„ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით სასამართლო დავები ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ოჯახურმა წყვილმა, რომელიც სკოლის 30%-ს ფლობს, საქართველოშიც წამოიწყო და ბრიტანეთშიც, კერძოდ ლონდონში. დავა „საქართველოს განათლების ჯგუფთან“, ინვესტორთან, რომელიც ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტს ფლობს, ცოლ-ქმარმა 2 წლის წინ მას შემდეგ წამოიწყეს, რაც მენეჯმენტში ყოფნის კონტრაქტით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა ამოეწურათ და მათთან ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აფბას – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, რომელმაც დავის საფუძვლიანი შესწავლა და მონიტორინგი დაიწყო, ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას მიერ შეტანილ სარჩელში ქვეყნის იმიჯის დაზიანების გარდა, მატერიალური ზარალის და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის მოთხოვნის საფრთხეს ხედავს.
„ბრიტანეთის სასამართლოში (სარჩელის ბმული) ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის შეტანილი სარჩელი არამარტო „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ არის მიმართული, არამედ წარმოადგენს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების დემონსტრატიულად საწინააღმდეგო ნაბიჯს, ხოლო საქართველოს სასამართლო სისტემისა და ცალკეული მოსამართლეების მიმართ შანტაჟისაშკარა და პირდაპირ მცდელობას,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელის თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში სარჩელის შეტანიდან ანუ 2025 წლის 2 მაისიდან, 1 წელი გავიდა და ამის მიუხედავად, ნათია ჯანაშიას, რომელიც ამ სარჩელში მოყვანილი დაუდასტურებელი ჩანაწერებით მიზანმიმართულად აზიანებს ქვეყანას და გარკვეული ძალების მსგავსად, ფაქტობრივად, სანქციებისთვის წირავს ქართველ მოსამართლეებს, არც კი უფიქრია სარჩელის გამოთხოვნა ან თუნდაც საქართველოს სახელმწიფოს დამაკნინებელი პუნქტების ამოღება სარჩელიდან.
„უკვე ყველამ გაიგო და იცის მთელმა საქართველომაც, რომ ლონდონში შეტანილ სარჩელში ნათია ჯანაშია ბიძინა ივანიშვილს და მოქმედ ხელისუფლებას უწოდებს კორუმპირებულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს – კორუმპირებულ ქვეყანას, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზიდან რუსეთისკენ.
ამასთან, ნათია ჯანაშიას სარჩელის მიხედვით, ქართული სასამართლოები შემჩნეულები არიან კორუფციულ საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ, იუსტიციის სახლმა და საჯარო რეესტრმაგაყალბებული და ბათილი კრების ოქმის საფუძველზეუკანონოდ გაათავისუფლა ნათია ჯანაშია დირექტორის თანამდებობიდან.
სარჩელში წერია, რომ „მოსამართლეები, არჩილ კოჭლამაზაშვილი და ლაშა თავართქილაძე. მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ“ და ქალბატონინათია ჯანაშია მიიჩნევს, რომ „საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს.“ (ციტატის დასასრული–სარჩელის ამონარიდი),“ – განმარტავს ნათია ჯანაშიას პოზიციას აფბას ხელმძღვანელი.
გიორგი კაპანაძისთვის, რომელიც დავის მონიტორინგის პროცესში, ორიევ მხარის პოზიციას ღია წყაროების მიხედვით გაეცნო და შეისწავლა, შემაშფოთებელია სწორედ ის ფაქტი, რომ დავასთან შემხებლობაში არმყოფი პროცესები ერთი მხარის, ამ შემთხვევაში ნათია ჯანაშიას მხარის მიერ, გამოყენებულ იქნა დავის პოლიტიზებისთვის.
„შეიძლება, ლონდონში შეტანილი სარჩელის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა არ დაეკისროს და სავარაუდო ზიანის ანაზღაურება ბიუჯეტის ხარჯზე არ მოგვიწიოს, მაგრამ სად არის გარანტია, რომ ინგლისელი მოსამართლე დავას ამ მიმართულებით არ წაიყვანს და კიდევ უფრო დიდ ზიანს არ მიაყენებს ქვეყანას? როცა მოსარჩლე მხარე მეორეს ედავება ეს კერძო დავაა, მაგრამ რა შუაშია აქ სახელმწიფო, რატომ შემოყავს საქართველოს სახელმწიფო დავის ე.წ. მესამე მხარედ ნათია ჯანაშიას? რა არაკეთილსიდისიერი განზრახვის ასრულება უნდა? რატომ ანადგურებს თავისივე სამშობლოს რეპუტაციას და ჩირქს სცხებს საქართველოს, ხელისუფლებას და საერთოდ მთელ სასამართლო სისტემას?
ამ ეტაპზე ნათია ჯანაშიას მხარემ უმძიმესი დარტყმა მიიღო, როცა ლონდონის სასამართლოს სხდომამ მნიშვნელოვნად გადაიწია,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
















კომენტარები