“ხელისუფლება დიდი დილემის წინაშე დგას – ირანულ მიგრაციას სუს–ი კარგად არ აკონტროლებს”

“მაქვს გარკვეული საფრთხის განცდა, რომ ირანულ მიგრაციას სუს–ი კარგად არ აკონტროლებს… როდესაც ირანთან უვიზო მიმოსვლა გადავწყვიტეთ, ბევრი სახელმწიფოს პირველი პირი იყო შეწუხებული, ყველა გვაფრთხილებდა, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ მაინც დავუშვით, ეს მიუტევებელი შეცდომა”

ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, „ალიას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

– ბატონო გია, ჩვენს ოპოზიციას რა უნდა? „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რომ გაერთიანდნენ, იმ პარტიებსა და მათ ლიდერებს ვგულისხმობ. ვუყურებ მათ და არ გვანან ესენი იმ ხალხს, ხელისუფლება რომ შეცვალონ. არ გვანან იმ ხალხს, ჩვენი მოსახლეობა რომ ელოდება, როგორც ხელისუფლების ალტერნატივას.

– იმით დავიწყებ, რომ ყველა ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა უნდა. სამწუხაროდ, კრიზისი გვაქვს არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში. ოპოზიციური ელიტის ნაწილი კომპრომეტირებული და დისკრედიტირებულია, ძალიან სუსტია. ნაწილს კრეატივი არ ჰყოფნის, ნაწილს ადამიანური რესურსი ან, ფინანსები. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში რა ვითარებაა. მინიმუმ, ამომრჩევლის ნახევარზე მეტი, დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან. მას არ მოსწონს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია და ეძებს სხვას, უფრო ღირსეულ არჩევანს. პოლიტიკური ბაზარი, ანუ არსებული ოპოზიცია, სამწუხაროდ ამომრჩეველს იმას ვერ სთავაზობს, რაც მას სურს. შესაბმისად, ხელისუფლება ოპოზიციის სისუსტის იმედად უფროა, ვიდრე საკუთარი სიძლიერისა. არც ფიქრობს ამომრჩეველზე ხელისუფლება. მას აქვს ნეგატიური დღის წესრიგი, ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება, ხალხის მოტყუება. ეს უბიძგებს ამომრჩეველს, არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის გააკეთოს. ხელისუფლება ისევ ეუბნება ამომრჩეველს, მე არ ვვარგივარ, მაგრამ ოპოზიცია ჩვენზე უარესია და ხმა ისევ ჩვენ მოგვეციო. ასეთი გზავნილით მიდის ოპოზიცია არჩევნებზე და ამ ვითარების გადატეხვას ოპოზიცია ვერ ახერხებს.

– ხელისუფლება ოპოზიციას მისთვის ხელსაყრელ საარჩევნო სისტემას არ მისცემს, ესენი მაჟორიტარულ ოლქებს ცოცხალი თავით არ გააუქმებენ. ოპოზიცია იმუქრება, ამ ვითარებაშიც შევძლებთ გამარჯვებას, ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატს დავაყენებთ და ყველა იმ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, ჩვენი ყველა მხარდამჭერის ხმას ეს კანდიდატი მიიღებს და ამით, ხელისუფლებას მაჟორიტარულ ოლქებს მოვუგებთო. რამდენად რეალურია ეს გეგმა? რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება?

– ჩვენი გამოცდილება როგორც აჩვენებს, ამგვარი შეთანხმებები ოპოზიციაში ვერ ხერხდება. კი, იტყვიან, რომ პრაიმერის გზით გამოკვეთონ საერთო კანდიდატი, ის დაუყენონ ხელისუფლების კანდიდატს მაჟორიტარულ ოლქში და მერე მთელმა ოპოზიციამ მას დაუჭიროს მხარი. სიტყვა მუდამ სიტყვად რჩება ხოლმე, ამის გაკეთება ოპოზიციამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხა. ამას ახლაც სკეპტიკურად ვუყურებ. იჩხუბებენ და ვერ გაიყოფენ ოლქებს, ყველას თავისის დაყენება მოუნდება კანდიდატად და ძალიან ცოტა ვინმე თუ დათმობს. ვერც პროცედურას დაალაგებენ. ყველაზე მარტივია, პირიქით მოხდეს. ადგეს ოპოზიცია, დააყენონ თავიანთი კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში, იყოს ოპოზიციის რამდენიმე კანდიდატი და თუ მათგან რომელიმე დაამარცხებს სახელისუფლებო კანდიდატს, ხომ კარგი. თუ ვერც ერთი ვერ მოიგებს, ვერც ოპოზიციისა და ვერც ხელისუფლების კანდიდატი და მეორე ტური დაინიშნება, მაშინ ოპოზიციის იმ კანდიდატს დაუჭიროს მხარი მთელმა ოპოზიციამ, რომელიც მეორე ტურში გავა. ასეთ შემთხვევაში მართლა არ გაუჭირდებათ ხელისუფლების მაჟორიტარი კანდიდატის დამარცხება.

– გამოდის, პირველი ტური პრაიმერივით იქნება ოპოზიციისთვის.

– კი, ასე გამოდის და თუ ამ საკითხზე მემორანდუმს გააფორმებენ, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციონერ მაჟორიტარს ყველა მხარს დაუჭერს, კარგი იქნება. ვფიქრობ, ხელისუფლება რამდენიმე, ერთეული გამონაკლისის გარდა, პირველ ტურში ვერც ერთ მაჟორიტარულ ოლქს ვერ მოიგებს და მეორე ტური ჩატარდება უმრავლეს მაჟორიტარულ ოლქებში. ეს კი ოპოზიციას შანსს აძლევს, გაერთიანების შემთხვევაში, ხელისუფლებას წაართვას მაჟორიტარული ოლქების კოზირი, ყველგან დაამარცხოს მისი კანდიდატი მეორე ტურში. ეს საუკეთესო ვარიანტია, თან შესრულებადი, რადგან მეორე ტურში ოპოზიციას საჩხუბარიც აღარაფერი ექნება, აღარ იქნება იმაზე ლაპარაკი, რომ არა ჩემი კანდიდატი უნდა დავაყენო ამ ოლქში და არა ჩემიო. როდესაც აღარაფერია გასაყოფი, იოლია გაერთიანება და ამ შემთხვევაში, ერთი კანდიდატურის მხარდაჭერა.

– ხომ არ გიცდიათ, რომ ეს გეგმა ოპოზიციისთვის მიგეწვდინათ?

– ჩათვალეთ, რომ მე და თქვენ ახლა ვაწვდით ამ იდეას ოპოზიციას.

– ბატონო გია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი თუ თბილისში ჩამოვიდა ევროსაბჭოს მინისტერიალზე, ეს ხომ არ იქნება ახალი არეულობის მაპროვოცირებელი? ოპოზიცია უკვე აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ სერგეი გავრილოვის მსგავსი შეცდომას არ დაუშვას და ლავროვი საქართველოში არ შემოუშვან.

– რა თქმა უნდა, თუ ლავროვი ჩამოვიდა საქართველოში, დიდი ხმაური იქნება. არ მგონია, მისი ვიზიტი ხელისუფლებისთვის კომფორტული იყოს, იმდენად რთულ ვითარებაშია ეს ხელისუფლება. გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დასავლეთსაც უპაჭუნებს თვალს და რუსეთსაც, ამით ვითომ აბალანსებს საგარეო პოლიტიკას, არ არის გამორიცხული, რუსეთი ტესტავდეს ჩვენს ხელისუფლებას – რამდენად შეძლებს უსაფრთხო გარემოს შექმნას თბილისში ლავროვის ვიზიტის დროს. ეს ძალიან ძნელი იქნება ხელისუფლებისთვის. ლავროვი თუ ჩამოვიდა, ეს დამატებითი არგუმენტი იქნება ოპოზიციისთვის, სალაპარაკო მიეცემათ და პოლიტიკურ პროცესს გაამწვავებენ. თუ ხელისუფლება უსუსურობას გამოავლენს, ვერ მიიღებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაშინ რუსეთი ეტყვის – რა გინდა? საერთოდ ვინ ხარ? რას მიპაჭუნებ თვალს და რა შეგიძლია? დილემის წინაშე დგას ხელისუფლება. მისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება, ლავროვმა თვითონ თქვას უარი ჩამოსვლაზე.

– დავუშვათ და ჩამოვიდა. მერე რას უნდა ველოდოთ?

– ძალიან მძიმე ფონი იქნება. ოპოზიციის ინტერესებშია მისი ჩამოსვლა. ლავროვი გავრილოვივით რიგითი დეპუტატი არ არის, საგარეო საქმეთა მინისტრია, მას არაერთხელ აქვს დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, აფხაზეთშიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც არაერთხელ იყო და მეტიც – იმ 6 თუ 7 ქვეყანას, ჩვენი ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რომ აქვს აღიარებული, ამ საქმეში ლავროვს დიდი წვლილი მოუძღვის, თავად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან აღიარების თაობაზე. ამას რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ, არ ვიცი. ის არგუმენტი, რომ გაერო–ს სხდომებზე ყველა ჩადის, რომ ამერიკა მასთან სამკვდრო–სასიცოცხლოდ დაპირიპირებული ქვეყნები ხელისუფლებების წარმომადგენლებს უშვებს ქვეყანაში, არ გამოდგება. არც ამერიკა ვართ და არც ევროსაბჭოს მინისტერიალია გაერო–ს სხდომა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ რომ ქვეყანა ოკუპირებულია  და გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, რომელიც ლავროვს არაერთხელ აქვს დარღვეული, მაშინ ლავროვი არ უნდა შემოუშვან საქართველოში. თუ კანონით მივუდგებით საქმეს, ასეა. მისი საქართველოში ჩამოსვლა, კაპიტულაციის ტოლფასი იქნება. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა შედგეს. კი, ბატონო, დეოკუპაციის თემაზე, სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, სხვა თემებზეც, მაგრამ ამისთვის არსებობს ნეიტრალური ტერიტორია. ლავროვთან შეხვედრა სხვა ქვეყანაში შეიძლება და შეხვდნენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები. თქვენ როდესაც ვინმესთან პრობლემა გაქვთ და მისი მოგვარება გინდათ, მას სახლში ხომ არ ეპატიჟებით? თავად მიდიხართ მასთან სახლში ან ნეიტრალურ ადგილას, იქ ხვდებით და ცდილობთ პრობლემის მოგვარებას? ასეა, ხომ? ამ შემთხვევაშიც, აქ კი არ უნდა დავპატიჟოთ ლავროვი, ნეიტრალურ ქვეყანაში უნდა შეხვდნენ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, ან თავად ჩავიდნენ რუსეთში და იქ ლავროვსაც შეხვდნენ და სხვებსაც.

– ირანი–ამერიკის დაპირისპირების ფონზე რამდენად ადეკვატური იყო ჩვენი ხელისუფლების მოქმედება? გარდა ამისა, მომავალში შეიარაღებულ კონფლიქტში თუ გადაიზარდა ეს დაპირისპირება, ჩვენ რა უნდა ვქნათ? უნდა დავუთმოთ ამერიკას ჩვენი სამხედრო აეროდრომები ირანის დასაბომბად, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის გადასატანად, ჩვენი საავადმყოფოები დაჭრილი ამერიკელი ჯარისკაცების სამკურნალოდ? არადა, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ეს სამხედრო სფეროში ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობასაც მოიცავს და ბუნებრივიც იქნება, თუ ამერიკამ ეს ყველაფერი მოგვთხოვა. მე მგონია, დამალვა არ გამოგვივა.

– იმედია, აქამდე საქმე არ მივა. ამ დღეებმა აჩვენა, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა და დაპირისპირებული მხარეები მასშტაბურ შეიარაღებულ კონფლიქტამდე არ მივიდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში უკიდურესაც არ დაიძაბება ვითარება ამერიკასა და ირანს შორის. ამ რეგიონში მიდის ძალთა გადანაწილება, კრიზისულ სიტუაციას უნდა ველოდოთ. კი, თუ პარტნიორობაა, პარტნიორობა უნდა იყოს, ამაში გეთანხმებით, მაგრამ რამდენად ვართ მზად, რომ ჩავერთოთ ამგვარ დაპირისპირებაში, ეს ძალიან სათუთი თემაა. რამდენად ვართ მზად, რომ როგორც მხარე, ჩავერთოთ ამ ტიპის კონფლიქტში? რამდენად არის დაცული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ასეთ შემთხვევაში? ბოლო წლებში ამ უკონტროლო მიგრაციამ ქვეყანაში რა ვითარება შექმნა, ჩვენ არ ვიცით. ეჭვი მაქვს, არც სუს–მა იცის, რა ჯგუფები ჩამოდიან ირანიდან, რა მიზნებისთვის, ვის და რა დავალებებს ასრულებენ. ამას თან ახლავს არადეკლარირებული ფინანსური ნაკადების მოძრაობაც. ძნელი გასათვლელია, რა მდგომარეობაში ვართ, რას აკონტროლებს უსაფრთხოების სამსახური და რას ვერა. ამდენად, ამ ვითარებაში რამდენად შორს უნდა წავიდეთ სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში, ძნელი სათქმელია. მე მაქვს გარკვეული საფრთხის განცდა, რომ ირანულ მიგრაციას სუს–ი კარგად არ აკონტროლებს. დეტალებზე არ მინდა საუბარი, მაგრამ გეტყვით, რომ როდესაც ირანთან უვიზო მიმოსვლა გადავწყვიტეთ, ბევრი სახელმწიფოს პირველი პირი იყო შეწუხებული, მარტო ევროპელები არა. ყველა გვაფრთხილებდა, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაგრამ მაინც დავუშვით, ჩემი აზრით, ეს მიუტევებელი შეცდომა. 

ლევან ჯავახიშვილი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.