5 საგადასახადო შეღავათი – ვის გადაუვადდება, ან ჩამოეწერება გადასახადი?

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ის საგადასახადო შეღავათები დასახელდა, რომელიც 2021 წლიდან შევა ძალაში:

რა საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებს ბიზნესი:

1.2020 წლის 1 დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადით დაწესებული შეღავათი – დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ გადაიხადოს დაქირავებულისთვის 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 1500 ლარს არ აღემატება. აქ ნავარაუდევია 42 ათასზე მეტი კომპანია და 550 ათასზე მეტი პირი. წინა შემთხვევაში 425 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა ამ კომპენსაციით. პროგრამის ბიუჯეტი 270 მლნ ლარია.

2. მეორე შეღავათი არის ის, რომ 2020 წლის 1 დეკემბრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურეობის დღგ-თი დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ლიზინგის სფერო და იჯარის ბიზნესით დაკავებული სექტორი ითხოვდა ამ გადავადებას და ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ.

3.2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში. აქ შედის სასტუმროები და რესტორნები, ვფიქრობთ ამ შეღავათით 1000-ზე მეტი კომპანია ისარგებლებს და ჯამში 45 მილიონ ლარის ოდენობის იქნება მისი მოცულობა.

4.2020 წლის თებერვალ-მაისში საშემოსავლო გადასახადი გადაუვადეთ ასევე ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების საფუძველზე დღეს გადავწყვიტეთ, რომ ეს გადასახადები ჩამოვაწეროთ. საუბარია დაახლოებით 20 მილიონ ლარზე.

5.საკოორდინაციო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი გადაუვადონ სასტუმროებს, რომლებსაც ზამთრის სეზონზე ოპერირება სრულად აეკრძალათ, ესენია ის დაწესებულებები, რომლებიც ზამთრის კურორტებზე მდებარეობენ: მესტიაში, გუდაურში, ბაკურიანსა და გოდერძიზე. პროგრამის ბენეფიციარი 100–ზე მეტი სასტუმრო იქნება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.