• რეკლამა
  • კონტაქტი
23:02, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

ალია ავტორი - ალია
15:37 10-30-2025
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

ეს სტატია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ამჟამად ქვემო ქართლის ახლად დანიშნულ გუბერნატორს, 10 წლის წინ კი, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორს, ილია ჯალაღანიას ეძღვნება.პუბლიკაციის დაწერის დრო ზუსტად 2015 წელია – „ოცნება“ პირველი ვადით არის ჯერ მმართველობაში და ცდილობს, „სამართლიანობა აღადგინოს“ და ხალხს წართმეული ქონება დაუბრუნოს. როგორ დამთავრდა ეს მცდელობა, ყველამ ნახა.  სტატია საკუთარი მოქალაქეებისადმი იმ ცინიზმის კარგი მაგალითია, რითიც „ოცნება“ მუდამ გამოირჩეოდა და ამის შესახებ „ალია-ქრონიკა“ მუდმივად წერდა. მოკლედ, „ალიას“ „ოქროს არქივიდან“ ერთ-ერთ პუბლიკაციას, სათაურით – „ამ კურიოზული სქემით, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას, უნდა გადასცეს ირაკლი ნადარეიშვილის ახალ დეპარტამენტს და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს!“ –  უცვლელად გთავაზობთ.

 

ლევან ჯავახიშვილი

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც „ნაციონალთა“  მმართველობის დროს ხალხისთვის წართმეული ქონების ფაქტები უნდა გამოიძიოს. ამ დეპარტამენტის უფროსს, ირაკლი ნადარეიშვილს ბევრი ჭკუასაკითხავი ხალხი, თუნდაც „ალიას“ მეშვეობით ურჩევდა, რომ ამ ურთულეს საქმეს ისევ ის ხალხი შეუშლიდა ხელს, რომლებიც ამ ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობდნენ და უპირველესად, თავად პროკურატურის მაღალჩინოსნები. რჩევასაც აძლევდნენ მთავარ პროკურორს, გიორგი ბადაშვილს- ჯერ ის ხალხი მოაშორე სისტემას, ვინც დანაშაულში იმხილება, ვის წინააღმდეგაც არაერთი საჩივარია ამ ქონება წართმეული ხალხისგან შემოტანილი და მერე დაიწყე სამართლიანობის აღდგენაო. თუმცა, როგორც ყოველთვის, ხელისუფლებამ ხალხის რჩევა ყურად არ იღო და ძალიან ბევრსაც ინანებს, ისევ პროკურატურის თანამშრომლები შეუშლიან ამ პროცესს ხელს და ამის კონკრეტულ მაგალითებს მალე დავინახავთ.

ილია ჯალაღანია დღეს დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორია. თუმცა, მანამდე ამ სისტემაში სხვადასხვა თანამდებობები გამოიცვალა და ერთხანს ოზურგეთის რაიონის მთავარი პროკურორიც იყო. სწორედ ოზურგეთში მის მუშაობას უკავშირდება ერთი სკანდალური ისტორია, რომელშიც ილია ჯალაღანია მონაწილეობდა. საქმე, არც მეტი, არც ნაკლები, ხალხისთვის ქონების წართმევას ეხება და ამას უშუალოდ, ჯალაღანია აკეთებდა. ამის შესახებ ინფორმაციები უხვადაა ქართულ მედიაში. აი, როგორ განვითარდა ეს ისტორია.

2006 წელს, ქალაქ ოზურგეთში ყოფილი რაიკოოპერატივის თანამშრომლები, 208 მეპაიე პროკურატურაში დაიბარეს და ქონება სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს, რომელიც შემდგომ ბიზნესმენმა და ქალაქ ოზურგეთის ახლანდელმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ საკმაოდ იაფად შეიძინა. დიახ, 208 მეპაიემ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმო ქონება, რადგან პროკურორმა ილია ჯალაღანიამ აიძულა, რომელიც ფინანსური პოლიციის შეფის, დავით კეზერაშვილის დაკვეთას ასრულებდა. ილია ჯალაღანიას გარდა, ამ საქმეში ჩართულნი იყვნენ ოზურგეთის მაშინდელი გამგებელი ვალერი ჩიტაიშვილი და მისი მოადგილე ივანე ტაბატაძე. მათ მეპაიეებს გამოუცხადეს, რომ ოფიციალურად ქონება სახელმწიფოსთვის უნდა ჩაებარებინათ. მეპაიეების თქმით, ისინი ზეწოლას ახდენდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული ოჯახის წევრების განთავისუფლებით, ან დაჭრით ემუქრებოდნენ. აი, რას აცხადებს ყოფილი რაიკავშირის თავმჯდომარე, ვანო კალანდარიშვილი:

„2000 წლიდან მე ვიყავი ოზურგეთის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე, ქონების წართმევა მოხდა 2006 წელს. ეს ასე დაიწყო: საჯარო რეესტრში მოვიდა ცნობა, რომელსაც ხელს დავით კეზერაშვილი აწერდა, ამ შენობის დაყადაღებაზე. ყოველგვარი ოპერაცია შეაჩერა საფინანსო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა კეზერაშვილმა. ანუ, შეჩერდა ყოველგვარი ყიდვა-გაყიდვის უფლება. 208 მეპაიე ჰყავდა ამ შენობას, რაიკავშირს. 2006 წელს, მე პირადად მიბარებს პროკურორი ილია ჯალაღანია, ეს იყო თებერვალი და მეუბნება, მომიტანე დისლოკაცია, ჩამონათვალიო, თუ არა, ამოღების ოქმს გავაფორმებო. მეც მივუტანე. შემდეგ მეუბნება: უნდა წავიდეთ ერთად ქუთაისში და შევხვდეთ საოლქო პროკურორსო. მაშინ გამგებელი იყო ვალერი ჩიტაიშვილი, მოადგილე – ივანე ტაბატაძე. გამგებლის მანქანით წავედით მე და ტაბატაძე ქუთაისში. იქ დაგვხვდა ადეიშვილის პირველი მოადგილე და ასევე, დასავლეთ საქართველოს რაიკავშირის თავმჯდომარეები. იქ გამოგვიცხადეს, – თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, ოფიციალურად ქონება უნდა ჩააბაროთ სახელმწიფოსო. ამის შემდეგ მიბარებს ყოველდღე ილია ჯალაღანია, მიმატანინა მეპაიეთა სიები, რადგან უნდა ჩატარებულიყო კრება, კრების გარეშე ეს მოხდებოდა. რა თქმა უნდა, ძნელი იყო მეპაიეთა უმრავლესობის დათანხმება ამ პროცესზე. იძულებული ვიყავი, ზოგიერთთან მე მეწარმოებინა საუბარი, ბევრს ვერ ვითანხმებდი და ზოგიერთს თვითონ ჯალაღანია იბარებდა და ახდენდა ზეწოლას. ვინც ურჩი მეპაიე იყო, იმას ემუქრებოდა, თუ ვინმეს ოჯახის წევრი მუშაობდა, გაათავისუფლებდნენ ან დაიჭერდნენ. ამის შემდეგ დამანიშვნინა რიგგარეშე სხდომა, 2006 წლის 12 აპრილს. ამ სხდომას სჭირდებოდა მეპაიეების წინასწარი გაფრთხილება და ის მეპაიეების გასაფრთხილებელი მოსაწვევები თვითონ პროკურატურის კომპიუტერში ამობეჭდა. დამარიგებინა მოსაწვევები, კრებას სჭირდებოდა ნოტარიუსი, რადგან დაემტკიცებინა კრების ოქმი, ნოტარიუსი მაშინ კურსებზე იმყოფებოდა და დაურეკა სასწრაფოდ, მოხსნა კურსებიდან და ჩამოიყვანა, მანვე შეუკვეთა ყოფილი რუდოს შენობა, იქ დიდი კლუბია, სხვაგან ვერ დავეტეოდით ამდენი მეპაიე, კრებას 110 კაცი მაინც სჭირდებოდა, ერთი მესამედი. მივედით და დაგვხვდა უშიშროების მთლიანი შემადგენლობა: შალვა ბოლქვაძე, რომელიც მაშინ უფროსი იყო, ასევე, ვანო საჯაია, თვითონ ჯალაღანია. ჩატარდა კრება და კრების თავმჯდომარედ დაგვინიშნეს საგადასახადო ინსპექციის მაშინდელი უფროსი, აწ უკვე გარდაცვლილი მიშა მიქატაძე. ის მეპაიეც იყო. რამდენიმე პირი წინააღმდეგი წავიდა, თუმცა, კრება ჩატარდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, – ნებით თუ უნებლიეთ ქონება გადაეცა სახელმწიფოს.

კრების შემდეგ წამოგვიყვანეს პროკურატურაში, ჯალაღანიას კაბინეტში, სადაც ამობეჭდეს ამ კრების ოქმი, რომელიც ჩვენ შევადგინეთ. ამის შემდეგ, ფაქტობრივად, ჩაიბარეს ეს შენობა. მერე მიბარებდნენ ყველა კვირაში ქუთაისში, საფინანსო პოლიციაში და რა ზეწოლა იყო ჩემზე, ვერ აგიწერთ… გვამუშავებდნენ, შიშის ფაქტორი იყო, თუ არ გაჩერდებით და სადმე იტყვით, საფინანსო პოლიცია დაგადგებათ და ნახავთო. რა გგონია, ვერ დაგიჭერთო? ასე გაგვაჩერეს“, – აცხადებს ვანო კალანდარიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბარში.

ყველა მეპაიე ასეთ დღეში ჩაყარეს, ძალით, მუქარით წაართვეს ქონება და ბევრი მათგანი დღეს ხმამაღლა ლაპარაკობს იმ საშინელებაზე, რაც გადაიტანეს. თუმცა, ვანო კალანდარიშვილის ისტორია ვიკმაროთ, რადგან სხვებისა ტყუპისცალივით ჰგავს მისას.

„რაიკოოპერატივის“ მეპაიეების ინტერესების დამცველი, გოჩა ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ დაზარალებულმა მოსახლეობამ თავდაპირველად განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას 2012 წელს მიმართა, რეაგირება დღემდე არ ყოფილა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ აღნიშნული საქმით  საქართველოს პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებით დეპარტამენტი დაინტერესდა. ეს სწორედ ის დეპარტამენტია, თავში რომ ვახსენე და რომელსაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ეს მხარე ავალია. მოკლედ, მეპაიეთათვის ქონების დაბრუნებისა და ამ დანაშაულში მონაწილე პირების დასჯის საქმე ადგილიდან დაიძრა. ახლა ვნახოთ, რა შეიძლება მოხდეს. თუ დადასტურდა და სავარაუდოდ, ასეც იქნება, რომ მეპაიეთათვის ქონების წართმევაში პროკურორი ჯალაღანია მონაწილეობდა, მას სისხლის სამართლის წესით პასუხისგება არ ასცდება. ის რიგითი შემსრულებელი არ იყო, რაიონის პროკურორი გახლდათ და წესით, მასზე არ უნდა გავრცელდეს ის შეღავათები, რაზეც ადრე ირაკლი ნადარეიშვილმა ილაპარაკა – საშუალო და ქვედა რგოლებს, რომლებიც ამ უკანონობაში იყვნენ ჩართულნი, სამსახურიდან გავათავისუფლებთ, სახელმწიფო სამსახურში მუშაობას ავუკრძალავთ და ამგვარად თუ სხვაგვარად, მსუბუქად დავსჯითო. მოკლედ, საქმე იქითკენ მიდის, რომ სავარაუდოდ, ილია ჯალაღანიას დაიჭერენ -კაცს, რომელიც დღეს დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორია. ახლა, მოდით, ლოგიკას მივყვეთ, როგორ შეიძლება მოიქცეს ასეთ დროს ნებისმიერი „ილია ჯალაღანია“. ცხადია, ყველანაირად ეცდება, თავი აარიდოს სასჯელს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ილია ჯალაღანია არ დაერიდება, ზეწოლა მოახდინოს ირაკლი ნადარეიშვილის დეპარტამენტზე, ამისთვის კი, მთავარ პროკურატურაში იმ ხალხს გამოიყენებს, ვისთან ერთადაც წლებია მუშაობს და ვისთანაც მეგობრობს. 