შინაგან საქმეთა სამინისტროს „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის“ ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი „ტვ პირველთან“ ადასტურებს, რომ დაახლოებით სამი კვირის წინ, შტატებში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
„ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლა. აშშ-ის ვიზა 2013 წლიდან მქონდა. 2021 წელს კანადის ვიზაც მივიღე და შემოთავაზებაც მქონდა და შესაძლებლობაც, ქვეყანა დამეტოვებინა, თუმცა ყოველთვის ფეხები მრჩებოდა უკან, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ყველა ქართველმა, ყველა ადამიანმა თავის ქვეყანაში უნდა იცხოვროს და იქ გაზარდოს შვილები. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, ეს იყო იძულება, იძულებით მომიწია აქ წამოსვლა.
ძალიან რთული გზა გავიარე. მარტივი არ არის ოჯახთან ერთად, მცირეწლოვან შვილებთან ერთად უცხო ქვეყანაში აბსოლუტურად მოუმზადებლად, აბსოლუტურად დაუგეგმავად შეძლო თავის დამკვიდრება და იქ ცხოვრება.
კი არ მეთაკილება და მრცხვენია, მეამაყება კიდეც – ხან ამანათებს ვარიგებ, ხან სხვადასხვა სამშენებლო ჯგუფებში ვმუშაობ. ძალიან ძნელია ემიგრაციაში ცხოვრება.
რაც მთავარია, რასაც ვაკეთებ თუნდაც ჩემი ორგანიზაციის ნაწილში, ჩართვების ნაწილში, მე 17 წლის ასაკში ჩავიცვი ფორმა და ფიცი, რომელიც ჩემი ქვეყნის წინაშე მაქვს დადებული, საზსღვრები და გეოგრაფიული არეალი არ გააჩნია და ვთვლი, რომ ჩემი, როგორც ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაა, ეს დადებული ფიცი პირნათლად შევასრულო. მე ჩამს შვილებს შევპირდი, რომ მათ ქვეყანაში აუცილებლად დავაბრუნებ”- განაცხადა შაიშმელაშვილმა.














კომენტარები