• რეკლამა
  • კონტაქტი
20:11, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ცარიელი დეკლარაცია, სავსე გარდერობი: ვინ არის ლევან ჟორჟოლიანი? – ,,სტუდია მონიტორის” გამოძიება

ალია ავტორი - ალია
18:22 05-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ოჯახის ცხოვრების სტილი და ოფიციალურად დეკლარირებული შემოსავლები კითხვებს აჩენს. -წერს ,,სტუდია მონიტორი” და ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი დეკლარაციის მიხედვით  უძრავ ან მოძრავ  ქონებას არ ფლობს.  სად ცხოვრობს ლევან ჟორჟოლიანი ოჯახთან ერთად? რამდენად კეთილსინდისიერად ავსებს ის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის  შესახებ დეკლარაციას? მაშინ, როდესაც   თავად  საჯაროდ  საუბრობს გამჭვირვალობაზე, როგორც კორუფციის პრევენციის  მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე.

,,კორუფციასთან ბრძოლა დგას 3 სვეტზე, პირველი – ეს არის გამჭვირვალობა, მეორე – პრევენცია, მესამე – სამართალდამცავი უწყებების ეფექტური მუშაობა.”- განაცხადა  ლევან ჟორჟოლიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორ ცხოვრობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ოჯახი და რას წერს დეკლარაციაში

2025 წლის 14 სექტემბერს, წითელი  ფარდისა და  ოქროსფერი ჩარჩოს ფონზე, ლევან ჟორჟოლიანის მეუღლემ, ხატია მუსერიძემ  ფოტო გადაიღო.  ხელში  მას   შავი  ჩანთა  უჭირავს, Chanel Classic Flap-ის კლასიკური მოდელი. ფრანგული მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანთა. საქართველოში Chanel- ის  ოფიციალური წარმომადგენლობა  არ აქვს  და ბრენდის საიტზე ეს მოდელი  დაახლოებით 10 000 დოლარი (27 000 ლარი)  ღირს.

ოთხი თვის შემდეგ, 2026 წლის 31 იანვარს, მისმა მეუღლემ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა,  ლევან ჟორჟოლიანმა ოფიციალურ საიტზე ოჯახის 2025 წლის ქონებრივიდეკლარაცია ატვირთა. 14-გვერდიან დოკუმენტში  მოძრავი და უძრავი  ქონების გრაფა  ცარიელია, Chanel-ის ჩანთა იქ არ ფიგურირებს. ბრენდული  ჩანთა, ისევე როგორც სხვა სავარაუდოდ პრემიუმ კლასის აქსესუარები, დეკლარაციაში არ წერია, ის მხოლოდ ფოტოებზე ან სოციალური ქსელის „სთორებში“ ჩანს. კანონი კი თანამდებობის პირს ავალდებულებს, დეკლარაციაში მიუთითოს ყველა მოძრავი ქონება, რომელთა თითოეულის ღირებულება აღემატება 10,000 ლარს და ასევე, 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი.

რატომ არ მოხვდა მთავრობის მაღალჩინოსნის ცოლის შანელის ჩანთა  დეკლარაციაში?

საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციებისა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების გაანალიზების შედეგად დავადგინეთ, რომ სავარაუდოდ,  Chanel – ის ჩანთა ერთადერთი ნივთი არ არის, რაც ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დეკლარაციაში არ აისახა. ხატია მუსერიძე სოციალურ ქსელებში, ღია პროფილზე  ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მისი  ბრენდული  ტანსაცმელი და აქსესუარებია ასახული.

2024 წლის 21 ივნისს, ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ლევან ჟორჟოლიანის მეუღლე სავარაუდოდ, ფრანგული პრემიუმ ბრენდის,   Celine – ის  ჩანთით მივიდა.  ორიგინალი ,,CELINE”-ის  ჩანთის ღირებულება 2300 ევრომდეა.

მეორე დღეს, 22 ივნისს, ჰამბურგში ჟორჟოლიანების წყვილი  ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის მატჩსაც დაესწრო. საფეხბურთო მატჩიდან გამოქვეყნებულ ფოტოზე ხატია მუსერიძეს ასევე,  ,,CELINE”-ის ბრენდის  ქამარი უკეთია.

2025 წლის 7 ივლისი, პარიზში ტრიუმფალური თაღის ფონზე  მეუღლესთან გადაღებულ ფოტოზე ხატიას“Loewe” ჯინსის შარვალი  აცვია. ორიგინალი  Loewe-ს „Anagram” ჯინსის,   მუხლებზე თეთრად ამოქარგული ორნამენტებით, ფასი საშუალოდ, 1100 დოლარია.  ასევე, პარიზშია გადაღებული  ფოტო, სადაც ხატიას დოლჩე გაბანას ფეხსაცმელი ჩანს.  დოლჩე გაბანას ორიგინალი ფეხსაცმლის ფასი საშუალოდ 900 დოლარია. ბერლინში,  ბრანდენბურგის კართან გადაღებულ ფოტოზე მას  Chanel– კლასიკური ორფერი ფეხსაცმელი აცვია. ორიგინალი ვერსია ამ ფეხსაცმლის, საშუალოდ $1,025-დან $1,400-მდე მერყეობს.  როგორც ჩანს, ხატია მუსერიძეს  Chanel-ის სხვა მოდელის ფეხსაცმელიც აქვს – რომლის ორიგინალის  ფასი დაახლოებით 550 დოლარია.

ფრანგული ბრენდის Jacquemus- ის მოდელის წითელი ჩანთა, რომელიც ასევე ამ ფოტოზე ჩანს, ჩანთის  ორიგინალი ვერსია დაახლოებით, 1000 დოლარი ღირს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მეუღლე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, შანელის კიდევ ერთი ჩანთას,  ყავისფერ Mini Flap Bag -ის მოდელსაც ფლობს.  შანელის ოფიციალურ საიტზე მსგავსი, ორიგინალი ჩანთის ფასი დაახლოებით 6000 დოლარია.

მორიგ ფოტოზე, რომელიც Louis Vuitton-ის ბუტიკის წინ არის  პარიზში  გადაღებული, ხატია მუსერიძე Bottega Veneta- ს ჩანთით პოზირებს. ამ ბრენდის ოფიციალურ საიტზე ორიგინალი ჩანთის ფასი 2000 დოლარია.

 

 

ესპანეთის ქალაქ ტოლედოში გადაღებულ ფოტოზე მუსერიძეს ცნობილი იტალიური ბრენდის, Valentino Garavani – ის ფეხსაცმელი აცვია.  ამ ბრენდის ორგინალი ფეხსაცმლის  ღირებულება დაახლოებით 1000$.

მუსერიძის სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს მისი ჟაკმუსის,  სელინის, შანელის, ივ სენ ლორანის, დოლჩე გაბანას, ბოტეგას, ვალენტინოს, ჰერმესისა და სხვა ცნობილი ბრენდების  ფეხსაცმელები და  აქსესუარები. თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დეკლარაციაში არც ჩანთები და არც სხვა დანახარჯები ნახსენები არ არის. რატომ არ ასახა დეკლარაციაში ეს ნივთები? ამ კითხვით თავად ლევან ჟორჟოლიანს მივმართეთ, რომელმაც პასუხად მოგვწერა, რომ ყველა ის აქსესუარი, რასაც მისი ცოლი ატარებს,  ორიგინალი ნივთი  კი არა, “ფეიკია”:   „სამწუხაროდ ( ამ შემთხვევაში საბედნიეროდ), ყველა ხსენებული აქსესუარი რეპლიკაა.”

ხატია მუსერიძე  მოგზაურობის ფოტოებთან ერთად, ზოგჯერ ,,შოპინგის“ ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს. მაგალითად, 2025 წლის 18 აპრილს ხატია თბილისის ექსკლუზიურ მულტიბრენდული ბუტიკს,  BOYGAR’S– სტუმრობდა,  ,,ლუქს შოპინგის  საუკეთესო ადგილს “ თბილისში, სადაც  Fendi, Celine, Saint Laurent, Dolce & Gabbana-სა და სხვა ფუფუნების ბრენდების  ,,შთამბეჭდავ არჩევანს” სთავაზობენ  თავის კლიენტებს.

 ევროპულ ქვეყნებში  მოგზაურობის დაუდეკლარირებელი ხარჯები

ბერლინი, ჰამბურგი,  ვენა, პარიზი,  ეს იმ  ევროპული  ქალაქების  არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი ცოლთან  ერთად მისი დაწინაურების შემდეგ სტუმრობდა.

ჟორჟოლიანმა  2025 წლის საშობაო არდადეგები  ცოლთან  და არასრულწლოვან შვილებთან ერთად ავსტრიაში, ვენაში გაატარა. იმავე წელს, ზაფხულში, ოჯახთან ერთად პარიზი მოინახულა და დისნეილენდში სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. მანამდე ჟორჟოლიანი ოფიციალური ვიზიტით ბერლინს სტუმრობდა, სადაც ასევე, ახლდა მეუღლე, ხატია მუსერიძე. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ჟორჟოლიანების წყვილი ჰამბურგში   საქართველო-ჩეხეთის  EURO 2024-ის საფეხბურთო მატჩსაც დაესწრო. 2024-2025 წლებში, ჟორჟოლიანის დაწინაურების შემდგომ პერიოდში,  ხატია მუსერიძემ კიდევ რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა და ფოტოები გამოაქვეყნა.  მათ შორის, თურქეთიდან  და ესპანეთიდან.  ბოლოს, როგორც მისივე ფეისბუქ ,,სთორებიდან” ჩანს, ხატიამ პარიზი მოინახულა და  რესტორან  Mondaine de Pariso-ში კაბარე შოუს დაესწრო. კითხვაზე, თუ რატომ არ ასახა 2025 და 2026 წლების დეკლარაციებში ამ ვიზიტებთან დაკავშირებული ხარჯები, ჟორჟოლიანმა მოგვწერა, რომ   „მოგზაურობასთან დაკავშირებული არც ერთი ხელშეკრულების თანხა არ აღემატებოდა 10 000 ან 5 000 ლარს. შესაბამისად, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ლ“ და „ნ“ პუნქტების თანახმად, ეს ხარჯები დეკლარაციაში არ მიეთითება. რაც შეეხება ბერლინს  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე ვიმყოფებოდი სამსახურებრივი მივლინებით, ჩემი მეუღლის ხარჯები კი თავად ავანაზღაურე.“

მამუკა მდინარაძის კომპანიის იურისტობიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობამდე

34 წლის ლევან ჟორჟოლიანმა  მთავრობის  ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ორი  წლის წინ, ირაკლი კობახიძის პრემიერად  დანიშვნის შემდეგ დაიკავა.

ახალგაზრდა პოლიტიკოსმა  კობახიძის ადმინისტრაციაში თბილისის საკრებულოს დეპუტატის სავარძლიდან გადმოინაცვლა, სადაც ის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”  პროპორციული სიიდან მოხვდა.

დეპუტატობამდე პროფესიით იურისტი, ლევან ჟორჟოლიანი  იურიდიული კომპანიის, ,,მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები”  უფროსი  იურისტი იყო. ამ კომპანიის მმართველი პარტნიორი და დირექტორი სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე გახლდათ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო მინისტრისა და  ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებს.   მდინარაძის საადვოკატო ფირმაში მუშაობიდან ორ წელში  ჟორჟოლიანი უკვე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” აპარატის უფროსი იყო. შემდეგ კი თბილისის საკრებულოს წევრი და იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გახდა.

ლევან ჟორჟოლიანის დაწინაურების შემდეგ დამატებით,  რამდენიმე პოზიციაზე დასაქმდა მისი ცოლიც. ხატია მუსერიძე, რომელიც მანამდე  საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,ერისიონი”   საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი იყო,  2024 წელს, დამატებით დასაქმდა კერძო სამშენებლო კომპანიაში   შპს “იმპელ დეველოპმენტში” PR სამსახურის უფროსის პოზიციაზე და ასევე, იუსტიციის სამინისტროს  სსიპ „იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად.  2025 წლიდან  მუსერიძე   სსიპ „იუსტიციის სახლის” პიარსა და ინოვაციების მენეჯერიც გახდა. ბოლო დეკლარაციიდან ჩანს, რომ  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მეუღლე ორი თვე ოთხი სხვადასხვა სამსახურიდან ერთდროულად იღებდა ანაზღაურებას. მათ შორის,  იუსტიციის სამინისტროს ორი სხვადასხვა სსიპიდან.  ლევან ჟორჟოლიანის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე ხატია მუსერიძის წლიური შემოსავალი   16 000 ლარი  იყო, ხოლო  ქმრის დაწინაურების შემდეგ მისი წლიური შემოსავალი  115 000 ლარი გახდა. ბოლო დეკლარაციით,   2025 წლის ბოლოს, ხატია მუსერიძე ორგან  იყო დასაქმებული. ის კერძო სამშენებლო კომპანიაში მუშაობას, იუსტიციის სახლის პიარისა და  ინოვაციებისა მენეჯერის პოზიციას უთავსებდა.  ,,მონიტორი” დაინტერესდა, ხომ არ იქონია გავლენა ჟორჟოლიანის დაწინაურებამ ცოლის კარიერულ წინსვლაზე? “ ჩემს მეუღლეს არასდროს დასჭირირვებია  ჩემი რეკომენდაცია დასაქმებასთან დაკავშირებით, ” – გვიპასუხა ჟორჟოლიანმა.

არც სახლი, არც მანქანა – სად ცხოვრობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი?

ლევან ჟორჟოლიანს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსობის ორი წლის შემდეგ, დეკლარაციით არც ბინა აქვს, არც მანქანა და არც ფასიანი ქაღალდები.  იგი მხოლოდ დანაზოგს, 10 000 დოლარს ფლობს, რომელსაც ბანკში არ ინახავს.

ჟორჟოლიანი  არ ასაჯაროვებს, თუ სად ცხოვრობს მისი ოჯახი. მის ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების გრაფა ცარიელია, მაგრამ აქვს 70 000 ლარის იპოთეკური  სესხი  თი-ბი-სი ბანკიდან, ოფიციალურად „ბინის რემონტისთვის” აღებული.  რომელი ბინა გაარემონტა, თუ  დეკლარაციის მიხედვით ის არ ფლობს უძრავ ქონებას?  იპოთეკურ სესხზე  დასმულ კითხვას ჟორჟოლიანმა ასე უპასუხა:  „2022 წელს ჩემმა მშობლებმა გაყიდეს საკუთრებაში არსებული ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით მე, ჩემი მეუღლე და შვილები. ამის შემდეგ მათ შეიძინეს ახალი ბინა, რომლის შესაძენადაც გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება პირის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. ვინაიდან ჩემი მშობლები ჩემს ოჯახთან ერთად არ ცხოვრობენ, მათი საკუთრება დეკლარაციაში არ მიეთითება.“

რას ამბობს კანონი, რას ამბობს დოკუმენტი

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონი ”თანამდებობის პირს ავალდებულებს, დეკლარაციაში მიუთითოს ყველა მოძრავი ქონება, რომელთა თითოეულის ღირებულება აღემატება 10,000 ლარს. კანონი  500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრის  დეკლარირებასაც ითხოვს.  საჯარო მოხელეს  3 000 ლარზე მეტი ღირებულების შემოსავლის ან 5 000 ლარზე მეტი ღირებულების გასავლის დასაბუთებაც ევალება.

ირაკლი კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ჟორჟოლიანმა  კითხვაზე, რამდენად ზუსტად ასახავს მისი დეკლარაცია მისი ოჯახის ფაქტობრივ ქონებრივ მდგომარეობას, ასე გვიპასუხა:  „ჩემი ქონებრივი დეკლარაცია სრულად ასახავს ჩემი ოჯახის ფაქტობრივ ქონებრივ მდგომარეობას. თქვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ისედაც ამომწურავად ჩანს ამ დეკლარაციაში  შესაძლებელი იყო მხოლოდ მასზე მითითება. მიუხედავად ამისა, გიპასუხეთ ყველა საკითხზე, როგორი აბსურდულიც არ უნდა ყოფილიყო.“

კორუფციის მკვლევარმა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, სანდრო ქევხიშვილმა გვითხრა, რომ   არასწორად შევსებული დეკლარაციის შესახებ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, შესაბამისი უწყება, აუდიტის სამსახური ვალდებულია  მოკვლევა დაიწყოს.

,, იმ შემთხვევაში,  როდესაც თანამდებობის პირი მალავს რეალურად მის ხარჯებს, ანუ ეს არის კორუფციული შინაარსის დანაშაულის ნიშნები  და როგორც წესი, მხოლოდ ეს ინფორმაცია საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ საგამოძიებო უწყებამ დაიწყოს გამოძიება. დეკლარაციების ნაწილშიც არის კონკრეტული სწორედ პროცედურა, რაც უნდა გაკეთდეს. პირველ რიგში, მედიაში გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ შესაძლებელია ახლა უკვე ანტიკორუფციული ბიუროსთვის მიმართვა ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ისინი ვალდებულნი არიან მონიტორინგი დაიწყონ დეკლარაციის. რის შემდეგაც, თუ აღმოაჩენენ დარღვევებს, მაშინ როგორც მინიმუმ ჯარიმა უნდა დაუწესონ ამ ადამიანს და უფრო სავარაუდოა, რომ კორუფციის ნიშნების დადასტურების შემთხვევაში მათ ვალდებულება აქვთ თავის მხრივ გაუგზავნონ ეს შემთხვევა პროკურატურას გამოსაძიებლად. ანუ აი ეს იქნებოდა სწორი რეაგირება და სწორი პროცედურა ამ კორუფციის სავარაუდო შემთხვევაში.”

კითხვები, თუ  რა სახსრებით მოგზაურობს და როგორ ყიდულობს ბრენდულ  აქსესუარებს, ჩვენ ხატია მუსერიძესაც გავუგზავნეთ.  პასუხი დღემდე არ მიგვიღია.  თუმცა, ჩვენი კითხვების მიღების შasaემდეგ  ჟორჟოლიანის მეუღლემ სოციალური ქსელის გვერდები დახურულ რეჟიმში გადაიყვანა. რამდენად იცავს  თავად გამჭვირვალობის პრინციპს  დეკლარაციების შევსების დროს და რამდენად თანხვედრაშია მისივე გაცხადებული ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართებით  მისი დეკლარაცია, ჟორჟოლიანი ასე გვპასუხობს:

,,რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, დამერწმუნეთ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ კორუფციასთან ბრძოლას, იმის მიუხედავად, ვინმეს მოსწონს ეს, თუ არა” (სტუდია მონიტორი)

თეგები: ლევან ჟორჟოლიანისტუდია მონიტორი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved