კონსტიტუციონალისტი, ლევან ალაფიშვილი, გამოცემასთან “ახალი თაობა”, გიორგი დავითაძის განცხადებას, ბადრაგის მხრიდან გაუპატიურების თაობაზე და პენიტენციურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება და ამბობს:
ეს კადრები ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და სახელმწიფოსთვის ღირსების საქმე უნდა ყოფილიყო. ხელისუფლებას უნდა დაემტკიცებინა, რომ სახელმწიფო მიუკერძოებულია და თავის ადგილზე დგას. თუკი გამოძიება ჯეროვნად წარიმართებოდა, ნებისმიერი იურისტისთვის გავრცელებული მცირე კადრებიდანაც კი ბევრი რამ ხელმოსაჭიდი აღმოჩნდებოდა. სამწუხაროდ, დღემდე ასეთი არაფერი გვინახავს. ინფორმაციაც კი არ გვაქვს, თუ რა უშლის ხელს სახელმწიფოს, ეს ფაქტები რომ გამოიძიოს. არაფერია დადგენილი. შესაბამისად, ეს ყველაფერი ბუნებრივად წარმოშობს სკეპტიკურ განწყობას და დამოკიდებულებას ნებისმიერი ხელისუფლებისა და გამომძიებლების მიმართ. ეს ისეთი დანაშაულია, რომ მტკიცებულების მოპოვება და შემდგომი რეაგირება ცხელ კვალზეც კი შესაძლებელი იყო. სამწუხაროდ, მსგავსი არაფერი გვინახავს, მაგრამ ვნახეთ ბევრი პოლიტიკოსის კომენტარი ამ ფაქტზე, მაშინ როდესაც კომენტარს გამოძიება უნდა აკეთებდეს. დღემდე არ არის გაკეთებული კომენტარი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.
სამწუხაროა, რომ პოლიტიკა იმ დონზე დომინირებს, რომ 10 თვის ბავშვის სიცოცხლე რითი დამთავრდა და როგორ დამთავრდა, დღემდე არ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხი. ბარბარე რაფალიანცი დღეს 14 წლის უნდა ყოფილიყო. დღეს ამ ბავშვის უბედურების შესახებ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. რატომ არ ვიცით, ამ წლების განმავლობაში რა გააკეთა გამოძიებამ? თუ შეწყვიტეს საქმე და თაროზე შემოდეს, ეს მაინც გვითხრან. ძალიან ბევრი კითხვაა, რომელიც ამ წლების განმავლობაში პასუხი არ გაეცა. ადამიანებად უნდა დავრჩეთ. ყველა სახელმწიფოს ცენტრი ერთი ადამიანი და მისი სიცოცხლეა. იმ ბავშვის შემთხვევა განზრახ იყო თუ უბედური შემთხვევა იყო, ხომ უნდა ვიცოდეთ. რატომ არ ვიცით, რა დაადგინა გამოძიებამ.
საკმაოდ მძიმე კადრებია, ყველა სახის ძალადობა დასაგმობია, მითუმეტეს მაშინ, როცა ძალადობა ეხება თავისუფლებაშეზღუდულ ადამიანს. ადამიანები ითხოვენ, ყველა კითხვას საგამოძიებო სტრუქტურიდან პასუხი გაეცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამჭვირვალედ წარმართოს ეს საქმე და შესაბამისად, გაეცეს კითხვებს პასუხი.
უნდა მომხდარიყო ამ ბადრაგების და ამ პატიმრის განცალკევება. ეს პატიმარი სხვაგან გადაეყვანათ, ან ეს საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები. მათი ერთად ყოფნა პატიმრის ფსიქიკაზე მოქმედებს.
საჯარო სივრცეში ერთი მხარე ამბობს ერთს, მეორე მხარე – მეორეს. როგორც იურისტი კითხვას ვსვამ, ამ ერთი ადამიანის წინააღმდეგობა ისეთი ინტესიური იყო, რომ ამდენი ბადრაგის მონაწილეობა გახდა საჭირო? ამ კითხვას პასუხი თუ არ გაეცა, მისი კვალიფიკაცია უკვე შეუძლებელია. ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი გამჭვირვალედ გამოიძიება.











კომენტარები