24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის შემზარავი დეტალები

რა მოხდა „დამპალოს“ სასაფლაოზე ავბედითი 2 იანვრის ღამეს?

„ალია“ ესაუბრა წურწუმიას ოჯახის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს, შევისწავლეთ პროკურატურის და ოჯახის განცხადებები, დაველაპარაკეთ მეზობლებს – რათა მეტ-ნაკლებად აღგვედგინა იმ დღეს მომხდარი.

მურად წურწუმია 24 წლის ახალგაზრდა კაცი, მამის გარეშე იზრდებოდა, ჰყავდა დედა, ძმები და მამიდა, მამიდა ავადაა და მურადს მასზე ზრუნვა ჰქონდა თავზე აღებული, კვირაში რამდენჯერზე დიალეზის გადასხმაზე დაჰყავდა. თავის დროზე, მამიდა ზრუნავდა ძმისშვილზე, ამიტომ მურადისთვის იგი მეორე დედა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ „ალია“ დაელაპარაკა უამრავ ადამიანს, ვერ იპოვნა ერთიც კი, რომელიც მურადზე რამე ცუდს გვეტყოდა, „ალია“ ესაუბრა არა მხოლოდ მეზობლებს, იმ ხალხსაც კი, რომლებიც იმ სამრეცხაოს ახლოს ცხოვრობენ, რომელ ავტოსამრეცხაოშიც 24 წლის მურადი მუშაობდა. მურადი ბევრს მუშაობდა, მუშაობდა წვიმაშიც და მზეშიც, ქარშიც და თოვლშიც. 2020 წელს დაქორწინებას აპირებდა. ვერც ერთმა მისმა ნაცნობმა ვერ გაიხსენა, რომ მას ოდესმე ეჩხუბოს, ხშირად დაელიოს – ვერც დალევდა ხშირად, ვერც იჩხუბებდა, გარდა იმისა, რომ ტანად სუსტი იყო, მეზობლების ინფორმაციით, მას ეპილეფსიაც სჭირდა და მუდმივად მკურნალობდა.

არ იყო არასოდეს დაკავებული, არასოდეს იყო შემჩნეული ხულიგნობაში ან ქურდობაში, მიუხედავად იმისა, რომ ათასი მანქანის გასაღებთან და ათას მანქანაში დატოვებულ მილიონობით ნივთთან ჰქონია შეხება.

მურადის ძმა – თავდაცვის სამინისტროს კადრია, ისიც ტანმორჩილია, ძმა მურადზე რამდენიმე წლით უმცროსია.

2 იანვარს, ბედობა ღამეს, დაახლოებით 9 საათისთვის, ძმები მიდიან მამის სასაფლაოზე. დამპალოს სასამართლოზე პარალელურად უკვე იმყოფება შსს-ს მაღალჩინოსანი ზურაბ ფოფხაძე, მეგობარ ვახტანგ ბურძენიძესთან ერთად. ზურაბ ფოფხაძის ჩვენების მიხედვით, ისინი წავიდნენ ვახტანგის ძმის საფლავზე, ასევე, შსს-ს მაღალჩინოსნის ჩვენების მიხედვით, თავად იყო ფხიზელი, ვახტანგი კი იყო ნასვამი.

პროკურატურის ვერსიით, მურად წურწუმია და მისი ძმა ხედავენ მანქანას, რომელიც დაქოქილია, ჩატოვებულია გასაღები და ორივე კარი ღიაა. ძმები სხდებიან დაქოქილ მანქანაში, აგორებენ მას, გატაცების მიზნით და რამდენიმე მეტრშივე ეჯახებიან პირველივე წინაღობას. ჩვენ ვკითხეთ წურწუმიების ადვოკატ ნესტან ლონდარიძეს – გარეგანი დათვალიერებით აქვს თუ არა მანქანას შეჯახების კვალი? ის გვპასუხობს: „მანქანას აქვს რამდენიმე ნაკაწრი, რომელიც შეეძლო მიეღო ნებისმიერ ცუდ გზაზე მოძრაობისას, ექსპერტიზის პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, მანქანას არა აქვს შეჯახების კვალი.“

