარა – არა, იმიტომ, რომ სიმართლე კი იცოდნენ, მაგრამ ეს ვერსია ერჩივნათ. ეს ვერსია მიიღო, მგონი, ყველამ ვინც ჩემთან ახლოს არ ურთიერთობდა. უახლოესი წრის მიღმა არც არვინ იძახდა, კარგი, რა სისულელეაო. შესაბამისად, როდესაც, ჯერ კიდევ ჩვენი ხელისუფლების დროს და მერე ხომ მითუმეტეს, სახლთან მივარდებოდნენ, სადარბაზოს მიხატავდნენ, ბავშვებს მიკოშმარებდნენ, ყველა იძახდა, აბა რა ეგონაო.
პუტინმა როდესაც თქვა, ეგ კაცი არ დაიცვათო – აქედან პასუხობდნენ – არაო, ამის დამცველი არავინააო. რუსებმა ძებნაში, რომ გამომაცხადეს – ირბინოს ახლა, ჩვენ ხომ დაგვსდევდაო. როცა ამაფეთქეს – რით ვერ ჩაძაღლდაო. კოვიდმაც, რომ ვერ მომკლა – რა გახდა ბოლოს და ბოლოსო.
ასე მოვედი დღევანდელ დღემდე. ქვეყანაში, სადაც ენის ამოდგმისთანავე ყველაზე საყვარელი ადამიანები სასწრაფოდ ასწავლიან საზარელ საბავშვო სიმღერას – ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა (ვინც ვინმე მოგვიკლას ან რამე დიდი უბედურება კი არ დაგვმართოს – უბრალოდ ცუდი რამე თქვას) ჩემი ქვეყნის გამყიდველების მიმართ იგავურად ნათქვამი ორი სიტყვა გამოდგა მიუტევებელი ცოდვა.
მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ მოვიხადე ბოდიში დაკონკრეტებით – ჩემს მიერ ნათქვამი მათ არანაირად არ ეკუთვნოდათ, ვინც მაინც თავის თავზე მიიღო – მაინც ბოდიში. სამჯერ. პირველ ორ ჯერზე კარგად თუ ვერ გაიგეს. ბოლოს მივხვდი, რომ ეს მცდელობა ფუჭია, რადგან უბრალოდ არ მიიღებენ ფაქტს, რომ წლების წინ პროპაგანდის მსხვერპლად იქცნენ. ისინი ხომ ისეთი მაგრები არიან, ვერანაირი პროპაგანდა ვერ მოერევა და სჯობს, ისევ მე დავრჩე ურჩხულად, ვიდრე ეს მორევა აღიარონ.
დღეს, ტელევიზორს, რომ ჩავრთავ, სანამ გამოვრთავ, ყოველდღე, მთელი დღე ხალხი, სწორი ადამიანები აქეთა ნაპირიდან იძახიან იმას, ზუსტად იმას, რაც მე 19 წლის წინ ვთქვი – რომ დაიცავენ ქვეყანას, დედაქალაქს და რუსთაველს, განსაკუთრებით რუსთაველს რუსული დროშების ფრიალისგან. მხოლოდ კი არ იძახიან, ახორციელებენ კიდეც – იცავენ. ნიშნისმოგება ერთი წამითაც არ მიფიქრია. უბრალოდ, გამეხარდა, რომ ახლა მაინც იმდენად ნათელია ყველაფერი, არაფრის ახსნა აღარ მჭირდება. ძლივს, 19 წლის შემდეგ, ახლა მაინც შემიძლია მყარად დავდგე აქეთ ნაპირზე და რისთვისაც სულ ვიბრძოდი, იმისთვის ვიბრძოლო ისე, რომ აღარავინ არაფერი არ მომაძახოს.

ამ ფიქრებში გართული, არხის გადართვისას, შევჩერდი უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის ინტერვიუზე. მსახიობი იყო, გვარი არ მახსოვს. ადამიანი სწორი ხედვებით, ბევრზე უფრო მეტი სწორი შეფასება გააკეთა. ის პერიოდი იყო აი ცოტა „გლუვმა მარცხი აღიარა“ ხიბლში რომ ვიყავით, კობახიძე კი იმუქრებოდა და ამანაც ასე დაასრულა – ბევრი მინახავს რეჟიმის ჩამოშლის წინ, რომ ბაქი-ბუქობდა, აი ის სულს ამოგხდითო, რომ გვემუქრებოდა, თარგამაძეო. აქ ცოტა შეყოვნდა გაახსენდა, ეგ ხომ ახლა ციხეშიაო, ეხამუშა აშკარად, გულის სიღრმეში დაინახა, რომ რაღაცას მწყობრად ვერ ალაგებს, პაუზა გააკეთა, მაგრამ ბოლოს აიღო და მიაფუჩეჩა – ეგ მაინც ბოროტი ძალის ნაწილიაო. არადა, რა ახლოს იყო პროპაგანდის ცხრამეტწლიანი მარწუხებისგან გათავისუფლებასთან. იმ პროპაგანდის, ახლა რომ ებრძვის და მაინც მისი გავლენის ქვეშაა.
