აშშ-ში ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება განახლდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.
გამოცემის ცნობით, ათდღიანი პაუზის შემდეგ, ვაქცინის გამოყენებაზე მოქმედი შეზღუდვები მოხსნეს და მისი გამოყენების ნებართვა გასცეს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ასევე აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო აცხადებენ, რომ ვაქცინით იმუნიზაციის შემდეგ სისხლის თრომბის განვითარების რისკი ძალიან დაბალია.
CDC-ში აცხადებენ, რომ პრეპარატი უსაფრთხო და ეფექტურია, ამასთან, თრომბის განვითარების შესაძლებლობის პოტენციური რისკის შესახებ გაფრთხილება პრეპარატის ეტიკეტზე იქნება დატანილი.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციას 18 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქისთვის გასცემს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში, აშშ-ში ამერიკული კომპანია Johnson & Johnson-ის საწარმოში თანამშრომლების მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად 15 მილიონი დოზა ვაქცინა გაფუჭდა. ინციდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატისთვის განკუთვნილი ინგრედიენტების არასწორად შერევამ გამოიწვია.
კომენტარები