შევაჯამოთ, მანქანა დაეჯახა პირველივე წინაღობას, მაგრამ მანქანას არა აქვს დაჯახების და ავარიის კვალი – არ არის დაზიანებული. პროკურატურის მტკიცებით, ამის შემდეგ იწყება ჩხუბი. მურად წურწუმია გარდაიცვალა, მისი ძმა იმავე ღამესვე თავის ტვინის შერყევით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, რა დაზიანება აქვს ბრალდებულებს? თუ ეს იყო ჩხუბი – დაზიანება უნდა ჰქონდეს ჩხუბის მონაწილე ყველა პირს.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე: „მურადის მეტი წილი დაზიანებები აქვს თავის არეში მიყენებული, მას სცემდნენ ფეხებით, ურტყამდნენ წიხლებით. დაზიანებები აქვს თავის არეში მიყენებული მის ძმასაც, რომელიც იმავე ღამესვე მოხვდა საავადმყოფოში. რაც შეეხება ბრალდებულებს, მათ მხოლოდ ფეხზე აღენიშნებათ მცირე ნაკაწრი და ძალიან მცირე დალურჯება, მათ სხვა დაზიანება არა აქვთ.“

ჩვენ გავიარეთ კონსულტაცია ექსპერტებთან, მივმართეთ მათ კითხვით, რა შემთხვევში შეეძლო შსს-ს მაღალჩინოსანს და მის მეგობარს ფეხებზე დაზიანება მიეღო მაშინ, როცა ჩხუბის მონაწილე მეორე მხარეს თავში აქვს მიყენებული დაზიანება? როგორ წარმოუდგენიათ სურათი, ერთი მხარე თავში ურტყამდა და მეორე მხარე – ფეხებში? ექსპერტთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ფოფხაძემ და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს ინცინდენტისას და არა მანამდე, ან მოგვიანებით, ამ დაზიანებების ახსნა შესაძლებელია იყოს დარტყმით – კერძოდ, ფოფხაძემ და ბურძენიძემ, სავარაუდოდ დაზიანებები ფეხებზე მიიღეს მაშინ, როცა მურად წურწუმიას და მის ძმას თავში ფეხებს ურტყამდნენ. შევაჯამოთ ისევ და „ჩხუბის“ შედეგად, ორმა ძმამ მიიღო თავის დაზიანება, შსს-ს მაღალჩინოსანმა და მის მეგობარმა ფეხების დაზიანებები სავარაუდოდ მიიღეს, მურადის და მისი ძმის თავის ქალაზე და სხეულზე ფეხების დარტყმისას. და ამის კვალიფიცირება უნდა მოხდეს, როგორც ჩხუბის, თუ როგორც ანგარიშსწორების, როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობის – იმედია, ამას პროკურატურა განმარტავს.

ტრაგიკული ინციდენტისას, მურადი ძმას ეძახის – გაიქეცი… ჩვენებების მიხედვით, ძმას ჰგონია, რომ მურადმაც თავი დააღწია და გარბის. მალევე ხვდება, რომ მურადი ვერ გამოიქცა და დაახლოებით 10-15 წუთში უკან ბრუნდება. უკან დაბრუნებული ძმა მურადს ვეღარ ხედავს, სავარუდოდ, იგი უკვე მანქანაში ჰყავს ფოფხაძეს და ბურძენიძეს გადაყვანილი – თუმცა, შსს-ს მაღალჩინოსანი და მისი მეგობარი ჯერ კიდევ ადგილზე არიან, ძმა მათთან მიდის, მურადის ამბის გასაგებად, მას კიდევ ერთხელ სცემენ თავის არეში, მაგრამ ისევ ახერხებს გამოქცევას, ამჯერად, კიდევ უფრო დარწმუნებულია, რომ მურადმა გაქცევა მოახერხა, რაკი ადგილზე ვერ იპოვნა.

სახლში მისული, ძმას ვერ პოულობს, ურეკავს ახლობლებს, თავიდან მიდის მათთან ერთად სასაფლაოზე, სადაც უკვე აღარავინ ხვდება, ადგილზე პოულობს მისი ძმის სისხლიან ტანისამოსს, რომელიც არ არის დაყრილი, არის დაკეცილი და ისეა დალაგებული. იქვეა დატოვებული ძმის ნივთები და საბუთები. ამის შემდეგ მურადის ძმა იძახებს პოლიციას, იძლევა პირველ ჩვენებას – ჩვენი ინფორმაციით, იგი ადგილზე მისულ პატრულს, მანქანის მონაცემებსაც აძლევს. მოგვიანებით, იგი გადაჰყავთ საავადმყოფოში. შსს-ს მაღალჩინოსანი და მისი მეგობარი, მას შემდეგ რაც მურდს ტანსაცმელს ხდიან, კეცავენ მას და ალაგებენ, არ ყრიან – ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ჩვევა აქვთ სამხედროებს, ძალოვნებს, პედანტებს და გარდა ამისა, ტანსაცმლის დაკეცვა ასეთი მძიმე შემთხვევის მერე მიუთითებს იმაზე, რომ ფოფხაძე და ბურძენიძე არ იყვნენ პანიკაში, ცივი გონებით, ჩვეული წესის მიხედვით მოქმედებდნენ.

ფოფხაძემ და ბურძენიძემ მურადის პირველად უკანმობრუნებულ ძმას არ უთხრეს, რომ მურადი მძიმე მდგომარეობაშია და გადაჰყავთ, არც სინანულს გრძნობდნენ თავგატეხილი ახალგაზრდა კაცის გამო, პირიქით, მის ძმას ისევ გამეტებით ურტყამენ თავში, სანამ წაიქცევა, დაგორდება და გაიქცევა.

ამის შემდეგ, უკვე ფოფხაძის და ბურძენაძის ჩვენებებით ვიხელმძღვანელებთ:

ფოფხაძემ და მისმა მეგობარმა მურად წურწუმია წაიყვანეს სახლში, რაკი ფოფხაძეს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს, თავის სახლში ვერ მიიყვანდა, ბურძენაძე მარტო ცხოვრობდა ბიძის ბინაში, ამიტომ წურწუმია იქ მიიყვანეს, დილამდე ჰყავდათ ამ ბინაში.? ჩვენებეში შსს-ს მაღალჩინოსანი წერს, რომ მას მთვრალი ეგონა წურწუმია და ელოდა, როდის გამოფხიზლდებოდა. არც ერთი ბრალდებულის ჩვენებაში არ წერია, რომ ისინი ეცადნენ, წურწუმიას რაიმით დახმარებოდნენ, თუნდაც ჭრილობა გადაეხვიათ – არც დასტურდება რამე სახის სამედიცინო ჩარევა მთელი ღამის მანძილზე. ერთადერთი ქმედება, რომელიც ბრალდებულმა მეგობრებმა განახორციელეს, იყო ის, რომ სისხლისგან გაწმინდეს სახლი, ხოლო სისხლიანი ტილოები გადაყარეს, ამასაც თავად წერენ ჩვენებებში. რა თქმა უნდა, არ ხსნიან, რატომ ეგონათ, რომ მთვრალ კაცს სისხლი უნდა სდიოდეს და თავგატეხილი, ფეხებით ნაცემი, უგონო მდგომარებაში მყოფი წურწუმია, როგორ და რატომ ეგონათ სიმთვრალისგან დაძინებული.

დილით, ზურაბ ფოფხაძე მიდის ჩვეულებრივად სამსახურში და წერს პატაკს, სადაც ჰყვება, რომ წინა ღამეს ორი პირი ცდილობდა მისი მანქანის გატაცებას, არ ასახელებს პირების ვინაობას – მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცის, რადგან თავად დატოვა მისი საბუთები სასაფლაოზე ტანსაცმელთან ერთად, პატაკში წერს იმასაც, რომ მოუვიდათ ჩხუბი. როგორც კი ფოფხაძე პატაკს წერს და აბარებს, მალევე, მისი მეგობარი ბურძენიძე თავისი ტელეფონის ნომრით რეკავს 112-ში. როგორც წურწუმიების ოჯახის ადვოკატი გვიყვება, საქმეში დევს სასწრაფოს ორი ოქმი, ერთი ოქმის მიხედვით, სასწრაფო წერს, რომ მან შეატყობინა პოლიციას, რომ წყაროსთან ნაპოვნია მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება დაზიანებები.

სასწრაფოს მეორე ოქმში წერია, რომ მურად წურწუმია წამოყვანილი იქნა ბურძენიძეს ბინიდან. სასწრაფოში შესული ზარიდან მურადი კლინიკაში გადაჰყავთ ერთ საათში და 15 წუთში. სწორედ ამიტომაა გასარკვევი, რას გულისხმობდა სასწრაფო პირველ ოქმში, ის გადასცა პოლიციას, რაც ტელეფონში ბურძენიძემ გადასცა, თუ წყაროსთან იპოვნა მურადის სხეული? ან, იქნებ ბურძენაძე და ფოფხაძე შეთანხმებულნი იყვნენ, რომ წურწუმიას სხეული წყაროსთან უნდა დაეტოვებინა შსს-ს მაღალჩინოსნის მეგობარს, მაგრამ მერე ვახტანგს რამემ შეუშალა ხელი? მურად წურწუმია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა საავადმყოფოში და გადაყვანა მოხდა 112-ში ზარის შესვლიდან 1 საათსა და 15 წუთში.

გამომდინარე იქედან, რომ მძიმე მდგომარეობა იყო, ადგილზე უნდა გასულიყო პირველივე ბრიგადა და გადაყვანა უნდა მომხდარიყო უახლოეს კლინიკაში – დააგვიანდა სასწრაფოს, თუ ბინაში მურად წურწუმიასთან დაჰყო დიდი ხანი – უცნობია.? ბურძენიძეს კი პოლიციამ დააწერინა გაუსვლელობის ხელწერილი და არც ის და არც ზურაბ ფოფხაძე არ დააკავა.

შემთხვევა მოხდა 2 იანვარს საღამოს, მურადი კლინიკაში გადაიყვანეს 3 იანვარს დღისით, იგი გარდაიცვალა 4 იანვარს. გარდაიცვლებოდა თუ არა, 2 იანვრის საღამოსვე რომ ყოფილიყო გადაყვანილი კლინიკაში? – ამას პასუხი უნდა გასცეს ექსპერტიზამ, რასაც ატარებს სამხარაულის ექსპერტიზა, რომელსაც არც ჩვენ ვენდობით და არც ადვოკატები. სხვა თუ არაფერი, გვახსოვს კარგად, ხორავას საქმეზე გამოტანილი მათი დასკვნა. მაგრამ, სამწუხაროდ სასამართლო სამხარაულის ექსპერტიზას „ენდობა“ და თითქმის არ ყოფილა შემთხვევა დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა გაეზიარებინოს.

შევაჯამოთ ეს მონაკვეთიც: შსს-ს მაღალჩინოსანი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, 2006 წლიდან შსს-ს კადრია, რომელსაც არაერთი გადამზადება აქვს გავლილი, არაერთი დაზიანება აქვს ნანახი სხეულის, არაერთი ცხედარი ჰყავს ნანახი – ამბობს, რომ ვერ გაარჩია მომაკვდავი ბიჭი მთვრალისგან, ვერ ხსნის, რატომ გაწმინდა სისხლი და რატომ გადაყარა სამხილები, სისხლიანი ტილოები. საქმეში არ დევს ჯერჯერობით, 2 იანვარი როგორ გაატარა ზურაბ ფოფხაძემ, სად იყო, მიიღო თუ არა ალკოჰოლი, მართლა ფხიზელი იყო, თუ ნასვამი იჯდა საჭესთან.

შსს-ს არ იჭერს არც ფოფხაძეს, რომელმაც პატაკი ისე შეადგინა, ისე მოჰყვა ჩხუბის და ე.წ. მანქანის გატაცების შემთხვევა, არ წარადგინა დაზიანებული ავტომობილი, რომელსაც, ადვოკატის თქმით, არც ჰქონდა შეჯახების კვალი და არც ის დაწერა, რომ „ჩხუბის“ დროს ნაცემი ბიჭი მეგობრის სახლში დაახლოებით 15 საათით გააჩერა ექიმის გარეშე.

შსს არ აკავებს ბურძენიძეს, რომლის სახლშიც მომაკვდავი, ნაცემი ბიჭი იპოვნა.

რატომ დაწერა პატაკი ფოფხაძემ? „ალიას“ ინფორმაციით, ფოფხაძემ უკვე იცის, რომ მურად წურწუმიას ძმამ მისცა ჩვენება პოლიციას, ერთი კი არა, ორი ჩვენება მისცა და მისი მანქანაც აქვს აღწერილი, მისი გარეგნობაც კი აღწერილი აქვს, მურადი გონზე არ მოდის, ჩვენებას ისედაც ვეღარ დაწერს  – მაგრამ არის ძმის ჩვენება და შესაძლოა მეზობლებიდან ვინემს დაენახა, როგორ შეიყვანეს წურწუმია სახლში. შესაბამისად, ფოფხაძეს რომც სურდეს, უკვე აღარ შეუძლია სხეულის გადამალვა – მისი ერთადერთი შანსი, მურადის გადარჩენაა – ამიტომ ხვდება, რომ სასწრაფოდ უნდა წაიყვანოს საავადმყოფოში.

