NDI-ის მიერ გამოკითხულთა 49% ივანიშვილს ნეგატიურად აფასებს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) პოლიტიკოსების რეიტინგს აქვეყნებს. ახალი კვლევის თანახმად აღნიშნულ რეიტინგში „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე ლიდერობს. ბაქრაძეს დადებითად გამოკითხული მოსახლეობის 34% აფასებს. 21% პოლიტიკოსს უარყოფითად აფასებს, ხოლო 35%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

ბაქრაძეს ხმებით მმართველი გუნდის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე გაუთანაბრდა. მერს დადებითად ასევე 34% აფასებს, ხოლო 22% ნეგატიურად.

სხვა პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გადანაწილდა: შალვა ნათელაშვილი – დადებითად ფასებს 29%, უარყოფითად – 25%, ალეკო ელისაშვილი – დადებითად 20%, უარყოფითად ასევე 20%, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას დადებითად აფასებს 27%, 34% კი ნეგატიურად. ელენე ხოშტარია – დადებითად 19%, ნეგატიურად 26%.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში შესული ხელისუფლების წარმომადგენლების ნეგატიური შეფასებები დადებითს აღემატება.

მაგალითად: მამუკა მდინარაძე –  დადებითად აფასებს 14%, ნეგატიურად 29%, გია ვოლსკი  – დადებითად აფასებს 16%, ნეგატიურად 32%, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე – დადებითად აფასებს 16%, ნეგატიურად 32%.

სიაში ასევე მოხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც გამოკითხული მოსახლეობის 26% დადებითად აფასებს, ხოლო 39% ნეგატიურად.

გარდა ამისა, ყველაზე ნეგატიურად გამოკითხული მოსახლეობა მმართველი გუნდის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აფასებს.

ივანიშვილს დადებითად მხოლოდ 17% აფასებს, ხოლო ნეგატიურად 49%. რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას დადებითად 13% აფასებს, 49% კი, ნეგატიურად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.