“ჯანდაცვის სისტემა მზადაა” – “კლინიკებში ადგილი არაა, მორჩა” – პედაგოგის სიტყვა პრემიერის სიტყვის საპირწონედ!

საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება, ჯანდაცვის სისტემა დღეს მზად არის, მიიღოს მზარდი რაოდენობის ინფიცირებულები და ადეკვატურად უმკურნალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ჯანდაცვის სიტემა დღეს მზად არის, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეიძლება, არსებობდეს გარკვეული, დროში ხარვეზები, გადალაგების კომპონენტია, რასაც დასჭირდება ერთი დღე. ხომ კარგად გესმით, ჯანდაცვის სისტემა როგორ მუშაობს, ინფიცირებულების ერთ რაოდენობაზე მას აქვს მოცვის ერთი წრე. იგულისხმება სხვადასხვა სახის საწოლი ადგილები, მეორე ეტაპის სხვა დონეზე უკვე იშლება მეორე ეტაპი, შემდეგ – მესამე ეტაპი. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც საწოლების გაფართოება ხდება. ამას დასჭირდება ზუსტად ერთი დღე, მით უმეტეს, რომ ახლაც არანაირი შეფერხება არ არის. სისტემა მიჰყვება გეგმას და არანაირი პრობლემა არ იქნება“

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პედაგოგი, რომელსაც ჰქონდა ფილტვების ანთება და დიაბეტი, ბათუმის “ინფექციურიდან” სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარება დამძიმდა და სამწუხაროდ, ფატალური შედეგი დადგა.

გუშინ საღამოს კი, ვირუსი დაუდასტურდა, თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს, რომელიც წერს:

“გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის.

ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი.

დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!”

“ალია” პრემიერის და პედაგოგის სიტყვებს ერთად გთავაზობთ და მკითხველმა გადაწყვიტოს, რომელი ამბობს მათ შორის სიმართლეს.

შეგახსენებთ ასევე, რომ 5 ოქტომბრიდან დღემდე, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, არ იცვლება სტაციონარში მოთავსებული ადამიანების რიცხვი და იგი შეადგენს 836-ს.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.