ზურაბ ფოფხაძის, მისი ოჯახის წევრების, მისი სამსახურეობრივი მეგობრების, ვახტანგ ბურძენიძეს სატელეფონო ამონაწერებიდან აუცილებლად დადგინდება, ვისგან გაიგო ფოფხაძემ, რომ მურადის ძმამ უკვე ორი ჩვენება დაწერა და მისი მანქანა აღწერა და ვინ ურჩია ფოფხაძეს პატაკის დაწერა! იმედია, პროკურატურა დანაშაულის დაფარვის მცდელობას არ დატოვებს უყურადღებოდ.

5 იანვრის საღამოს აკავებენ ფოფხაძეს. 7 იანვარს წურწუმიას საქმეს იღებენ ადვოკატები ნესტან ლონდარიძე და დიმიტრი ნოზაძე, რომლებიც ითხოვენ მეორე მონაწილის დაკავებას.? პარალელურად მედიის საშუალებით ცნობილი ხდება, რომ ვახტანგ ბურძენიძე ბიძინა ივანიშვილის მეზობლად ცხოვრობს! 8 იანვარს ორთაჭალაში აკავებენ ვახტანგ ბურძენიძეს და ბრალი რა თქმა უნდა უმძიმდება ფოფხაძეს. ბრალი იმიტომ კი არ უმძიმდება, რომ პროკურატურამ კარგად იმუშავა – მისი ბრალი თავიდანვე მძიმე იყო, ისედაც ჯგუფურად მოქმედებდნენ – პირიქით, პროკურატურის ცუდი მუშაობის და ადვოკატთა და მედიის კარგი მუშაობის შედეგად, ბრალის ნაწილი დაგვიანებით იქნა წარდგენილი. 

თვალი!

ოჯახი ამბობდა, რომ მურადს ამოთხრილი ჰქონდა თვალი. დაკრძალვის წინა ღამეს, პროკურატურამ ღამის 3 ის წუთებზე დააგზავნა მედიასთან რელიზი, რომ მურადს თვალები არ აქვს ბუდიდან ამოვარდნილი და რომ დამატებით ჩატარდა გარეგანი დათვალიერება.

ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტებს:

– შეიძლება გარეგანი დათვალიერებით მიხვდეს ექსპერტი თვალი ამოვარდნილი, თუ არა?

– კი, რა თქმა უნდა, ქუთუთოს აუწევს და შეხედავს.

– შეიძლებოდა თუ არა, თეორიულად, საავადმყოფოში ყოფნისას ჩაესვათ მისთვის თვალი?

– ხელოვნური თვალის შემჩნევაც შეიძლება გარეგანი დათვალიერებით, თუ კარგად დააკვირდები.

– არა, ვგულისხმობ ბუნებრივი თვალის გუგას, საკუთარს.

– კი, შესაძლებელია, რა თქმა უნდა.

– მაგ დროსაც შეიძლება დაინახო ნაოპერაციები?

– არა, ვერა, ერთადერთი ნიშანი იქნება სიწითლე, რომელსაც დატოვებს სისხლჩაქცევები.

თვალთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ოჯახის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძესაც:

– ოჯახს მართლა ეგონა, რომ თვალი ჰქონდა ამოვარდნილი, როგორც იცით, მურადს სცემეს თავის არეში, თვალის გარშემო ჩალურჯებული აქვს სახე, ერთი თვალი ამოწეული იყო, მეორე ჩაწეული, გარდა ამისა, ერთ თვალში იყო ქუთუთოები ჩაბრუნებული. ამიტომ შეექმნათ მათ შთაბეჭდილება, რომ ერთი თვალი ამოვარდნილი აქვს. თუმცა, დათვალიერების დროს, ჩვენი ადვოკატიც დაესწრო დათვალიერებას და ორივე თვალი ადგილზე იყო. რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის საქმეს.

– ჩაუტარდა თუ არა საავადმყოფოში რამე სახის ოპერაცია?

– ამ ეტაპზე საქმეში მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ დევს.

– ექსპერტის აზრით, თუ თვალი ამოვარდნილი იყო და მერე ჩასვეს, სიწითლე და სისხლჩაქცევები იქნებოდა.

– სისხლჩაქცევა იყო…

– ერთ თვალზე თუ ორივეზე?

– ერთზე მეტად, მეორეზე ნაკლებად.

– წამების რამე კვალი ეტყობა კიდევ სხეულს? 

– არა, დაზიანებები აღენიშნება, მაგრამ მხოლოდ დარტმის შედეგად.

– გამოყენებული იყო რამე ბლაგვი საგანი?

– არა, ჯერჯერობით რამე მსგავსი არ ჩანს საქმეში.

გამოძიება ელოდება ექსპერტიზის დასკვნას. თუ დადგინდა, რომ მურად წურწუმიას გადარჩენა იმ 15 საათში, როცა ექიმის გარეშე იყო დაგდებული, შესაძლებელი იყო – ბრალი, რა თქმა უნდა, დამძიმდება. ბრალის ამის გარეშეც დამძიმდება, როგორც კი პროკურატურა თვალს გაახელს და დაინახავს წამებას, რომელსაც, პროკურატურის გარდა, ყველანი ვხედავთ. უკვე დადგენილია, რომ მურად წურწუმია, თავგატეხილი, შიშველ მდგომარეობაში იყო დაგდებული არაერთი საათის მანძილზე, და იგი უმწეო მდგომარეობაში იყო ნების წინააღმდეგ გადაყვანილი, მიუხედავად ამისა, პროკურატურა ბრალდებულებს არ უყენებს ბრალს წურწუმიას უმწეო მდგომარეობაში ნების წინააღმდეგ გადაყვანის გამო, მხოლოდ ნების წინააღმდეგ გადაყვანის მუხლითაა საქმე აღძრული – ნების წინააღმდეგ გადაყვანა უმწეო მდგომარებაში, ბრალს ისევ და ისევ ამძიმებს. ერთმნიშვნელოვნად წამების მუხლია ნების წინააღმდეგ გადაყვანილი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებებით ახალგაზრდა ბიჭის გაჩერება ექიმის გარეშე და ყურება, როდის მოკვდება – ამიტომ, ოჯახი და საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად ელოდება ბრალის წამების მუხლით დამძიმებას. ასევე, წარმოუდგენელია, როგორ დაადგინა პროკურატურამ მოწმის გარეშე (სასაფლაოზე არ ჰყავთ არც ერთი მოწმე) იმის დადგენა, რომ ძმებს მანქანის მოპარვა სურდათ? ერთი მთვრალი მოწმის და ერთი შსს-ს მაღალჩინოსნის ჩვენებით?

გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ პროკურატურა ამ „ბრალდებას“ იყენებს როგორც კოზირს ოჯახის და მურად წურწუმიას ძმის წინააღმდეგ, შესაბამისად საზოგადოება იმასაც ელოდება, როდის შეწყდება საქმე მურად წურწუმიას ძმის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე სააგენტომ, გაავრცელა ადვოკატ ნესტან ლონდარიძის კომენტარი, სადაც იგი ამბობდა, რომ მას არა აქვს გამოძიებასთან კითხვები, ჩვენ ვკითხეთ მას, მართლა კმაყოფილია გამოძიებით?

– მართლა მხოლოდ ეგ ეწერა? არ მინახავს, რადგან მე სააგენტოებისთვის არც მიმიცია კომენტარი, ტელევიზიას მივეცი კომენტარი. მე ვამბობდი, რომ ამ ეტაპზე არა გვაქვს კითხვები, რადგან, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 24-საათიან რეჟიმში. თუმცა, ასევე ვამბობდი იმასაც, რომ სანამ ჩვენ არ ჩავერიეთ, არ იქნა დაკავებული ფოფხაძის მეგობარი, ადამიანი, ვის სახლშიც იყო გაჩერებული ნების წინააღმდეგ, უწმეო მდგომარეობაში მყოფი წურწუმია, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი დაზიანებები. ველოდებით, რომ სწორად იქნება წაყენებული 143-ე მუხლი, რომლითაც პროკურატურა ედავება ნების წინააღმდეგ წაყვანას და არ ედავება უმწეო მდგომარეობაში პირის ნების წინააღმდეგ წაყვანას – ამ მუხლს, სასჯელის კუთხით არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმართლის დადგენის კუთხით და პრინციპულია. ასევე, ჩვენ ველოდებით საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის შედეგს – ველოდებით, რის შემდეგადაც, ვფიქრობთ, ბრალი კიდევ უფრო დამძიმდება. არც ოჯახი და არც ჩვენ, უკან არ დავიხევთ.

და ბოლოს, რა წერია პოლიციელის ფიცში, რომელიც დადო ზურა ფოფხაძემ პოლიციაში – „ვფიცავ, დავიცვა ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვიყო გამბედავი, დისციპლინებული, კეთილსინდისიერად შევასრულო დაკისრებული მოვალეობა, არ დავიშურო ძალა და სიცოცხლეც კი მართლწესრიგის დაცვისთვის.“

მიუხედავად ამისა, ზურაბ ფოფხაძემ მეგობართან ერთად, წააქცია და მერე თავში და სახეში ფეხით სცემა 24 წლის ბიჭი, გახადა ტანსაცმელი, გადაიყვანა მეგობრის ბინაში, სადაც დატოვა 15 საათი დაახლოებით და დღემდე არა აქვს პასუხი, რას ელოდა, გამოკეთდებოდა და დააშინებდა ჩვენება არ დაწეროო, თუ ელოდა, მოკვდებოდა და გადამალავდა?

რას ველოდებით გამოძიებისგან?

დაადგინოს წამების ფაქტი, არაფერს ცვლის თვალზე გამოგზავნილი რელიზი, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებებით ადამიანის გადამალვა ექიმისგან – წამებაა!

ველოდებით, გაარკვიოს, იყო თუ არა ზურა ფოფხაძე ნასვამი, გამოკითხოს ყველა პირი, ვისთანაც შეხება ქონდა 2 იანვარს.

დაადგინოს, უნდა ყოფილიყო თუ არა ზურა ფოფხაძე 2 იანვრის საღამოს სამსახურში? როგორც ვიცით, არც ეს საბუთი დევს ჯერ საქმეში – როდის ისვენებდა, რის საფუძველზე?

დაუსვას კითხვა ექსპერტს, ხომ არ მოხდა თვალის ბუდეში ჩასმა ქირურგიული გზით.

დაადგინოს, ვის დაურეკა ზურა ფოფხაძემ 2 იანვრის ღამიდან მოყოლებული 5 იანვრამდე და საამისოდ გამოიყენოს ყველა მისი ახლობლის სატელეფონო ამონაწერები.

დაადგინოს, დანაშაულის დაფარვაში კიდევ ვინმე მონაწილეობდა, თუ არა?

შეწყვიტოს ერთმა მთვრალი მოწმის ჩვენების საფუძველზე, გარდაცვლილი მურადის და მისი ძმის დადანაშაულება და ამ გზით მოსპოს ოჯახის შანტაჟის ყველა გზა.

გაარკვიოს, გამოძახებიდან რამდენ წუთში მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე, რა დროს დაჰყო მურად წურწუმიასთან, რამდენი წუთის მერე გადაწყვიტა მისი გადაყვანა  – და რა დრო დასჭირდა მურადის პოვნიდან საავადმყოფოში მიყვანამდე – რისთვის დასჭირდათ მათ საათი და 15 წუთი?

და აუცილებლად ველოდებით პასუხს, როგორ მოხდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი 5 იანვრის საღამოს დააკავეს, ხოლო პირი, რომლის სახლშიც იპოვნეს სისხლიანი ბიჭი – 8 იანვარს? მფარველობს ვინმე ვახტან ბურძენიძეს?

ჩვენის მხრივ, ყველა იმ პირს, ვინც რამე ინფორმაციას ფლობს იმასთან დაკავშირებით, როგორ გაატარა დღე ზურა ფოფხაძემ, იყო თუ არა ნასვამი – ვთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ასევე, ყველა იმ პირს, ვინც რაიმე დამატებით ინფორმაციას ფლობს ვახტანგ ბურძენიძეზე და ზურაბ ფოფხაძეზე – ვთხოვთ, დაგვიკავშირდეს.

თამო კეშელავა, 555 46 08 04

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.