ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი, კრიტიკული მედიცინის ექიმი სპეციალისტი, ღია გულის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი ბატონ გიორგი გრიგოლიას ანეთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიას მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, გამორჩეული პროფესიონალიზმის მიღმა კარგი ფსიქოლოგიცაა და პაციენტები განსაკუთრებული იუმორით და მეგობრული დამოკიდებულებით გამოარჩევენ. მის პრაქტიკაში იყო რთული და კიდევ უფრო მძიმე პერიოდები, როცა სოხუმში ომის დროს ექიმად მივლენილმა, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს კლინიკის დაბომბვის შედეგად მიიღო კონტუზია და გარკვეული პერიოდის მანძლზე დაკარგული ქონდა მხედველობა და სმენა . ჯარისკაცი თეთრი ხალათით 36 წელია 24 საათიან რეჟიმში დგას ადამიანების სოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე.
გიორგი გრიგოლია: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავარების შემდეგ ქირურგიის ინსტიტუტში მოვხვდი, იმ დროისთვის ეს ერთ-ერთი წამყვანი და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკა იყო. იმ პერიოდს დაემთხვა საქართველოში გულის ქირურგიის განვითარების პროცესების დაწყება, რისთვისაც ახალკურსდამთავრებულთაგან ჩამოაყალიბეს თექვსმეტკაციანი ჯგუფი, რომელთა შორისაც მეც გახლდით და გაგვგზავნეს მოსკოვში შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად. 1988 წელს დავბრუნდი საქართველოში და ისევ ქირურგიის ინსტიტუტში გავაგრძელე მუშაობა. იმ პერიოდში გაჩნდა ძალიან კარგი პროგრამა – ამერიკელები ეხმარებოდნენ განვითარებად ქვეყნებს და ერთ-ერთმა ამერიკულმა კლინიკამ გააკეთა კარდიოქირურგიის დახმარების პროგრამა, ამოირჩიეს საქართელო, კერძოდ ქირურგიის ინსტიტუტი, საიდანაც ნიუ ჯერსის შტატში, დებორას კლინიკაში ვიყავი მივლინებული წელიწადნახევრით. ამერიკიდან დავბრუნდი და პირდაპირ სოხუმში წავედი სამუშაოდ, მძიმე დღეები გამოვიარეთ, ჩემს თვალწინ დაემხო სოხუმი.
_რა როლი აქვს ანეთეზიოლოგიას ქირურგიაში?
_ამ პროფესიის ჩამოყალიბებამ მნიშვნელოვნად წაწია წინ ქირურგია, როდესაც ანეთეზიოლოგია არა არსებობდა, ქირურგები ვერ აკეთებდნენ მასშტაბურ ოპერაციებს. ანესთეზიოლოგის მოვალეობაა, დაიცვას ავადმყოფი ქირურგიული აგრესიისგან და შეუწყოს ქირურგს ხელი, ოპერაციის სრულფასოვნად გაკეთებაში.
-აღსანიშნავია რომ დღეს ბევრად უსაფრთხო გახდა ანესთეზია
-როდესაც ანესთეზიოლოგიაში დავიწყე მოღვაწეობა მაშინ ნაკლებად უხიფათო წამლები იყო, დღევანდელთან შედარებით. დღეს ბევრად წინაა ეს პროფესია და კიდევ ვითარდება, ძალიან ბევრი მედიკამენტია გამოგონებული რომლებსაც არა აქვს ისეთი გვერდითი მოვლენები რაც ადრინდელ წამლებს ქონდა. შესაბამისად, ავადმყოფისთვის დღეს ანესთეზიოლოგია უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება, ერთი მხრივ ახალი მედიკამენტების გამოგონებით და მეორე მხრივ მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებით.
_ანესთეზიოლოგი ხვდება პაციენტს ოპერაციამდე და მისი მოვალეობაა შემდეგ პაციენტის გამოღვიძებაც, ალბათ თქვენს გამხნევებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის
_მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფესია ყოველდღიურად უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება, ავადმყოფების 90 პროცენტს ქირურგიულ ჩარევაზე მეტად ანესთეზიის ეშიანია. ხშირად მისვამენ ანესთეზიის წინ შაბლონურ კითხვას: გავიღვიძებ ექიმო? ამაზე რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით ვპასუხობ რომ გამოღვიძება მათზეა დამოკიდებული, იმაზე თუ რამდენად უყვართ ძილი. ჩემი 36 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით მივხვდი რომ ექიმმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე პაციენტისთვის კარგი განწყობის შექმნაც, როდესაც ღელავს პაციენტი, განსაკუთრებით ისეთი მასშტაბური ოპერაციების დროს, როგორ ოპერაციებზეც მე ვგავარ -სადაც გულის გაჩერება და სისხლის ხელოვნური მიმოქცევა ხდება, ფაქტობრივად ადამიანი კვდება ოპერაციიოს დროს, კარგი ექიმი კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. ყოველთვის უნდა დააყენო საკუთარი თავი კონკრეტული პაციენტის ადგილზე და მისი გადმოსახედიდან განსაზღვრო შენი ქცევა. შეიძლება შენც ძალიან ნერვიულობდე რთული ოპერაციების წინ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოს პაციენტმა, ის არ უნდა მიხვდეს რომ ექიმი რამეში არ არის ბოლომდე დარწმუნებული. წლებმა მაჩვენა რომ პაციენტი რომელიც დადებითად მოდის განწყობილი და ოპტიმისტურად უყურებს თავის მდგომარეობას, მის შემთხვევაში ბევრად უკეთ მიდის ყველაფერი და ადამიანი რომელსაც ეშინია, ყოყმანობს გაიკეთოს თუა არა ოპერაცია, ასეთი ავადმყოფების მკურნალობა ბევრად რთულია.
_ყველაზე ხანგრძლივი ოპერაცია თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ?
_იყო შემთხვევა როდესაც 24 საათი ვაკეთებდით ოპერაცაის, 85 წლის ქალბატონი იყო, რამდენჯერმე დავკარგეთ მაგიდაზე, მაგრამ საბოლოოდ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

_ ხშირად რისკავთ?
_ოპერაციის გაკეთების მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. მნიშვნელოვანია რისკების სწორად შეფასება, არის შემთხვევები როდესაც ჯობს უარი თქვა ოპერაციაზე და მედიკამენტოზური მკურნალობა ამჯობინო. თუ ოპერაციის რისკი 50 პროცენზე მეტია ცალსახად არ უნდა გააკეთო,
-რა ხდება სამედიცინო თვალსაზრისით ადამიანის ორგანიზმში ანესთეზიის დროს?
_ტვინი ითიშება. უნდა დათრგუნო ის რეცეპტორები რომლებიც ადიან ტვინში და აძლევენ სიგნალს ტკივილის კერის შესახებ.
_რეანიმატოლოგობა რატომ გადაწყვიტეთ?
_ანესთეზიოლოგია ვიწრო პროფესიაა რაც ქირურგიული ჩარევის უზრუნველყოფას და ყველაფრის მერე პაციენტის გამოღვიძებას ემსახურება, რეანიმატოლოგია უფრო ფართოა, ძალიან ბევრი რეანიმაციული შემხვევაა, სადაც ქირურგია სულაც არა არის საჭირო. რეანიმატოლოგია უფრო მეტ ცოდნას მოითხოვს და ბევრად საინტერესოა, მაგრამ ანესთეზიოლოგიასთან შედარებით დროში უფრო გაწელილია, რეანიმატოლოგს შესაძლოა ერთი პაციენტი რამდენიმე კვირა ყავდეს, რაც უფრო მძიმე სამუშაოა.
_ყოველი ახალი შემთხვევა რა არის თქვენთვის, გამახსოვრდებათ პაციენტები?
-ყოველი ადამიანი რომელიც წარმატებით გაივლის ქირუგიულ მანიპულაციას, გამოიღვიძებს და ან რეანიმაციიდან გამოჯანმრთელებული გადადის განყოფილებაში ერთგვარი გამარჯვებაა ჩემთვის, სწორედ ამ ბედნიერი ემოციებისთვის ვმუშაობ. ადამიანები რომელთა სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის ხშირად თვეები ვიბრძვი, რა თქმა უნდა, მთელი ცხოვრება მამახსოვრდება.
_მხლოდ ღია გულში მუშაობთ, არ გიფიქრიათ სხვა სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობაც შეითავსოთ?
_სამწუხაროდ, ექიმებსაც და ექთნებსაც რთული ეკონომიკური სიტუაციის გამო, ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა კლინიკაში უწევთ მუშაობა, რისი წინაღმდეგიც ვარ, ვფიქრობ ადამიანს აქვს თავისი მუშაობის რესურსი და როდესაც ის ერთ დღეს ერთ ადგილასაა მორიგე და მეორე დღეს სხვაგან, მისი მუშოაბის ხარისხი ქვეითდება რაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პაციენტს აყენებს ზიანს.
_რა გზა გაიარა ღია გულმა ერთ-ერთ თანამედროვე სამედიცინო ცენტრად ჩამოყალიებამდე?
-ღია გული 2001 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ქირურგიის ინსტიტუტს გამოეყო კარდიოქირურგია და გახდა კერძო, ვნახეთ პარტნიორები, შვეიცარიაში, გერმანიაში,ისრაელში, რომლებიც ჩამოდიონენ თითქმის ყოველ კვირას, აკეთებდნენ ოპერაციებს და ჩვენს მედპერსონალს ასწავლიდნენ იმ სტანდარტებს რა სტანდარტებიც იყო მათ ქვეყნებში, პროცესი 2001-2007 წლებში გრძელდებოდა, 2007 წლიდან ძირითადად დამოუკიდებლად დავიწყეთ მუშაობა.
_ყველა წარმატებული პროფესიონალის უკან დგას ოჯახი, რომელთა მხარდაჭერა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ვინ არის თქვენი ოჯახი?
_მყავს მეუღლე, ერთი ქალიშვილი და ერთი შვილიშვილი.

_რთული და დაძაბული სამუშაო განრიგი გაქვთ და კარგი განტვირთვა თქვენი მუშაობის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება, რა არის თქვენთვის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება?
_ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ნახევარი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, ბოლო ერთი წლის მანძილზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში ვიმოგზაურე და ბევრი ძალიანს საინტერესო ადგილი აღმოვაჩინე.
ნინო ვაშაკიძე
კომენტარები