საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის, ყოფილი პრესმდივანი, გია აბაშიძე:
მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა, როგორი შეფასებაც არ უნდა ჰქონდეს მის საქმიანობას, უპირველესად მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი კი, ყველაზე უკეთ, თავად მდინარაძემ იცის. ამიტომ სრულიად უადგილოა იმ ადამიანების მიერ მისი წასვლის მიზეზების „ახსნა“, რომლებსაც ამის შესახებ რეალური ინფორმაცია არ აქვთ.
განსაკუთრებით თვალშისაცემია რადიკალური ნაცოპოზიციის რეაქცია — ჯერ თავადაც ვერ გარკვეულან, რა გახდა მდინარაძის გადაწყვეტილების უშუალო მიზეზი, მაგრამ უკვე რამდენიმე ვერსია აქვთ გამზადებული. ფაქტები არ აქვთ, თუმცა დასკვნები — უამრავი. რაც არ იციან, იმას იგონებენ; რასაც იგონებენ, შემდეგ ერთმანეთს უმეორებენ და საბოლოოდ საკუთარივე ჭორს „პოლიტიკურ ინფორმაციად“ ასაღებენ.
ეს უკვე მათი ჩვევაა: როდესაც რეალური ინფორმაცია არ გააჩნიათ, მის ადგილს ჭორი იკავებს; როდესაც ფაქტები არ ჰყოფნით, შეთქმულების ვერსიებს ქმნიან; ხოლო როდესაც მოვლენები მათ მოლოდინს არ ემთხვევა, ცდილობენ ყველაფერი შიდა კრიზისად და დაპირისპირებად წარმოაჩინონ.
მამუკა მდინარაძე შეიძლება ყველასთვის მისაღები პოლიტიკური ფიგურა არ იყოს და მისი საქმიანობის მიმართ განსხვავებული შეფასებებიც არსებობდეს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია — მან ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი პოლიტიკური როლი შეასრულა და ამ პროცესში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ამიტომ მისი მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის შეფასება მინიმუმ იმ ღირსეულ დამოკიდებულებას იმსახურებს, რომელსაც თავად ეს გადაწყვეტილება იმსახურებს.
მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ყველა მომავალ საქმეში, რომელიც მას წინ ელოდება!
რაც შეეხება რადიკალურ ნაცოპოზიციას — სანამ მდინარაძის გადაწყვეტილების რეალურ მიზეზებს არ იცნობენ, იქნებ ერთხელ მაინც მოითმინონ და ჭორაობის ნაცვლად ფაქტებს დაელოდონ. თუმცა ეს მათთვის, როგორც ჩანს, ყველაზე რთული პოლიტიკური ამოცანაა.











კომენტარები