“ხელყუმბარით დაბრუნდა, დამცავ რგოლს დაუწყო “ჩალიჩი”- რას ჰყვება ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტილოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მე რომ დავიბადე, შორეულ 1992 წელს ქვეყანაში ერთადერთი ვალუტა მოქმედებდა – ყველაფერი პურით იზომებოდა, ყველაფერი პურით კეთდებოდა (სოუზიც, ხაშლამაც და ხაჭაპურიც), ყველაფერი პურზე იცვლებოდა, დღე პურის მოპოვებისთვის ბრძოლით იწყებოდა და მთავრდებოდა. სოფლად სხვა ვალუტაც არსებობდა, თბილისში მხოლოდ პური …

მამაჩემი პურის საშოვნელად ვერიდან ხან ლესელიძეზე ჩადიოდა, იქაურ ებრაელებთან ეგულებოდა კარგი საცხობი, ხან კი მშობლიურ ვაკეში მიდიოდა, რათა “ფრანციის” ნაცვლად აღმოცენებულ პურის დახლთან რიგში ჩამდგარიყო. თუ კარგ ხასიათზე ვიყავი და დედა გამომიშვებდა, მეც მივყავდი ხოლმე… ვარდისფერლოყებიანი, ჩამრგვალებული და უმშვენიერესი ბავშვი რიგში უპირატესობას მატებდა ნებისმიერს. ეგ კი არა, ბუთქუნა ბავშვებზე მეზობლებიც ნადირობდნენ, გამატანე გავასეირნებ და რიგსაც დამითმობენო…

ერთ დღესაც მამაჩემი ვაკეში პურის მაღაზიასთან რიგში დგას, “კენგურუთი” ვყავარ გულზე მიკრული! ჩემმა კოზირმა არ გაჭრა, ლოდინი მოუწია… მოულოდნელად დახლთან ხმაური ატყდა, თურმე მამას ძველი ნაცნობი, მხატვარი მეტსახელად “ჯუნგლია” ურიგოდ მისულა გამყიდველთან და მშიერს ორი პურის უფასოდ აღება უთხოვია. ცალკე რიგის დარღვევის გამო დააყარეს ქოქოლა მოქალაქეებმა, ცალკე გამყიდველებმა დაამუნათეს უფულოდ პურის წაღების მოთხოვნის გამო… მოკლედ, დიდი ხმაურით გამოაძევეს “ჯუნგლია” მიმდებარე ტერიტორიიდან! მამა დაპირდა, რომ როცა ჩვენი რიგი დადგებოდა ერთ “მრგვალს” “დაუთრევდა” …

გამწარებული ხელოვანი წავიდა და ნახევარ საათში უკან ხელყუმბარით დაბრუნდა, დამცავ რგოლს დაუწყო “ჩალიჩი”, აღარც ურიგოდ გავლა უნდოდა, აღარც პური. დამცირების, უიმედობისა და ჯუნგლებთან სულიერი კავშირების გამო მხოლოდ აფეთქება ჰქონდა დასახული მიზნად!

– ჯუნგლი, რას შვები… ერთი წლისაც არ არის! არ დაგვღუპო!

ამჯერად ჩემმა ვარდისფერმა ლოყებმა გაჭრეს და “ჯუნგლიამ” ხელყუმბარა არ აამოქმედა, სახლში კი ათი პურით (დღევანდელი საზომებით ნახევარი მილიონი დოლარით) დაბრუნდა.”

  •  
  •  

2 Comments

  1. ბიძინა

    ზოგჯერ ყუმბარას კალაშზე დიდი გავლენა აქვს და
    წითელ ლოყებს ორივეზე მეტი!

  2. ანონიმური

    რუსული მარში!!! დაგეშილი ძაღლები!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.