სულ რამდენიმე წამი სჭირდებოდა, შეჩეჩებული პროდუქტი, რომ გადაეგდო, რეალობა მიეღო და ბრძოლაში ბევრად ძლიერი გამხდარიყო, მაგრამ სიამაყემ არ გაუშვა, ადრე ტყუილი დავიჯერეო, ვერ მიიღო, ალბათ დაეზარა კიდეც, ახლა მთელი ეს ამბავი თავიდან გადაეფასებინა და საბოლოოდ, იმ ანეკდოტის ვერსია არჩია – ქუჩის მეორე მხარეს დაგინახე, ვიფიქრე, გადავალ, მოვიკითხავ, ამბებს გავიგებ, მაგრამ მერე ვიფიქრე, ერთი მაგის დედაცო … ბოროტია და ბოროტი, ახლა კიდევ ეგ მე რატომ უნდა ვაპრავოო. იმას კი ვერ მიხვდა ამბავი ჩემზე კი არა, მაგაზეა. მე სიმართლე ვიცი და როგორცაა, ისეთს ვიღებ და მის რეალობაში რა ხდება? ის მე მეძახის ბოროტი ძალის ნაწილს. მე იქეთა მხარეს ვეძახი რუსებს და ისინი არიან კიდეც რუსები. ეს რუსები მას ეძახიან ნაციონალს, ვინც მანდ დგეხართ ყველანი ნაცები ხართო. გამოდის, ისიც, ჩემსავით ბოროტი ძალის ნაწილია. აბა კეთილი ძალის ნაწილი ვინღა არის? ამ წყობით გამოდის, რომ რუსები.

აი ასეთ ამოტრიალებულ რეალობაში ცხოვრობს და იბრძვის ეს კაცი. არადა, სულ მცირე ძალისხმევა სჭირდება ყველაფერი თავის ადგილას რომ დააყენოს. ისე კი რა გამოდის – აქედან, რომ გამოვალ მეც ხომ მინდა პროტესტზე, რუსთაველზე მისვლა. ხოდა ასე, რომ მოხდეს – მოსდევს მსახიობს გე-დე-დე-ს გამხეცებული რაზმი, ის ტრიალდება, რომ აქეთ გამოიქცეს და უცბად წინ მე ვეჩეხები, მისი წარმოდგენით ბრტყელტუჩა მომარჯვებული. რა დღეში ჩავარდება? და აქ გამახსენდა ჩემი ბავშვობის სიზმარი.
სახდელი დაავადებების დროს, სიცხე, როდესაც 40-ს გადასცდებოდა, ყოველთვის ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავდი – თვალუწვდენელ უდაბნოში მივრბოდი. მხურვალებით დაღლილი, რუჯიანი მძიმე ოქროსფერი ქვიშიდან ამოსული ოხშივარით აჭრილი ჰაერი სახეს მწვავდა და თვალებში მილივლივებდა. ფილტვებიდან თითქოს ლავა ამომდიოდა. თავი მიხურდა. მზე ზენიტში იდგა, კაშკაშა თეთრი, ირგვლივ გამჭვრივალე გრძელი სხივების შარავანდედით მოცული. სიცხით გათანგულ, გახურებულ მკრთალად ცისფერი შორს ოქროსფერში ვარდებოდა. მკაფიო კონტრასტები და მკვეთრი ფერები მაღალი გარჩევადობის კადრს იძლეოდა. მივრბოდი, იმიტომ, რომ უკან ავი მგლების ხროვა მომსდევდა. უცნაური იყო – მგლები ახლაც მიყვარს და ბავშვობაშიც მიყვარდა. სამი წლისა კიკეთში ტყეში დავიკარგე. მთელი დღის ძებნის ბოლოს ბურთით ხელში მიპოვეს. სად მიდიოდიო და მგლებთან სათამაშოთო ვუთხარი.
