81 წლის პაციენტის წერილი ქირურგ ომარ ხაჩიძეს და “ნიუ ჰოსპიტალს”

“ქირურგმა ომარ ხაჩიძემ მძიმე ოპერაცია გამიკეთა და ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე მაჩუქა. მინდა მას საქვეყნოდ გულწრფელი მადლობა გადავუხადო.

ეს მადლობა თქვენ, ომარ ექიმო, პროფესიონალიზმისთვის, თბილი და უშუალო, მგრძნობიარე და ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის.

ომარ ექიმო, თქვენი ჭკვიანური ხელების, ნიჭისა და კეთილი გულის მადლობელი ვიქნებით მუდამ მე და ჩემი ახლობლები.

უფალმა დაგლოცოთ, დაგიფაროთ და გაგაძლიეროთ!

ომარ ხაჩიძე

ახალგაზრდას თუ მოხუცს, პატარასა თუ დიდს, ყველას ერთნაირად უხარია და ერთნაირად სტკივა. ჩემი წუხილისა და ტკივილის გაზიარებისთვის და ზრუნვისთვის, თბილი  ღიმილისთვის და კეთილი დამოკიდებულებისთვის მინდა მადლობა გადავუხადო მედპერსონალს: დავით კაცაძეს, შაჰინ ალახვერდიევს, ნინო აფციაურს, ლაშას, ია ექთანს და გიორგის რეანიმაციიდან.

ყველაფერზე დიდებული რაც შეუძლია ადამიანს გააკეთოს არის უანგარო სიკეთე. სიკეთის კეთებისას ადამიანი ბედნიერია. მუდამ ბედნიერები და დალოცვილები იყავით.”

ღრმად პატივისცემით და მადლიერებით  თქვენი პაციენტი  შურა ბებო – ამ წერილს 81 წლის შურა ბუკია წერს და უნდა რომ ხმა მივაწვდინოთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმ ომარ ხაჩიძეს და მთელ პერსონალს.

შურა ბუკია

„ალია“ ესაუბრა შურა ბუკიას ქალიშვილს, ლიკას:

დედა აქტიური, მოძრავი ქალია. თბილისთან ახლოს გადავიდა საცხოვრებლად, პატარა მეურნეობა აქვს, მოსავალი მოჰყავს, სახლს უვლის, სოციალური ქსელის მომხმარებელიცაა, ყველაფერს ასწრებს.

უცებ გახდა ცუდად, წავიყვანეთ „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც შეგვხვდა არაჩვეულებრივი ქირურგი ომარ ხაჩიძე, რომელმაც პერსონალთან ერთად სწრაფად დასვა ზუსტი დიაგნოზი, რაც დამეთანხმებით, იშვიათობა გახდა და იმავე დღესვე გაუკეთა ჩემ დედიკოს წარმატებული ოპერაცია. დიაგნოზი იყო კისრის მიდამოს ფლეგმონა, მედიასტინიტი მარჯვენამხრივი ჰიდროთორაქსი.

გარდა იმისა, რომ კარგი პროფესიონალია ბატონი ომარი, ბევრი კარგი თვისებით აღმოჩნდა დაჯილდოებული, ყოველთვის ყურადღებით გვისმენს და მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამაც კარგად ჩაიარა, ნაოპერაციებიც კარგად შეხორცდა, ახლაც კი კითხულობს ჩვენ ამბავს. ისე თბილად ესაუბრებოდა ჩემ დედიკოს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ურთიერთობებს, რომ ჩვენი გული საბოლოოდ მოიგო.

დედა უსაზღვროდ მადლიერია და სიმართლე რომ გითხრათ, ხშირად იმეორებს, რომ ბატონმა ომარმა მას სიცოცხლის დრო გაუხანგრძლივა და იმის შანსი მისცა, „პატრონს ჩამაბაროს“ – როგორც დედიკო იტყოდა.

პერსონალისაც ისეთი კმაყოფილია, რამდენჯერმე ტანისამოსი დაესვარა და მედდები და მედძმები იმას მიმეორებდნენ, ბებო, ოღონდ შენ არ ინერვიულო და საკუთარი დედასავით მივლიდნენ, მთელ ტანს მისუფთავებდნენო.

სამწუხაროდ, იშვიათობა გახდა ექიმი, რომელიც პროფესიონალიც არის და ზუსტად სვამს დიაგნოზს, დროულად გმკურნალობს და თან ასეთი გულისხმიერია. ომარ ხაჩიძე ის ექიმია, რომელსაც თვალდახუჭულები გავუწევთ რეკომენდაციას და რომელმაც, მე და ჩემ ტკბილ დედიკოს ერთად ყოფნის ბედნიერება გაგვიხანგრძლივა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ჯენი გოგუაზე

    ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი გულისხმიერი ექიმი თავისი მედპერსონალით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.