ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში, კოტე კემულარია.
– ბატონო კოტე, მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე არ ჩადიოდნენ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, არ ჩავიდა ვიქტორ ორბანი. ეს რითი იყო გამოწვეული, ზელენსკიმ უსაფრთხოების გარანტიები რომ არ მისცა აღლუმის მონაწილეებს თუ იმით, რომ ირანის, პალესტინის და სხვა ტერორისტული სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად დგომა არ სურდათ?
–რამდენიმე ფაქტორის გამო ცდილობდა რამდენიმე ევროპელი ლიდერი მოსკოვში ჩაუსვლელობას. ფიცოს, ვუჩიჩის, ორბანის ჩაუსვლელების მცდელობა იყო რუსული იდეოლოგიის მარცხი, რომელსაც კონსერვატიზმის მახინჯი გაგება შეიძლება ვუწოდოთ. ამ იდეოლოგიის მამამთავარი ალექსანდრ დუგინია და ეს პოლიტიკოსებიც წლები ამ იდეოლოგიით იკვებებოდნენ მოსკოვიდან. დუგინია კონსერვატიულ-ტრადიციის, რაღაც გამოგონილი ფილოსოფიის შემქმნელი და ეს იდეოლოგია დამარცხდა. იყო მოლოდინი, რომ გერმანიაში არჩევნებს მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მოიგებდა და საქმე ისე წავიდა, პარტიის ლიდერის, ალის ვაიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ახლა ასაკრძალად აქვს საქმე ამ პარტიას. საფრანგეთში მარინ ლე პენის გამარჯვების იმედი ჰქონდათ და ვერ ლე პენმა გაამართლა მათი იმედები. მერე იყო ამერიკის არჩევნები და აი, ტრამპი მოვა პრეზიდენტად და დავლაგდებით, კონსერვატორია და ჩვენთან ერთად შეუტევს დემოკრატებს. არც ამ მოლოდინმა გაამართლა პუტინისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერთა იმედები. იტალიაში კი გაიმარჯვეს მემარჯვენეებმა, მმათი ლიდერი ჯორჯა მელონი გახდა იტალიის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ უჭკვიანესი ქალბატონია. არ წამოეგო დუგინის ვითომ კონსერვატიულ იდეოლოგიას, რუსეთის მხარეს არ დადგა და მით უმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის წინააღმდეგ ერთი სიტყვა არ დასცდენია. პირიქით, ევროკავშირის ყველა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა უკრაინის დასახმარებლად და ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევა. ჯორჯა მელონი, როდესაც ევროპისა და ამერიკის ურთიერთობა დროებით დაიძაბა, ამერიკაში ჩადიოდა და შუამავლის როლს თამაშობდა ევროპასა და ამერიკას შორის.ეს იყო მომაკვდინებელი დარტყმა ფიცოსთვის, ორბანისთვის და ვუჩუიჩისთვის, რუსეთს გამობმულმა ამ ლიდერებმა ევროპაში თანამოაზრენი ვეღარ ნახეს და დარჩნენ მარტო. ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ 9 მაისს მოსკოვში ჩასვლა არ უნდოდათ და სამივემ თავი მოიმკვდარუნა, ვითომ ავად გახდნენ.უნგრეთიც, სლოვაკეთიც და სერბეთიც ევროპის ნაწილია, იქიდან ვერ ამოგლეჯ ამ სახელმწიფოებს. ეს იყო რუსეთისა და „დუგინის კონსერვატიზმის“ მარცხი ევროპაში. რაც თქვენ ბრძანეთ, ის ორი მიზეზიც იყო, ცხადია ამასთან ერთად. მოკლედ, მიზეზთა კასკადი იყო. აქვე ვიტყვი, კანადაში და ავსტრალიაშიც დემოკრატებმა გაიმარჯვეს არჩევნებში.
-რაც მთავარია, ტრამპა და ამერიკამ გაუცრუა იმედები პუტინს.
-კი, ასეა. თავიდან ტრამპის პოლიტიკა მისაღები იყო პუტინისთვის, ტრამპისა და ჯეი დი ვენსის მოუზომავი კამათი თეთრ სახლში ზელენსკისთან, მათი ანტიუკრაინული განცხადებები... თუმცა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმ არჩევნების შედეგებმა, ვფიქრობ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაზეც მოახდინა გავლენა, რაც ნიშნავს, რომ ტრამპის გუნდზე მოახდინა დიდი გავლენა. აგერ, ჯეი დი ვენსმა შეცვალა როტორიკა, ჩვენ რუსეთს არაფერს დავუთმობთ, რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებაზე საუბარი ზედმეტიაო. არადა, ცოტა ხნის წინ დი ვენსიც და ტრამპიც თანახმანი იყვნენ, ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინა აეძულებინათ, რუსეთისთვის საკუთარი ტერიტორიები დაეთმო. ამბობენ, რომ ამერიკის პოლიტიკის ცვლილება სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს დამსახურებაა, რომელიც კუბელი ემეგრანტების შვილია და კარგად იცის, რუსეთის მართულ დიქტატორულ სოციალისტურ ქვეყანაში ცხოვრება რა საშინელებაა. რუბიო რეალისტია, იცის, ეს უკიდურესი მემარჯვენეობა რაც არის, შეფარული, შეფუთული დიქტატურაა, მეტი არაფერი. ამის მერე ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშრორების საკითხებში ვაიკლ ვოლცი გაწიეს, მოხსნეს. ასევე, მოხსნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთ-უკრაინის საკითხებში, სტივ უიტკოფი და ახლო აღმოსავლეთში გადაისროლეს. არადა, უიტკოფი პუტინს რომ შეხვდა, მერე რუსეთის მხარდამჭერი და ანტიუკრაინული განცხადებები გააკეთა, მაშინ რუსეთში დიდი მხიარულება ჰქონდათ, ამერიკა ომის დასრულებაში დაგვეხმარება და ომი საჩვენოდ დასრულდებაო. ჩაეყარათ წყალში ეს იმედები. მოკლედ, მთელ ცივილიზებულ სამყაროში, ნაციონალისტების ხელისუფლებაში მოსვლა გადაიდო, იტალიის გარდა ყველგან დამარცხდნენ და იტალიის ხელისუფლებაც ძალიან ეფექტურ, დემოკრატიულ და დაბალანსებულ პოლიტიკას ეწევა. ამერიკაც ხელიდან გამოეცალა რუსეთს, ტრამპმა კლანჭებიც კი გამოაჩინა, როცა უკრაინასთან ე.წ. მინერალების ხელშეკრულება გააფორმა. ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკულ ბიზნესს, ამერიკის მოქალაქეებს ყველა საშუალებით დაიცავს და ეს მინიშნება იყო, თუ საჭირო გახდა, იარაღითაცო. ჩვენ, ძველებმა ეს ვიცით, რასაც ნიშნავს-ამ ხელშეკრულებით ამერიკა შევიდა უკრაინაში და მისი გამომყვანი იქიდან არავინ არის. ამერიკამ შეცვალა რუსეთთან ურთიერთობა, უნგრეთთან ურთიერთობა და ევროპასთან ძველ, კონსტრუქციული თანამშრომლობას უბრუნდება. ამერიკამ დიდ ბრიტანეთთან გააფორმა სავაჭრო ხელშეკრულება.ამას დავამატოთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც. შვეიცარიაში დანიშნულია ძალიან მაღალი დონის შეხვედრა, სადაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავა. ჩინეთთანაც ალაგებს ამერიკა ურთიერთობას. ფაქტიურად, არაფერი არ იცვლება, ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო. რუსების ჭყლოპინი, რომ ტრამპი პრორუსი პრეზიდენტი იქნება, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მემარჯვენეები გაიმარჯვებენ და ჩვენი გავლენა გაიზრდება ევროპის ამ ქვეყნებშიო, დარჩა ჭყლოპინად. ცოტა ხანს იმხიარულეს, კრემლში აკეთეს რუსი ხალხის გულის მოსაგები განცხადებები და ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდა, თუ ტრაფარეტულად ვიტყვით, პუტინი კარდაკარ დადიოდა, რომ 9 მაისის აღლუმიზე დასასწრებად რამდენიმე ქვეყნის ლიდერი მოეგროვებინა. 18 ლიდერი მოაგროვა, მათ შორის ირანის, პალასტინის, ვენასუელას და ბელარუსის წარმომადგენლები. მე ძალიან მიხარია, რომ მსოფლიო ისევ დემოკრატიული გზით განვითარდება და ამერიკა ისევ ამ პროცესის სათავეში იქნება.
-ტრამპის პრეზიდენტობისას, ამერიკამ პირველად გამოუყო უკრაინას ფინანსური დახმარება, რომლის ნაწილიც იარაღის შეძენას მოხმარდება. ვფიქრობ, ეს ფაქტი საბოლოოდ ჩააქნევინებს ხელს იმ ნეტარ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა, რომ ტრამპი რუსეთის ინტერესებს დაიცავდა უკრაინასთან ომში.
-კი, 30 მილიარდიან დახმარებაზეა ლაპარაკი. თან, აქედან 15 მილიარდი გაისად უნდა მიეცათ უკრაინისთვის და შესაძლოა, წელს მისცენ. ამას იხილავს ტრამპის გუნდი. ფინანსურის გარდა, უკრაინისთვის ამერიკის დაზვერვის დახმარებაც აღდგა, რაც დაპაუზებული იყო, ყველა დახმარება აღდგა. ეს ძალიან კარგია და არა მარტო უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც
–საქართველოსთან დაკავშირებით როგორ აისახება ეს ყველაფერი?
–ჩვენთან რაც მოხდა ეს „მეგობარი აქტი“, ეს არ კეთდება მხოლოდ სანქციებისთვის, რასაც ჩვენი ხელისუფლება ამბობს. სანქცია ყოველგვარი „მეგობარი აქტის“ გარეშეც შეუძლია გამოუტანოს ამერიკის სახელმწიფო ხაზინამ, ვისაც მოისურვებს, მას. აქ არანაირი შეზღუდვა არ არის. რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან საქართველოს თანამდებობის პირებს აქვთ თუ არა კანონით აკრძალული ურთიერთობა, არიან თუ არა ამ ქვეყნების გავლენის აგენტები და ძირს უთხრიან თუ არა დემოკრატიას საქართველოში-ეს სამი მთავარი მოთხოვნაა ამ „მეგობარ აქტში“. ეს სანქცია კი არა, საზიზღარი სახელმწიფო დანაშაულობებია, რომელთაც ხანდაზმულობის ვადაც კი არ გააჩნიათ. თანაც, „მეგობარი აქტის“ კანონად ქცევის მერე, კონგრესი სამ უწყებას,სამხედრო დაზვერვას, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს და სახელმწიფო დეპარტამენტს 180 დღეს აძლევს, რომ ამ ვადაში დადონ ოფიციალური ანგარიში კონგრესში, თუ ვინ არიან ის პერსონები, ვინც ამ კანონებს არღვევს დარას აპირებთ, როგორ და რა გზით მივცეთ ეს ხალხი პასუხისგებაშიო. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკვე შეიკრიბნენ ვარშავაში და იხილავენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულის საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად. თქვენც კარგად იცით, რომ ომის დანაშაულს უკრაინაში მხოლოდ სამხედრო პირები არ სჩადიოდნენ, სამოქალაქო პირებიც ბევრს საშინელებაში არიან გარეულები. გამოძებნეს ფორმა, როგორ დასაჯონ დამნაშავენი.
-შესაძლოა, ბევრი ქართველი ჩინოვნიკი და ბიზნესმენი აღმოჩნდეს ამ ტრიბუნალის განსასჯელი, რადგან რუსეთში სამხედრო შეიარაღება და სამხედრო კომპონენტები საქართველოს გავლით გადიოდა, ეს ყველაფერი კი მერე უკრაინის ომში იხარჯებოდა?
-ეგ უკვე სამხედრო ტრიბუნალის გამოსაძიებელია და გამორიცხული არაფერია, დამნაშავეს ეროვნება არა აქვს. ეს ტრიბუნალი გამოიძიებს ისეთ საქმეებს, რომლებიც ჰააგის სამხედრო ტრიბუნალის იურისდიქციის მიღმაა დარჩენილი. ამ ტრიბუნალის შექმნის ინიციატივამ დიდად შეაშფოთა ორბანი და ფიცო. ორბანი არ ჩავიდა მოსკოვში 9 მაისს, ვერ შეაშინა პუტინმა, პირდაპირ ვთქვათ, მაგრამ ეს ტრიბუნალი შეიქმნება და მერე ყველას მიჰკითხავენ, ვინ რას აკეთებდა რუსეთის დასახმარებლად და უკრაინის საწინააღდეგოდ. ორბანის მოსკოვში ჩაუსვლელობა მაფიქრებინებს, რომ ახლო მომავალში, სავარაუდოდ, საბოლოოდ უგანებს რუსეთს და სწორი გზით წაიყვან თავის ქვეყანას. ამას უნგრელი ხალხიც დაუფასებს და თუ ვინმე უკმაყოფილო დარჩება, მხოლოდ რუსეთის აგენტურა, „სასარგებლო იდიოტები“ და დუგინის იდეოლოგიით გაბანგულები.
კომენტარები