14 წელია ეს კაცი პროკურატურის სისტემაშია, ოზურგეთის პროკურორობის გარდა, იყო წყალტუბოს საქალაქო პროკურატურის გამომძიებელი, იმერეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი. დღეს სწორედ მისი მეგობრები და ყოფილი თანამშრომლები არიან მთავარი პროკურატურის საკვანძო პოსტებზე, სხვაგვარად ვერც დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორი გახდებოდა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ოზურგეთი დასავლეთ საქართველოა და „რაიკავშირის“ იმ მეპაიეთა საქმე, რომელთაც ილია ჯალაღანიამ წაართვა ქონება, ჯერ ოზურგეთის პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, ირაკლი ნადარეიშვილის დეპარტამენტი, ცხადია, მას დაავალებს ამ საქმის გამოძიებას და მერე, ამ გამოძიებული საქმის მასალები გადაეცემა ამ დეპარტამენტს. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული პირის ბრალი დადასტურდა. ოზურგეთი, მოგეხსენებათ, დასავლეთ საქართველოა და მისი პროკურორიც დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურორს ემორჩილება. მოკლედ, ოზურგეთის პროკურორმა, კახა კოჩივარმა, ზემდგომის, უშუალო უფროსის, ილია ჯალაღანიას დანაშაულის საქმე უნდა გამოიძიოს და მერე, მასვე უნდა ჩააბაროს ანგარიში, დამნაშავეა თუ არა ილია ჯალაღანია. მერე, ილია ჯალაღანიამ უნდა დაადასტუროს ბეჭდითა და ხელმოწერით, რომ ილია ჯალაღანია დამნაშავეა, საკუთარი თავი უდრტვინველად საციხედ უნდა გაიმეტოს, ბრალი უნდა წაუყენოს და ამის დამადასტურებელი მასალები მთავარი პროკურატურის იმ საგანგებოდ შექმნილ დეპარტამენტში გადაგზავნოს. მოკლედ, არც მეტი, არც ნაკლები, ილია ჯალაღანიამ საკუთარი თავი უნდა დაიჭიროს, რაც, ცხადია, არ მოხდება. ასეთი კურიოზული შემთხვევა არა ერთი იქნება და ამიტომაც ვამბობ, საგანგებოდ შექმნილ დეპარტამენტს მანამდე არ უნდა დაეწყო მუშაობა, ვიდრე ილია ჯალაღანიებისგან სისტემას არ გაწმენდდა. ვინმეს გჯერათ, რომ  ილია ჯალაღანია დაუშვებს, რომ ოზურგეთის პროკურატურამ მის წინააღმდეგ აღძრული სს საქმე ობიექტურად გამოიძიოს? გჯერათ, რომ ზეწოლას არ მოახდენს და ამ კონკრეტული საქმის გამოძიებას არ დაბლოკავს? გჯერათ, რომ საკუთარ თავს საციხე  ვერდიქტს გამოუტანს? ეს სასაცილოა და მეტი არაფერი! ასეთი რამ სუპერდემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ვერ მოხდება. თუ ზემდგომი პროკურორის წინააღმდეგ გამოძიება იწყება, მაშინ ის გამოძიების დასრულებამდე პოსტს სტოვებს, თუ არ დაუმტკიცდა ეს დანაშაული, უკან აბრუნებენ, თუ დაუმტკიცდა და – იჭერენ. მთავარმა პროკურატურამაც ეს პრაქტიკა უნდა დანერგოს და ყველა, ვინც ხალხისთვის ქონების ჩამორთმევაში მონაწილეობდა, უსიტყვოდ ასრულებდა „ნაცმოძრაობის“  დანაშაულებრივ დავალებებს, გაათავისუფლონ პოსტებიდან. თუ არ დაუმტკიცდათ ეს დანაშაული, მერე დააბრუნონ უკან და თუ დაუმტკიცდათ, „ვირის აბანოში“ მიაბრძანონ. ასეა, ილია ჯალაღანია არასდროს არ წავა ილია ჯალაღანიას წინააღმდეგ, მის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, ყველა, მათ შორის, უკანონო ბერკეტსაც გამოიყენებს და   დაბლოკავს მის დასჯას.

ილია ჯალაღანიასგან დაიწყეთ – გაათავისუფლეთ ეს კაცი იმერეთის სამხარეო პროკურორობიდან, წაართვით ის ბერკეტები, რომლითაც ზეწოლის მოხდენა თავისუფლად შეუძლია ხელქვეით პროკურორ-გამომძიებლებზე და ასევე, მთავარი პროკურატურის წამყვანი თანამდებობის პირებზე.

ახლა, ერთმა კაცმა მეტი რაღა უნდა დააშავოს?!

 

თეგები: ილია ჯალაღანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved