კოდაში მომხდარ დაპირისპირებაზე “პირველებმა” ახალი დეტალები გაარკვია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, 25 წლის ერეკლე დალაქიშვილი და პოლიციის მოქმედი თანამშრომელი, თავდაპირველად ერთმანეთს სააღდგომო სუფრაზე დაუპირისპირდნენ, სროლა და გარჩევა კი მოგვიანებით, ერთ-ერთ ავტო-სამრეცხაოში მოხდა.
თითმხილველები ყვებიან, რომ შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ადგილი ჰქონდა მუქარასაც.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია დაჭრილის შესახებ, თუმცა ძალოვანი უწყების თანამშრომლები აღნიშნულს არ ადასტურებენ. უფრო კონკრეტულად, როგორც “პირველებს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, მოქალაქეს, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა, მხოლოდ ნასხლეტი მოხვდა.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 13 აპრილს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მდებარე ერთ-ერთ ავტო სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ურთიერთ შელაპარაკების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა ბეტონის საფარის მიმართულებით და სავარაუდოდ, ბეტონის საფარის ანასხლეტით ერთმა პირმა მსუბუქი დაზიანება მიიღო”- წერს პროკურატურა “პირველებისთვის” გამოგზავნილ წერილობით პასუხში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება ორი მუხლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) მიმდინარეობს.
პოლიციელი დაკავებული არ არის. კოდაში დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. (ტვ პირველი)
















კომენტარები