რობოტული ქირურგიის დანერგვა თანამედროვე მედიცინისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და ძირეულად ცვლის ქირურგიული ჩარევებისას ეფექტიანობას, სიზუსტეს, უსაფრთხოებას. მართალია, ამ სისტემას რობოტული ქირურგია ქვია, მაგრამ რეალურად, სისტემა მხოლოდ ინტეგრირდება ქირურგიაში და ოპერაციას ქირურგი მართავს, ეს მხოლოდ ხელსაწყოა სამგანზომილებიანი ვიზუალიზაციის და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ცდომილების, მაგალითად, ხელის კანკალისას, აღმოფხვრით. რობოტული ქირურგია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ფუფუნება, ეს მედიცინის განვითარების ახალი საფეხური, სისხლდენის ნაკლები რისკებით, ნაკლები გართულებებით, ბევრად მოკლე პოსტოპერაციული პერიოდით.
საქართველოში უკვე დაინერგა რობოტული ქირურგია, ნიუ ჰოსპიტალსში უკვე ჩატარდა ათეულობით ოპერაცია.
“ალიას’ ესაუბრება ნიუ ჰოსპიტალსის ქირურგიული სამსახურის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი, 8 წლიანი პრაქტიკული გამოცდილებით და ახლა უკვე, საქართველოში რობოტული ქირურგიით ჩატარებული ოპერაციების ერთ–ერთი წამყვანი ექიმი, ლაშა ღუღუნიშვილი.
– რა არის რობოტული ქირურგია, როგორ მუშაობს?
– რობოტული ქირურგია არის მინიმალური ინვაზიური ქირურგიის ახალი დარგი, რომლის დროსაც ქირურგი ოპერაციას ასრულებს სპეციალური რობოტული სისტემის დახმარებით. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და ხაზგასმით ვამბობ, რომ რობოტი ოპერაციას დამოუკიდებლად არ აკეთებს. ყველა მოძრაობას აკონტროლებს ქირურგი სპეციალური კონსოლიდან. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვა, ქირურგი ზის კონსოლთან და სწორედ ის აკონტროლებს საოპერაციო არეს სპეციალური 3D კამერით, გადიდებულ გამოსახულებაში.
– თქვენ უკვე ჩაატარეთ ოპერაცია რობოტული ქირურგიის მეთოდის გამოყენებით. როგორც ვიცი, კლინიკის გუნდი, წინასწარ ემზადებოდით. რთული იყო მოსამზადებელი პერიოდი?
– როდესაც გადაწყდა, რომ ვემზადებით რობოტული ქირურგიის დანერგვისათვის ჩვენს კლინიკაში, დავიწყეთ მთელი გუნდის გადამზადება. პირველი ეტაპი იყო თურქეთის წამყვან კლინიკაში ვიზიტი და ტრენინგები რობოტულ ქირურგიაზე. შემდგომ დავიწყეთ პრაქტიკაში გადმოტანა თეორიული ცოდნის. ამ კუთხით, ნამდვილად ნაყოფიერი აღმოჩნდა თურქეთში ვიზიტი. შემდგომი იყო იტალია გამოცდილების მიღებისა და გაცვლის კუთხით და ბოლოს ჩინეთი, ქალაქი შანხაი, სადაც განთავსებულია დიდი ტრენინგ-ცენტრი, აქ რობოტული სისტემით უშუალოდ ვმუშაობდით – იყო გუნდური პრინციპი, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი როლი გვქონდა და ვფიქრობ, იქ საბოლოოდ კარგად გავართვით თავი მედიცინის ამ ახალ გამოწვევას. უკვე სრულ მზადყოფნაში დავბრუნდით ჩვენს ქვეყანაში და დავიწყეთ მზადება პირველი ოპერაციისთვის.
– როგორ ნაწილდება როლები ოპერაციისას რობოტულ სისტემასა და ქირურგს შორის?
– ოპერაციის მსვლელობის დროს, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი როლი საოპერაციოში. ოპერატორი, რომელიც არის ლიდერი და აკონტროლებს მიმდინარე პროცესს ოპერაციის მსვლელობაში, ასისტენტები, რომლებიც ამზადებენ და ოპერატორთან ერთად ამაგრებენ კონსოლს – არგებენ პაციენტს.და ექთნები, რომლებიც უზრუნველყოფენ საოპერაციოს სტერილიზაციას და აღჭურვას ინსტრუმენტებით. პერსონალი მობილიზებულია და მაქსიმალურად, ჩართულია ოპერაციის მსვლელობაში.
– როგორ ჩაიარა პირველმა ოპერაციამ?
– პირველი ნაბიჯები იყო ემოციურად დატვირთული, თუმცა, მშვიდ რეჟიმში ჩაიარა ყველაფერმა, ვინაიდან საოპერაციოში გუნდური მუშაობის პრინციპი ყოველთვის გამართლებულია. როდესაც გვერდით გყავს პროფესიონალი მედიკოსები, ისეთები, როგორებიც ჩემი ქირურგებია, – ამ დროს შეუძლებელი არაფერია.
– როგორი განცდაა იყო წინა რიგებში და ერთ–ერთი პირველი?
– რობოტული ქირურგია არის ახალი დარგი, ახალი სიტყვა მედიცინაში და ჩვენი გუნდი ვამაყობთ იმით, რომ გვეძლევა შესაძლებლობა საზოგადოებას, მოსახლეობას შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიები.
რაც შეეხება განცდას, ეს არის სიამაყე, პასუხისმგებლობა, მუდმივი გამოწვევა, მასწავლებლის როლი, ისტორიული მნიშვნელობის განცდა. იყო რობოტული ქირურგიის დანერგვის ერთ-ერთი პირველი სპეციალისტი ნიშნავს არა უბრალოდ ახალი აპარატით ოპერაციების კეთებას, არამედ ყოფნას იმ ადამიანებს შორის, ვინც განსაზღვრავს როგორი იქნება ქირურგია მომავალში.
„ნიუ ჰოსპიტალსმა“ მოგვცა შესაძლებლობა რობოტული ქირურგია წინა პლანზე წამოგვეწია. ხელი შეუწყო ქირურგიული სამსახურების გადამზადებას რობოტულ ქირურგიაში.
– თქვენი აზრით, შესაძლებელია ოდესმე ქორურგი სრულად ჩაანაცვლოს რობოტმა?
– რობოტი ქირურგს ვერასდროს ჩაანაცვლებს, რადგან რობოტი არის ინსტრუმენტი, ხოლო გადაწყვეტილებას იღებს და ოპერაციას მართავს ქირურგი.
ქირურგის საქმეა:
- კლინიკური გადაწყვეტილება;
- ტაქტიკის შეცვლა;
- ქსოვილების შეფასება-რევიზიით;
- გართულებების მართვა;
- ინდივიდუალური ანატომიური თავისებურებების გათვალისწინება.
რობოტს არა აქვს, ქირურგის პასუხისმგებლობა. რობოტი შეიძლება იყოს ქირურგის ხელები და თვალები, მაგრამ ქირურგის ტვინს და გამოცდილებას ვერ შეცვლის.
– რა უპირატესობები აქვს რობოტულ სისტემას ტრადიციულ და ლაპაროსკოპიულ ქირურგიასთან შედარებით? კონკრეტულად პაციენტისთვის რას ცვლის რობოტული ოპერაცია?
– მთავარი უპირატესობაა მაქსიმალური სიზუსტე და რთულ ანატომიურ სივრცეებში მანიპულაცისს ჩატარების შესაძლებლობა. შემდგომ ეს გახლავთ 3D ხედვა, ინსტრუმენტების მაქსიმალური მოძრაობა, რაც, მაგალითად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მენჯში.
უპირატესობა რობოტულ ქირურგიას, ღია და ლაპარასკოპიულ ოპერაციებთან შედარებით, რეალურად ძალიან ბევრი აქვს და შეიძლება ყველა ვერ ჩამოვთვალო, თუმცა, მნიშვნელოვან ნაწილს მოგახსენებთ:
- მოძრაობის ფილტრაცია – ხელის კანკალი ინსტრუმენტებზე არ გადადის;
- ზუსტი დისექცია;
- ქირურგის ერგონომიულობა;
- ვიწრო სივრცეში მუშაობა!
- სტეპლერის დასმა – ინსტრუმენტების უფრო ზუსტი პოზიციონირება;
- ნაკლები სისხლის დანაკარგი;
- ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი;
- ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია;
- ჭრილობის კუთხით ნაკლები გართულება;
- სწრაფი რეაბილიტაცია;
- კოსმეტიკური ეფექტი.
გამოვყოფ მცირე მენჯის ღრუს ქირურგიას, სადაც მაქსიმალური სიზუსტით გვეძლევა შესაძლებლობა წარმატებით ჩავატაროთ რობოტული ოპერაცია სწორი ნაწლავის სიმსივნის დროს, ეს ოპერაციებია – სწორი ნაწლავის დაბალი წინა რეზექცია ან ექსტირპაცია
– ნიუ ჰოსპიტალსი და რობოტული ქირურგიის სისტემა Toumai – კონკრეტულად ეს სისტემა რამდენად ზუსტი და ხარისხიანია, რა პრიორიტეტები აქვს და რას ნიშნავს ახალი ეტაპი ოპერაციების ჩატარების, როგორც კლინიკის, ისე ქართული ქირურგიის განვითარებისთვის?
– Toumai ეს არის რობოტი, რომლის ტექნიკური სიზუსტე საკმაოდ მაღალი და ხარისხიანია. მისი მთავარი მნიშვნელობა ისაა, რომ ეს უკვე თანამედროვე რობოტული ქირურგიის პლატფორმაა
მისი მაქსიმალური შესაძლებლობებით ჩატარებული ოპერაციები ქირურგს აძლევს უფრო დახვეწილ ტექნიკურ შესაძლებლობებს რთული ოპერაციების შესასრულებლად.
კლინიკისთვის რობოტული ქირურგია იძლევა შესაძლებლობას ჩაატაროს მაღალი სირთულის მინიმალურად ინვაზიური ოპერაციები, შექმნას თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებული ქირურგიული ცენტრები, შექმნას ძლიერი ქირურგიული გუნდი, დაეუფლოს მომავლის ქირურგიულ ტექნოლოგიებს საკუთარ ქვეყანაში, რაც გულისხმობს ქირურგიული ტექნიკის ახალ დონეზე გადაყვანას.
თუ ჩვენ რობოტულ ქირურგიას სწორად გავავრცელებთ, შედეგი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ნიუ ჰოსპიტალსში რობოტის არსებობა, არამედ ახალი ქართული რობოტული ქირურგიის სკოლის ჩამოყალიბება. ეს უკვე კლინიკისთვისაც და ქართველი ქირურგებისთვისაც სერიოზული პროფესიული მიღწევა იქნება.
(R)











კომენტარები