ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში, ველინგტონში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უკვე ერთი კვირაა არ იშლებიან.
პოლიციამ კი მათ დასაშლელად უჩვეულო ხერხს – მუსიკას მიმართა. მათ დემონსტრანტებს ბარი მანილოვის სიმღერები ჩაურთეს. როდესაც ამის შესახებ ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა გაიგო, მან სამართალდამცველებს Twitter-ზე მიმართა: „ამან თუ არ იმოქმედა შემეხმიანეთ“. ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბლანტის ცნობილი ჰიტი You’re Beautiful აჟღერდა.
სამართალდამცველების არსენალში ასევე მოხვდნენ: „მაკარენა“, Let it Go მულტფილმიდან „გაყინული“, საბავშვო სიმღერა Baby Shark და „ტიტანიკის“ საუნდტრეკის My Heart Will Go On პაროდიული ვერსია.
პოლიციელების ტაქტიკა წარუმატებელი აღმოჩნდა. დემონსტრანტები სიმღერებს აყვნენ, შემდეგ კი სამართალდამცველებს საკუთარი რეპერტუარიც შესთავაზეს, კერძოდ როკ-ჯგუფ Twisted Sister-ის ჰიტი We’re Not Gonna Take It.
კომენტარები