დაგროვებითი პენსიის სახით, საქართველოში უკვე გაცემულია 546 118 ლარი. ამის შესახებ საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ პარლამენტის სხდომაზე მისი მოსმენისას განაცხადა.
„2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 10 427 დამსაქმებელი და გაწევრიანდა 146 303 დასაქმებული. შედეგად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 1 106 683 ადამიანს“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.
დანელიას თქმით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, 2020 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 3 377-მა დასაქმებულმა ისარგებლა საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით. მისივე თქმით, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა 2020 წელს ჰქონდა დაახლოებით 39 ათასამდე მონაწილეს. „ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ მათგან 314 დასაქმებული ამ პერიოდში ნებაყოფლობით დაუბრუნდა სქემას“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის თქმით, 2020 წელს საპენსიო სააგენტომ დაიწყო დაგროვებითი პენსიის გაცემა.
„გვყავდა ბენეფიციარები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს საკუთარი დანაზოგით. ამ პერიოდის განმავლობაში 478 განცხადება მიიღო სააგენტომ, საიდანაც 158 ეხებოდა ასაკის გამო პენსიის დანიშვნას. 196 განცხადება ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსს. 11 განცხადება – ქვეყნის სამუდამოდ დატოვებას, ხოლო 113 განცხადება გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მიღების თაობაზე იყო. დაკმაყოფილდა 430 განცხადება. რიცხვებში რომ მოგახსენოთ, 546 118 ლარი გაიცა პენსიის სახით“, – განაცხადა გიორგი დანელიამ.
1tv.ge
კომენტარები