ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება, ექსპერტი სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ, კერძო სამხედრო კომპანიასთან, 1.2 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გააფორმა უკრაინისთვის „ჰაიმერსის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვებთან დაკავშირებით. საგულისხმოა, რომ პენტაგონის განცხადებით, აღნიშნული შეკვეთის დასრულების ვადად 2025 წლის 28 ნოემბერი სახელდება. გამოდის, პენტაგონის ინფორმაციით, უკრაინაში ომი ამ დრომდე გასტანს?
– არა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ჰაიმერსების“ ბოლო პარტიას როდესაც გადასცემენ უკრაინას, მაშინაც ომი იქნება იქ. ამერიკა მარტო ომის დროს არ გადასცემს „ჰაიმერსებს“ და სხვა სახის შეიარაღებას უკრაინას, ომის დასრულების შემდეგაც გადასცემს თავდაცვისთვის. თან რაშია, იცი, საქმე? როდესაც ამერიკა საკუთარი არმიისთვის ყიდულობს იარაღს, მერე ერთი და ორი წელი მიდის ამ იარაღის გამოცდა. უკრაინის შემთხვევაში, არის პერიოდები, როდესაც ახალი იარაღის გამოცდის ვადა ძალიან შემჭიდროებულია. ბრძოლის ველზე ხდება „ჰაიმერსების“ გამოცდა და უკეთესი საშუალება იარაღის გამოცდისთვის არ არსებობს. მოკლედ, ამერიკა ამ ომში სცდის „ჰაიმერსის“ სხვა და სხვა მოდელებს და ცხადია, ზოგს მერე გადასცემს უკრაინას და ზოგს თავისთვის დაიტოვებს. აქ სხვა პრობლემაა, უფრო სერიოზული. 16 დეკემბრამდე კონგრესი უნდა შეთანხმდეს ამერიკის თავდაცვის 2023 წლის ბიუჯეტზე. ჯერჯერობით, ვერ თანხმდებიან. თუ ვერ შეთანხმდნენ ახალ ბიუჯეტზე, მაშინ ამერიკის კანონმდებლობით, კონგრესი მიიღებს რეზოლუციას, დროებით ფინანსირებაზე, თავდაცვის დროებით ბიუჯეტზე – პენტაგონს ერთი წლით არ გაეზრდება დაფინანსება და ძალაში დარჩება 2022 წლის ბიუჯეტი. მოკლედ, გაისადაც წლევანდელი თავდაცვის ბიუჯეტი ექნება ამერიკას, დროებით. ამას მწვავედ განიცდის პენტაგონი, რადგან თავად ამერიკა ახალ-ახალ იარაღს ქმნის და სცდის. „სტელსის“ ახალი, უხილავი ბომბდამშენი ერთი ერთეული 2 მილიარდი დოლარი ღირს და მისი გამოცდა დაიწყო. 6 ასეთი „სტელსი“ აქვს შეკვეთილი პენტაგონს და რამდენი სხვა სახის იარაღი აქვს დასამზადებელი, რამდენი საიდუმლო იარაღი და რამდენი საიდუმლო პროექტი აქვს განსახორციელებელი, ეს კიდევ სხვა ამბავია. მარტო უკრაინა ხომ არ რის? ამერიკა ემზადება რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომისთვის, რისი საფრთხეც თეორიულად არსებობს. გამოჩნდება, რამდენად რეალურია ეს საფრთხე, მაგრამ ქვეყანა საამისოდ მზად უნდა იყოს, ასეთია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოზიცია. ხმამაღლა არ ყვირის, მაგრამ იცის, ასეთ სავარაუდო საფრთხეს დახვედრა და გამკლავება უნდა.
– თუ არ დაუმტკიცა კონგრესმა პრეზიდენტს თავდაცვის ახალი ბიუჯეტი, ეს ამერიკის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარებაზეც აისახება?
– „ლენდ ლიზის“ პროექტზე არ აისახება, ის უკვე დამტკიცებულია კონგრესის მიერ და საამისო თანხაც ჩადებული, გამოყოფილია პენტაგონის ბიუჯეტიდან. „ლენდ ლიზმა“ დაიგვინა, ჯერ ამ პროგრამით ერთი ტყვია არ მიუღია უკრაინას. რუსული პროპაგანდისტული მედია, ჩვენი რუსეთუმეები ზეიმობენ, „ლენდ ლიზი“ ჩავარდა, ამერიკა დიდძალ იარაღს არ მისცემს უკრაინასო. ასე არ არის, ტყუილად ზეიმობენ. თავად ამერიკის თავდაცვის ხარჯების გაზრდამ და ამით გამოწვეულმა ტექნიკურმა შეფერხებებმა, გააჭიანურა ეს პროცესი. უკრაინა სრულად მიიღებს „ლენდ ლიზით“ გათვალისწინებულ 40 მილიარდი დოლარის იარაღს ამერიკიდან და ეს დიდი ხნით აღარ გადაიდება. რაც შეეხება უკრაინისთვის სხვა ამერიკულ სამხედრო დახმარებას, თუ კონგრესმა ახალი ბიუჯეტი არ დაამტკიცა, „ლენდ ლიზის“ ამუშავებამდე, უკრაინა გაისად მიიღებს იმ რაოდენობის დახმარებას, რაც წელს მიიღო. ეს ცოტა არ არის. უპირველესად ამერიკულმა სამხედრო დახმარებამ მისცა უკრაინელებს ის უპირატესობა, რაც ომის ცალკეულ კომპონენტებში აქვს. ამერიკული „ჰაიმერსების“ გადაცემის მერე დაიწყეს უკრაინელებმა რუსების პოზიციების, უკრაინის ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო საწყობების განადგურების საშუალება და რუსეთის ტერიტორიაზე, ბელგოროდსა და კურსკში მდებარე სამხედრო ობიექტებსაც კი გადასწვდნენ.
– „რესპუბლიკელები“ ხომ არ დაბლოკავენ თავდაცვის ახალი ბიუჯეტის დამტკიცებას?
– არა, ამერიკაში ასე არ ხდება. ამერიკის საქართველოს პარლამენტი არ არის, ზოგს ისიც, რომ ახსოვს, საიდან, რომელი რეგიონიდან არის არჩეული დეპუტატად. დავუშვათ, ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი, არიზონას შტატიდან არის არჩეული. არიზონაში განთავსებულია სამხედრო ქარხნები. არჩევნების წინ, სენატორობის კანდიდატი შეხვდა ამ ქარხნის მუშებს და დაპირდა, რომ მხარს დაუჭერს სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას, რაც ნიშნავს, რომ ამ ქარხნებს ექნებათ შეკვეთები და მუშებს სამუშაო. აირჩიეს სენატორად და იცის, რომ ორ წელიწადში სენატში ახალი არჩევნებია. ახლა ეს სენატორი და ბევრი მისნაირი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, სამხედრო ბიუჯეტის გაზრდას დაუჭერს მხარს, რომ ამომრჩეველს რაც დაპირდა, შეუსრულოს და მეორედ არჩევის შანსიც შეინარჩუნოს. ბოდიში და, შეიძლება მას ფეხებზე ჰკიდია უკრაინა, ისიც, რას ფიქრობს მისი პარტია უკრაინის ომზე და ბიუჯეტის გაზრდაზე. ასეთი დეპუტატები სენატშიც მრავლად არის და კონგრესის ქვედა,წარმომადგენლობით პალატაშიც. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ უკრაინისადმი ამერიკის მხარდაჭერა ორპარტიულია, „ლენდ ლიზის“ ინიციატორები „რესპუბლიკელები“ იყვნენ, ორივე პარტიამ დაამტკიცა ეს პროგრამა და „რესპუბლიკელი“ კენტუკის შტატიდან, მიტჩ მაკ-კონელი, დღემდე დასძახის ჯო ბაიდენს, რომ უკრაინას ამერიკა საჭირო სამხედრო დახმარებას არ უწევს და უფრო მეტი და უფრო შემტევი იარაღი უნდა გადასცეს. ახლა რაშია საქმე. ამერიკა „ჰაიმერსის“ 6 სისტემას კიდევ გადასცემს უკრაინას ერთი სისტემა 104 სამიზნეს ანადგურებს. ზუსტად არ ვიცი როდის, მაგრამ მიღებს უკრაინა ამ 6 სისტემას. თუმცა, ეს არ არის მთავარი. უკრაინა ამ ომამდე, სრულად საბჭოური წარმოების იარაღზე იყო დამოკიდებული. სადღეისოდ, ქვემეხების და შესაბამისად, მისი ჭურვების რაოდენობით, რუსეთს დიდი უპირატესობა აქვს – ცხრაჯერ მეტი აქვს ეს შეიარაღება უკრაინაზე. ამას ცოტა გაბათილება უნდა, სრულად ვერ მოხერხდება. ცხადია, რუსეთი, ბელარუსი და სომხეთი არ მისცემენ ამ ჭურვებს და ამერიკა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეძებს ამ ტიპის ჭურვებს, ყიდულობს და უკრაინაში აგზავნის. თავის დროზე, საბჭოთა კავშირი, „ვარშავის პაქტის“ ქვეყნებს, ასევე, ინდონეზიით დაწყებული და ეგვიპტით დამთავრებული, აფრიკის ქვეყნებს და სხვა პარტნიორებს, უგზავნიდა საბჭოთა შეიარაღებას და მათ შორის, სხვა და სხვა ტიპის ქვემეხების ჭურვებს. ცხადია, მათზე ყიდდა იარაღს საბჭოთა კავშირი. აი, ამ ქვეყნებში ყიდულობს ამერიკა ჭურვებს. ამიტომ იყო, რომ ბულგარეთმა, რუმინეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა მთელი საბჭოური შეიარაღება უკრაინას გადასცეს და თავად სანაცვლოდ, ამერიკისგან და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნებისგან, მიიღეს და კიდევ მიიღებენ თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების ახალ შეიარაღებას.
კომენტარები