ექიმი, არჩილ მარშანია:
❓ რატომ იკეთებ ვაქცინას რომელსაც გადაუდებელი ავტორიზაცია არ აქვს?
სხვა ალტერნატივა ჩვენ ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობს. არსებული ინფორმაცია ვაქცინაზე, პირადად ჩემთვის, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს) საკმარისია იმისთვის, რომ განვსაზღვრო, ინფიცირება უფრო მეტ პრობლემას შემიქმნის ვიდრე ვაქცინის თეორიული გვერდითი მოვლენები, გადატანილი მაქვს კოვიდი და არანაირი სურვილი არ მაქვს იგივე გავიარო.
❓ ვაქცინაციის შემდეგ უნდა გავაგრძელოთ თუ არა, ის ზოგადი პრევენციული ზომები, რაც რეკომენდებულია კოვიდ19-ს ინფექციის საწინააღმდეგოდ?
პრევენციული ღონისძიებები (ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა, დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება და ა.შ.) უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება.
❓ საჭიროა თუ არა, რუტინულად ვაქცინის წინ რაიმე ანალიზების გაკეთება?
ვაქცინაციის წინ არანაირი ანალიზის საჭიროება არ არსებობს. არა არსებობს მსგავსი რეკომენდაცია.
საჭიროა გასაუბრება იმუნიზაციის კაბინეტში.
❓ როგორ გრძნობ თავს?
ჩვეულებრივად, საერთოდ არაფერი მიგრძნია/ვგრძნობ, თუ არ ჩავთვლით ნემსის ჩხვლეტას.
❓ რატომ მარცხენა ხელი?
ნებისმიერი ინიექცია რომელიც კეთდება კიდურში, სასურველია გაკეთდეს არადომინანტურ ხელზე, სავარაუდო ადგილობრივი რეაქციების გათვალისწინებით, რომ დომინანტური კიდურის შეზღუდვა მაინც არ მოხდეს.
❓ დღეს, არჩევანი რომ გქონოდა რომელ ვაქცინას გაიკეთებდი?
ნებისმიერს, „ფაიზერი“ ან „მოდერნა“ ან „ასტრაზენეკა“.
❓ შეიძლება თუ არა ვაქცინის შემდეგ დალევა, სიგარეტის მოწევა?
ალკოჰოლით თრობა ზოგადადაც არ შეიძლება იყოს სასარგებლო, შესაბამისად ვაქცინის შემდეგ ცხადია ჯობია თავის შეკავება, არა იმიტომ რომ რამე სასწაული მოხდება, არამედ იმიტომ რომ ორგანიზმს უკეთესი პირობები ჰქონდეს იმუნიტეტის გამომუშავებისთვის და სავარაუდო გვერდითი მოვლენები თრობის გამო არ გამოგვეპაროს.
სიგარეტს თვითონ აწერია არ მოწიოთო და ექიმმა რანაირად შეიძლება თქვას რომ მოწევა შეიძლება?
❓ არის თუ არა ვაქცინაცია იმის 100% გარანტია რომ კოვიდი არ შეგვხვდება?
ზოგადად მედიცინაში „100%“ და მით უმეტეს „გარატნია“ არაფერში არ არსებობდა, არ არსებობს და დიდი ალბათობით არც იარსებებს. არსებობს ინფორმაცია და სტატისტიკა და ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერ მედიკამენტზე თუ პროცედურაზე ინდივიდუალურია, რისკისა და სარგებლის შეფასებით, ასე იყო ეს ყოველთვის, ასე არის ახლაც და ასე იქნება მომავალშიც, დიდი ალბათობით“,- წერს მარშანია.
კომენტარები