• რეკლამა
  • კონტაქტი
11:26, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ზურა ჟვანია მოკვდა სიცილით: რა სისულელეს ამბობ, ლოს-ანჯელესია ბიჭო ესა, ხაშური კი არაო“

ალია ავტორი - ალია
21:29 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ყოფილი დეპუტატი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკულ, სახალისო ისტორიას აქვეყნებს:

სულ პოლიტიკაზე რომ არ ვწერო, მით უმეტეს, რომ ახლა განრიდებული ვარ პოლიტიკიდან,როგორც ჩვენი იურიტები იტყოდნენ, გადავწყვიტე კვირაში ორჯერ მაინც რამე სახალისო და სალაღობო-სათრეველი ამბავი მოვყვე ჩემი საზღვარგარეთის ვოიაჟებიდან. ამასწინეებზე ვიხსენებდი და საკმაოდ ბევრი დამგროვებია. აი, ტიპებს რომ ეკითხებიან, გაიხსენეთ რამე კურიოზი თქვენი ცხოვრებიდანო, იმ ამბავში. მოკლედ, არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ შევეცდები გაგართოთ
——————————————————————–
ისე მოხდა, რომ პირველი ქვეყანა, სადაც მომიწია გამგზავრება საბჭოთა კავშირის გარეთ, იყო ამერიკა. ცოლი დღემდე მაშაყირებს, შემოქმედიდან (მამაჩემის მშობლიური სოფელი) პირდაპირ ვაშინგტონში მოხვდაო. საპარლამენტო დელეგაციაში ჩამრთეს როგორც მწერალი ჟურნალისტი, რომელსაც დელეგაციის შეხვედრები უნდა აღეწერა და გადმოეგზავნა, ამის თაობაზე ცალკე მოვყვები ალბათ. ახლა სხვა რამ მინდა მოვყვე.

რადიო “თავისუფლების” და სხვა ანტისაბჭოთა ხმების რეგულარული მსმენელის, ჟურნალ “ინოსტრანნაია ლიტერატურას” მკითხველის, დისიდენტური სამიზდატების მომხმარებელ-გამავრცელებელისა და როკის მოყვარული ქართველისთვის ამერიკა ლამის აღთქმულ ქვეყანასავით იყო. ისე განვვლე ახალგაზრდობა, რომ იქ ჩასვლაზე სერიოზულად არც მიფიქრია, რადგან ეს დაახლოებით ისეთივე რანგის სირთულე იყო, როგორც მთვარეზე გაფრენა. ჰოდა აი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მეცხრე წელს (ეს ცხრაწელი ხომ არ მშორდება არსად), უკვე ორმოცს გადაცილებულმა „ზა სოროკ“ ასაკს რომ იტყვიან, მეოცე საუკუნის მიწურულსა და ოცდამეერთის დასაწყისში, ანუ 2000 წელსა ქრისტეს დაბადებიდან გავდგი პირველად ფეხი პოსტსაბჭოთა სივრციდან და თან სად გავდგი?

ამერიკა ამერიკად და როგორც საპარლამენტო დელეგაციის წევრს, საბჭოური პროპაგანდის მიერ იმპერიალიზმის ციტადელად შერაცხულ ისეთ საკრალურ ადგილებში მომიწია საკუთარი ფეხით შესვლა, რაზედაც სიჭაბუკის ჟამს ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც ვერ ვიოცნებებდი: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესის წარმომადგენლობითი პალატა, სენატი, მსოფლიო ბანკი და მთლად პენტაგონში რომ შევაბიჯე, ხომ კინაღამ მუხლები მომეკვეთა. თუმცა, ამაზეც სხვა დროს იყოს. აქ უბრალოდ აღვნიშნავ, რომ პირდაპირ თავბრუდახვეული გახლდით შთაბეჭდილებებით და მიუხედავად დელეგაციის დატვირთული გრაფიკისა, როგორც კი მომენტი ჩამივარდებოდა, ვცდილობდი სადმე გავმძვრალიყავი, მეხეტიალა ქუჩებში, ჩამოვმჯდარიყავი კაფეში, გამოვლაპარაკებოდი გამვლელებს და ა. შ. მით უმეტეს, რომ ამერიკელები საზოგადოდ ძალიან კომუნიკაბელური ხალხია, ყოველთვის გიღიმიან და სულ „გმადლობთ, ბოდიში“ აკერიათ ენაზე. მას მერე კიდევ სამჯერ მომიწია ამ ქვეყანაში ჩასვლა და კეთილგანწყობილი ღიმილი რომ ამერიკის ყოფითი კულტურის ნაწილია, უკვე ვიცოდი (აგრესიული და დაღრეჯილი სახე, თუ სადმე გეტოში არ მოხვდი, ამერიკის ქუჩებში თითქმის არ გხვდება, და თუ მაინც გხვდება, ეს იმდენად ამოვარდნაა საერთო სურათიდან, რომ ეგრევე იქცევს ყურადღებას). პირველად კი ეს ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. თან ამგვარ ურთიერთობებს საკმაოდ სწრაფად ეჩვევი და თბილისში ჩამოსულმა მარშუტკის მძღოლს რომ გადავუხადე მადლობა ხურდის მოწოდებისთვის და იმან კიდევ დაეჭვებით შემომხედა, ნეტა რა უნდა ამასო, მაშინღა გავაცნობიერე, თუ რა დაძაბულ-მოღუშული ყოფა გვაქვს მშობლიურ წილხვედრში.

მოკლედ დავხეტიალობ ამ ამერიკებში საცა მომიხერხდება, ხარბად ვსუნთქავ თავისუფალი სამყაროს ჰაერს და თვით ვაშინგტონური საშინელი ხვატიც (და იქ სიცხე იცის ზაფხულში, მსგავსი არ გენახოთ არაფერი) ვერ მაოკებს. ამასობაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ცხონებულმა ზურაბ ჟვანიამ შეამჩნია, რომ თავისუფალ დროს სულ სადღაც ვქრები ხოლმე და კი მქონდა ადრე ნათქვამი, აქ ჩემი დიდი ხნის უნახავი მეგობრები ცხოვრობენ მეთქი (რაც სიმართლე იყო), მაგრამ გაუჩინარებათა სიხშირე იმდენად აღემატებოდა ძველ მეგობრებთან შეხვედრების ალბათობას, რომ მაინც იჭვნეულად მკითხა ერთი-ორჯერ, სად დადიხარ შენ, სად დაძვრებიო.

ახლა, საქმე რაშია: მე მაშინ ვმუშაობდი თავისუფლების ინსტიტუტში, რომელსაც ჰქონდა ამერიკულზე უფრო პროამერიკული ორგანიზაციის იმიჯი, მის წევრებს ხომ ლამის ძია სემის აგენტებად მიგვიჩნევდა მთელი ხელისუფლება. ჟვანია არ იყო ძველი კომუნისტური ნომენკლატურიდან და კონსპირაციის თეორიებისა ნაკლებად სწამდა, ეს რომ ჩემი პირველი ვიზიტი იყო შტატებში, ისიც იცოდა, მაგრამ თავისუფლების ინსტიტუტის მიმართ პატარა ეჭვები, როგორც ჩანს, მასაც აწუხებდა და ჩემმა გაპარვა-გაუჩინარებებმა ცოტა არ იყოს „დააიზმენა“. აბა რანაირად უნდა ამეხსნა მისთვის, რომ შტატებში კი არა საერთოდ საბჭოეთს გარეთ პირველად ვარ და თავისუფლების ჰაერის ყლაპვით გახლავართ გაბრუებულ-დაკაიფებული? მართალი გითხრათ დიდი მცდელობაც არ მქონია. ამერიკის შპიონის სტატუსი რაღაც ამბავში მაწყობდა კიდეც, ამიტომ მის ირონიულ კითხვებზე მრავალმნიშვნელოვნად ვიღიმებოდი და თვალებს აღვაპყრობდი ხოლმე მაღლა.

ერთხელაც ლოს-ანჯელესში ვართ, ადგილობრივ აეროპორტში. ვაშინგტონში ვბრუნდებით სიეტლიდან და კაი ხუთი საათი გვიწევს ლოდინი. ქალაქში გემრიელად გასეირნებას ვერ ვასწრებდით და მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, სანსეტ ბულვარი და ჰოლივუდი კი დამრჩა უნახავი. თუმცა, ამდენი ხანი აეროპორტში ხომ არ ვიჯდებოდით და პარლამენტის თავმჯდომარემ გავიდეთ სადმე რესტორანში დავჯდეთო. მართლაც გავედით არც ისე შორს. აეროპორტის მახლობლად საკმაოდ მაღალი მანათობელი სვეტებია აღმართული და ერთ-ერთი ასეთი სვეტის თავზე რესტორანია.

დავიძარით ამ სვეტებისკენ და სანამ მივიდოდით, გამახსენდა ჟურნალ „ამერიკაში“ ამოკითხული, რომ ლოს-ანჯელესში პრაქტიკულად არ ხმარობენ კონდიციონერებს და ეს ყველას უკვირს. (ჟურნალი „ამერიკა“ საბჭოთა ცენზურის მიერ ოფიციალურად დაშვებული ამერიკული გამოცემა გახლდათ რუსულ ენაზე, რომელიც ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი და მამაჩემის ნომენკლატურული თანამდებობის წყალობით ვიყავ ნაზიარები). ჰოდა, წყაროს დასახელების გარეშე ვეუბნები ჟვანიას, ამ ქალაქში კონდიციონერები არ იციან მეთქი. მოკვდა სიცილით: რა სისულელეს ამბობ, რა კონდიციონერები არ იციან, ლოს-ანჯელესია ბიჭო ესა, ხაშური კი არაო. მოკლედ ამიგდო მასხრად. ამასობაში მივედით იმ მაღალ სვეტთან, შევედით ლიფტში, რომელმაც აგვაგრიალა სულ მაღლა, გამოვედით ლიფტიდან, შევაბიჯეთ შუშის ფანჯრებიან და ზღაპრული ხედების მქონე ფეშენებლურ რესტორანში და სადაა კონდიციონერები? არ არის.

არადა ზაფხულია. არ გრილა.

ჟვანიამ ჯერ, რომ იტყვიან საკუთარ თვალებს არ დაუჯერა და ოფიციანტს ჰკითხა კონდიციონერი მართლა არა გაქვთო და იმანაც რომ დაუდასტურა, მომიტრიალდა და უკვე სერიოზულად დაეჭვებული მეკითხება: აი შენ თუ პატიოსანი კაცი ხარ, ეს საიდან იცოდიო.

მე რა თქმა უნდა კვლავ მრავალმნიშვნელოვნად გავიღიმე, თვალები მაღლა აღვაპყრე და ერთი ქართული ფილმის პერსონაჟის ციტატით ვუპასუხე, „მი ვსიო ზნაემ გენაცვალე“ მეთქი. ჟურნალი „ამერიკა“ და მსგავსი პროზაული მიზეზები, ცხადია, არ მიხსენებია.

იმის მერე კიდევ ერთი კვირა დავყავით ვაშინგტონში და რამდენჯერაც კი გავძვრებოდი ხოლმე სახეტიალოდ და თავისუფლების ჰაერის ჩასასუნთქად. კაციშვილი აღარ კითხულობდა ჩემს ასავალ-დასავალს. ალბათ ფიქრობდნენ, საცა ლოს-ანჯელესის კონდიციონერებზე ჰქონდა ასეთი ინფორმაცია, არ დაიკარგებაო. #ამერიკა

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved