17 მაისი შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

„გვახსოვს, ვმოქმედებთ რადგან ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია“, – ამ დევიზით 2020 წელს მთელს მსოფლიოში აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე, რომელიც მოგვიწოდებს – არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ დაღუპულთა მოგონებით და აქტიურად ჩავებათ მოქმედებაში აივ/შიდსის პროფილაქტიკის, მკურნალობის, შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და სხვა პრობლემების გადასაწყვეტად, – ამის შესახებ განცხადებას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი facebook-ზე ავრცელებს.

„შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს ენთუზიასტთა ჯგუფის მიერ აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ თუ გარდაცვლილ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

საქართველომ ამ დღის აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო და უკვე 24 წელია უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს. ამ დღის აღნიშვნა არა მარტო აივ ინფექციით გარდაცვლილთა გახსენება, არამედ კიდევ ერთი შეხსენებაა მთავრობისა და მოსახლეობისათვის რომ აქტიური ქმედებებია საჭირო იმისათის, რომ დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!

დღეს, COVID-19 პანდემიით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში ვერ ხერხდება ამ დღის ფართომასშტაბიანი აღნიშვნა, რის გამოც შიდსის ცენტრი მხოლოდ მცირე აქტივობებით შემოიფარგლება, კამპანიის, რომელსაც შიდსის ცენტრი 17 მაისიდამნ 24 მაისის ჩათვლით განახორციელებს და 24 მაისს ტრადიციულად წითელი ლენტის აქციით დაასრულებს, მიზანია კიდევ ერთხელ მიიპყროს ქვეყნის მთავრობის და მთლიანად საზოგადოების ყურადღება ამ სერიოზულ პრობლემასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავაცნობიეროს აივ/შიდსის რეალური საფრთხე.

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებული პაციენტების რაოდენობამ 8300 მიაღწია.

1600-ზე მეტი ადამიანი გრდაიცვალა შიდსით. თუმცა, ძალზედ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან საქართველომ პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რაც გულისხმობს, რომ მკურნალობა უტარდება ყველა აივ ინფიცირებულს დიაგნოზის დასმისთანავე, იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად. ასეთმა მიდგომამ უკვე გამოიღო მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები, კერძოდ: ბოლო წლებში აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად დაფიქსირდა აივ ახლად ინფიცირების შემთხვევების კლება.

გამოწვევებთან ერთად საქართველომ 2004 წლიდან უზურნველყო აივ/შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალოაბზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო აღმოსავლეთ ევროპისა და პოსტ საბჭოთა ქვეყნების ფარგლებში. არვ მკურნალობა ხელმისაწვდომია ყველა გამოვლენილი აივ/შიდსით პაციენტისათვის და დღესდღეობით 5200 პაციენტი იმყოფება მკურნალობაზე. შედეგად აივ/შიდსით პაციენტებში 5-ჯერ და მეტად შემცირდა სიკვდილობა

2015 წლიდან ქვეყანამ პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში დანერგა პრინციპი „უმკურნალე ყველას“, რითაც დაიწყო შიდსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური სტრატეგიის „მკურნალობა პრევენციისათვის“ პრაქტიკული განხორციელება.

საქართველოში არსებული სერვისების ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რადგან აივ ინფიცირებული პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დიდ წილად არის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაწყებაზე დამოკიდებული.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.