მიყვარს მგლები, მაგრამ ესენი რაღაც არამგლური მგლები იყვნენ ჯაგარაშლილები, ბრაზისგან ალეწილი სახეებით, წითელი თვალებით, დუჟმორეულები, გაშმაგებულები. ვეჭვობ, მგლის სხვისი შექმნილი ხატება მქონდა ჩაჭედილი ქვეცნობიერში, ალბათ, პროპაგანდისტური მეზღაპრეების, მაგრამ პატარა და სიცხიანი ამის გაანალიზებას სიზმარში ვერ ვახერხებდი. ამიტომაც გავრბოდი, გავრბოდი მთელი ძალით. თუმცა , სიზმრის კანონის მიხედვით, დისტანციას მაინც ვერ ვზრდიდი და ისინიც ვერ მეწეოდნენ. ბოლოს, უეცრად, თავდავიწყებით მორბენალს წინ დევი მეღობებოდა, საზარელი, უზარმაზარი, ცხრათავიანი, ბანჯგვლიანი, კოჟრებიანი დიდი კომბლით, დაბრეცილი, გაყვითლებული ეშვებით, რომელთა შორის გაჩხერილი ხორცის ნაფლეთებიდან დორბლი და სისხლი ჩამოდიოდა წურწურით. წარმოუდგენელი ღრიალით ქვიშას, ცას, მზეს აზანზარებდა და ყველაფერ ცოცხალს დასასრულს უქადდა. ამ დროს, ოფლში გახვითქულს, მეღვიძებოდა.
ამ გახსენებაში მართლაც ჩამეძინა. ისევ ამ სიზმარში მოვხვდი ოღონდ, თითქოს სიზმრის დემო ვერსია იყო. მშვიდად შემეძლო ყველაფერზე დაკვირვება და მოქმედება. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ გავიზარდე და სიცხეც არ მქონდა. გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ამ, მრავალჯერ გამეორებულ სიზმარში დევისთვის არასოდეს შემიხედავს, უბრალოდ, ყველა ჯერზე ვიცოდი, რომ ის წინ მიდგას და წარმომიდგენია ისეთად, როგორზეც წამიკითხავს, მიყვებოდნენ და ისე მეშინოდა შემოჩეჩებული ვერსიის, ვერც ერთხელ საკუთარ თავში ძალა ვერ ვიპოვე, ჩემი თვალით მენახა სინამდვილე და ჩემით შემეფასებინა.
გამბედაობა მოვიკრიბე, თავი მკვეთრად ავწიე და თვალი გავუსწორე. ეჭვი გამართლდა. არანაერი ცხრა თავი, კომბალი, ბანჯგვები, ეშვები, ხორცები, დორბლები და სისხლები. სრულებით ნორმალური სახის ნაკვთები, მოწესრიგებული ჩაცმულობა, უზარმაზარი არა, ცოტა არაბუნებრივად დიდი კი იყო და მაგარ ჯანზე. ოდნავ დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა, აშკარად, ცდილობდა ვითარებაში გარკვეულიყო. მივვარდი და რაც ძალი და ღონე მქონდა ჩავეხუტე. პატარა პაუზის შემდეგ მხარზე ხელი დამიტყაპუნა, მაგრად გადამხვია, მომატრიალა და დავცხეთ მგლებს. დავცხეთ ერთად. დავცხეთ და დავცხეთ, გორა დავაყენეთ, ჰაერში ვაფრიალეთ და ბოლოს, სულ კუდით ქვა ვასროლინეთ. როგორც კი მომხდურნი გაიფანტნენ, გარემოც ერთიანად შეიცვალა.
ძალიან ლამაზ, სასიამოვნო ალაგში ავღმოჩდით. ალაზნის ველს ჰგავდა. შებინდებულა. პროჟექტორივით მრგვალი, თეთრი მთვარის დამამშვიდებელი შუქი ავერცხლისფერებდა ციცინათელებით გადაპენტილ მოლურჯო სიმწვანეს. მდინარეს პირიდან დროდადრო წამობერილი ნაზი სიო გახურებულ სხეულს ეფერებოდა და ფოთლებს აშრიალებდა. ჭრიჭინების რუზრუზი ჩიტების ჟღურტულში ირეოდა. შორიდან, უღრანიდან, ტყის ხმები მოდიოდა. დროდადრო ბუ გვაწვდიდა ხმას. არც ციოდა, არც ცხელოდა. დევი გულჩათხრობილი ფუსფუსებდა თავის დანთებულ კოცონზე ამზადებდა წასახამსებელს. ცეცხლმოკიდებული შეშა ტკაცუნობდა და ჰაერში ნაპერწკლებს ყრიდა, ზევით მიმავალ ნაპერწკლებს შორის ღამის პეპლები დაფრინავდნენ. ნაკვერჩხალი მზისგან გადაღლილ თვალებს ამშვიდებდა, წყაროს ჩუხჩუხი გადაძაბულ ყურის ბარაბნებს ადუნებდა. ამოვარდნამდე მისული გული კალაპოტს დაუბრუნდა, გონება ბოროტი ხატებებისგან დაიწმინდა. სული ნეტარებასთან სიახლოვეს ტრიალებდა.
აი რა მომნატრებია ყველაზე მეტად. ჩვენ ყველას მოგვნატრებია. ოდესღაც განცდილი, მივიწყებული, ოცნებად ქცეული სიმშვიდე. ნაღდი, სრული, სპეტაკი სიმშვიდე. აი, სულ რომ გგონია, ახლა ამ ამბებს მორჩები და მერე… მაგრამ, ვერა. მაშინ, კიდევ რაღაცების მერე, კიდევ წლები გადის და ბოლოს ხვდები, რომ ვერა, ამ ცხოვრებაში – ვერ. მაშინ, მაგის მერე მაინც, აი როგორც ბულგაკოვის ოსტატმა, კარგი, სინათლე არ, მაგრამ სიმშვიდე ხომ დავიმსახურე?
სიმშვიდემ ენაც გახსნა. ბაასი გავაბით. მე ჩემი ვთქვი, იმან – თავისი. ამბები გავიხსენეთ, ძველი ბრძოლები, მარცხი, გამარჯვებები, დანაკარგები, შენაძენები, უსამართლობები.
ძლიერი იყო, შურდათ, ეშინოდათ და წარმოუდგენელი რაღაცები შეუთხზეს, დააბრალეს. წესიერ ხალხს დააჯერეს. რამდენჯერ რაც ეგონა, ამაზე უარეს რაღას მომიგონებენო, მოახერხეს. ადამიანებს შუაზე კვნეტსო, ჩვენ მოდგმის დაუძინებელი მტერიაო. ვეხვეწებოდი, შემომხედეთ და ისე თქვითო, მაგრამ არავინ მიყურებდაო. ვისაც ძალით ვახედებდი რასაც ხედავდნენ არ იღებდნენ და ისევ ძველს ჰყვებოდენო. შევეგუე, ეს გაბოროტებული ხალხი აზრს აღარ შეიცვლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად გულს მიმძიმებდა, ბავშვებს რომ დააჯერესო. შენ პირველი იყავი, ვინც მარტო კი არ შემომხედა, დამინახა კიდეც და რაც დაინახა, ის სიმართლე მიიღოო. ამიტომაც დაგიდექი გვერდში და აწი სულ ერთად ვიქნებითო. თავზარდამცემი კაცმკვნეტელი და ბრტყელტუჩიანი სულთამხუთავიო – იცინოდა გულიანად.
როგორც წესია, დავილოცეთ, წინაპრები ვახსენეთ, მშობლები, წასულები, ბრძოლაში დაცემულები. ღირსეული მტრისაც ვთქვით, მეგობრობის, ძმობის, მომავალი ბრძოლების, სადაც ერთად ვიბრძოლებთ თავდაუზოგავად, ჩვენიანების ნასროლ ქვებს, ბრძოლისას კეფაში, რომ გვხვდება, კვლავაც არ შევიმჩნევთ, არც ვიწყენთ – ჩვენ ხომ მთავარისთვის ვიბრძვით, თავისუფლებისთვის. თავისუფლებისთვის ერთად ბრძოლაზე ამაღლებული და საამაყო სხვა არც არაფერია … გრძელი და ემოციებით დატვირთული დღის მერე ტკბილად მიგვეძინა.

ეჰ, გაიღვიძებდა კაცი ხვალაც ამ სიზმარში, სადაც სიმშვიდეა და კეთილი ურთიერთობა. ეგება და ის მგლებიც გვენახა, მგონი, არც ისინი დავინახეთ სწორად, ვიღაცის მოგონილს მივყევით. ბოდიშს მოვუხდიდით, ხელს ჩამოვართმევდით და ოდესღაც არშემდგარ საფეხბურთო მატჩსაც გავმართავდით. მაგრამ, როგორც შენი შიშია შენი სარკე, რომელსაც, სანამ ფართოდ გახელილი თვალებით და გახსნილი გულით არ ჩახედავ ღრმად და დანახულს არ მიიღებ, მანამ ვერ გახდები შენს თავთან მთლიანი, მასევე სიზმარში დიდხანს ჩარჩენა ჯერ ყველაფერს, შენთვის საყვარელს წაშლის, შემდეგ კი კოშმარად გექცევა.

სიზმრის და გისოსებიანი ფანჯრის გავლით ციხიდან საშინელი ბღავილი და ღმუილი შემოდიოდა, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემს გვერდით გაწოლილი, პირგაღიმებული, საკუთარ კეთილ სიზმარში ტკბილად გახვეული დევის გვრგვინვა კი არა, უბრალოდ ქოცების ცემენტის ქარხანის გრუხუნი იყო. ბოლო დროს, ალბათ, სანამ დროა პრინციპით, გიჟივით ზღვარზე ამუშავებენ, რაც მოიჭრება, ყველა ფული რომ მოაჭრევინონ. საბოლოოდ, ეს ხმაც სრულად გადაფარა ათასი ჩიტის შეხმატკილებულმა რიჟრაჟის ჟღურტულმა აქ, ქალაქ რუსთავში, მეთორმეტე საოკუპაციო საპყრობილის B-302 საკნის სახურავზე.

P.S. ზემოთ ტექსტში ვერ ჩავტიე, მაგრამ მაინც მინდა, გაგიზიაროთ – აქ ხშირად მახსენდება მძიმე კაცის, ინგმარ ბერგმანის ყველაზე კეთილი ფილმის „ფანი და ალექსანდერ“-ის ბოლო, ოჯახური სადილის სცენა. ყველა იმ უბედურების მერე, რამხელა სინათლით, სითბოთი და სიკეთითითაა სავსე ეს სახლი, სადაც დამარცხებული ბოროტება ბოლომდე არ ქრება, მაგრამ საშიში აღარაა.

ნინას სულ ვეუბნებოდი, რომ ნებისმიერ იარას, ფიზიკური იქნება თუ სულიერი, ყველაზე უებრად კურნავს ადამიანური სითბო. საკუთარი გამოცდილებით ვიცი. მარტო კურნავს კი არა, შეიძლება, იმ ქვეყნიდანაც მოგაბრუნოს, როგორც მე მაბრუნებს რეგულარულად. ეს ასე ხდება – იქ მე ვუხსნი, რომ ნინასთვის პირობა მაქვს მიცემული, ასე ტრაგიკულად, უეცრად არ მივატოვებ, ხელიდან არ გამოვეცლები. ნინასგან საზღვრის იქით გამოყოლილი სითბო ჩემი მტკიცებულებაა, რომ ნინა მართლა არსებობს, მელოდება და ჩემგან სიტყვის გატეხვა ძალიან არასწორი იქნება. ხოდა, მიშვებენ ყველა ჯერზე. რა თქმა უნდა, მე ეს არაფერი არ მახსოვს, მაგრამ რაც დავწერე, ჩემი მოგონილი ვარიანტი არაა, ასეა. საიდან ვიცი? უბრალოდ ვიცი. ამიტომაა, რომ ერთი მეტრიდან ნასროლი ტყვიები ან არ მხვდება ან ოდნავ მეხახუნება, მხუთავი გაზი არ მხუთავს, ბომბი თავს არ მწყვეტს, ყველაზე ბოროტი, უხანური კოვიდი ბოლომდე არ მიმეტებს. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ასე? სანამ ნინა მელოდება და მისი სითბო საზღვრის იქით მიმყვება.
ციხეში ჩასმის სასჯელიც ეგ არის. გწყვეტენ, გაშორებენ იმ ადამიანურ სითბოს, რომელსაც ვერანაირი ციხის მაღაზიაში ნაყიდი თბილი პლედი ან გათბობის ორი სქელი რადიატორი ვერ შეგიცვლის. ხოდა, შენც წუხხარ, წვალობ, როგორც რაღაც მეტალის მხეცი ამ სითბოს ძიებაში.
მაგრამ, ვიტან, ვიცი, რომ გამოვალ, სახლში დამხვდება ჩემი ნინა, ჩემი გოგოები, ჩემი დიდი ოჯახი, ჩემი მეგობრები, სიკეთისა და სითბოს მუდმივი გენერატორი, ჩემი პატარა ბრძენი ბიჭი ჩიკო, დანთებული ბუხარი, მსუბუქი სუფრა, 18 წლიანი მაკალანი (სპეციალურად ვწერ, ვინმემ იკისრეთ ), ხორხოცი დილამდე. ჩემი გული ისევ გათბება და სულ მალე ისევ მზად ვიქნები გავაგრძელო. რომ იცოდეთ მოღალატეების სულებისგან მშვენიერი საწებელი, მურაბა და კომპოტი მზადდება.”

თეგები: გივი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved