სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ 5 აპრილს აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში დაჩქარებულად გააძევეს, მიუხედავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დროებითი აკრძალვისა.
ცენტრის ინფორმაციით, 10 აპრილს სტრასბურგის სასამართლომ მხარეებს დამატებითი განმარტებების წარდგენა მოსთხოვა, მათ შორის იმაზე, დაარღვია თუ არა აღნიშნულმა ქმედებამ კონვენციის 34-ე მუხლი, რომელიც ინდივიდუალური საჩივრის უფლებას იცავს.
“5 აპრილს, გამთენიისას, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში დაჩქარებულად, ქვეყნიდან ნებაყოფლობით გასვლის შესაძლებლობის მინიჭების გარეშე გააძევეს. ამ გადაწყვეტილებით საქართველომ ღიად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გადაყვანას უკრძალავდა. ამ საკითხზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სტრასბურგს ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა.
2026 წლის 10 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მივიღეთ მითითება, რომლითაც მან ორივე მხარეს – განმცხადებელსაც და საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს დამატებითი მოსაზრებების წარდგენა დაგვავალა. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ მხარეებს შემდეგი დამატებითი კითხვა დაგვისვა: დროებითი ღონისძიების არსებობის მიუხედავად, განმცხადებლის აზერბაიჯანში გადაყვანა იყო თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა.
მხარეებისთვის დასმული ეს კითხვა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფოს ვალდებულებას, არ შეაფერხოს ინდივიდის უფლება, მიმართოს სასამართლოს. კერძოდ, ამ პროცესში სასამართლო შეაფასებს, ხომ არ შეუშალა ხელი სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებამ განმცხადებელს ეფექტურად ესარგებლა კონვენციის 34-ე მუხლით გარანტირებული ინდივიდუალური საჩივრის უფლებით.
აფგან სადიგოვის საქმე ნათლად აჩვენებს სერიოზულ ეჭვებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები მიმართული იყო საერთაშორისო ვალდებულებების ფორმალური გვერდის ავლით თავიდან არიდებისკენ, მათ შორის იმ ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით, რომლებიც კრძალავს პირის დაბრუნებას დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის პირობებში და უზრუნველყოფს ეფექტიან სამართლებრივ დაცვასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების სავალდებულო შესრულებას.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს აფგან სადიგოვის ინტერესების დაცვას და გამოიყენებს ყველა შესაბამის მექანიზმს მისი უფლებების დასაცავად”, – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
















კომენტარები