„წინა მთავრობას მწერლების „შავი სია“ ჰქონდა და ეს სია აქვს ამ ხელისუფლებასაც“

წინა კვირას „ალიაში“ დაიბეჭდა ექსკლუზიური ინტერვიუ მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან, რომელმაც ღიად და დაუფარავად ისაუბრა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაშია. ინტერვიუს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სატელეფონო ზარები დღემდე არ წყდება და ყველა მათგანი ერთ აზრს აფიქსირებს, რომ მწერლის ხმა უნდა ისმოდეს, რომ ერი და ბერი გამოფხიზლდეს და ქვეყანას ეშველოს და განვითარდესო.


წესით და რიგით, ამ წერილს მწერლები და პოეტები უნდა გამოხმაურებოდნენ, მაგრამ მათ დუმილი ამჯობინეს… ერთ ახალგაზრდა მწერალთან შევეცადე ინტერვიუ ჩამეწერა, მაგრამ ნურას უკაცრავად, შემომითვალა, რომ ქართულ პრესას პატივს არ სცემს და არ უნდა ითანამშრომლოს. თითქოს ამერიკული მედია უნგრევდეს კარებს. ვინ ხარ ამისთანა, მანჯურიის გენერალური შტაბის უფროსი თუ საიგონის დაზვერვის ხელმძღვანელი ხარ და არ გინდა, საიდუმლო გათქვა? რისი გეშინია, შენ თუ ლაჩარი ხარ, მკითხველს რა უნდა ასწავლო? მეორეს, ერთ ცნობილ მწერალს რომ დავურეკე, კუბელი კონტრრევოლუციონერივით სიტყვით ზღვის ნაპირებზე მიიმალა ამ დროს კი ის თბილისის ცხელ ასფალტზე დააბიჯებდა. ერთმა მისმა ახლობელმა მითხრა, მისი უფლებაა, თუ უნდა, მისცემს ინტერვიუს, თუ უნდა, არაო.

ამის უფლება, ჩემო ძვირფასო, აქვს მეცხვარეს, მემწვანილეს და მწერალს და პოეტს  – არა! რადგან ის საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწეობს და თუ არ უნდა, მაშინ გააშენოს ბოსტანი. რომის იმპერატორმა კომბოსტოების მოყვანა დაიწყო და უარი თქვა საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე. ხალხი კი ეხვეწა, დაბრუნდი, შენზე კარგი იმპერატორი არ გვყოლიაო, მაგრამ ხალხს ასეთი პასუხი გასცა: თქვენ რომ ნახოთ, კომბოსტოს რა მოსავალი მაქვს, ამ თხოვნით აღარ მომმართავდითო. იმ მწერლის ახლობლის ნათქვამმა ფილმი „შერეკილები“ გამახსენა. ეს ერთი მათხოვარი ჩემი სიძე უნდა გახდეს და ეს მეორე – ჩემი მძახალიო? აი, ვინ იბრალებს ქართველი მწერლის და პოეტის სახელს. გაგეცინება, ჩემო მკითხველო და, მესამე კიდევ, საერთოდ, ნეოფაშიზმის მიმდევარი აღმოჩნდა და სააკაშვილის რევანშის იმედი აქვს. უტიფრად ისიც კი განაცხადა, რომ ციხის კადრები დადგმული იყოო. ამას მე მეუბნება, რომელიც საკუთარი თვალებით ვხედავდი და საკუთარი ყურებით ვისმენდი პატიმრების წამებას. კარგით, დავუშვათ, ციხის კადრების არ გჯერა, მაგრამ ორი ასეული ახალგაზრდა ასფალტზე გართხმული რომ დახვრიტეს მიშას ჯალათებმა, ესეც სპექტაკლი იყო? ან 500 ახალგაზრდა კიდევ სამუშაო ადგილებზე რომ დაიხოცა, რადგან სააკაშვილმა შრომის უსაფრთხოების ინსპექცია გააუქმა, ესეც დადგმული სპექტაკლი იყო? იმ მწერალს ხომ არ დავუკავშირდებოდი, 1993 წელს შევარდნაძის პარლამენტის წევრი რომ იყო და კასპში ადგილობრივ ინტელიგენციას რომ უკრძალავდა სრულიად საქართველოს კონსტანტინე გამსახურდიას საზოგადოების განყოფილების ჩამოყალიბებას და არგუმენტად მოჰქონდა ის, რომ კასპის მეორე ზუგდიდად გადაქცევას არ დავუშვებო. დღეს ეს ბატონი მწერალი პირველი პრეზიდენტის გულშემატკივრის როლში გვევლინება და წამდაუწუმ, სულ დიდ კონსტანტინეს ახსენებს. ან იმ მწერალ ქალბატონს ხომ არ დავურეკავდი, რომელიც მთიან ყარაბაღში წაბრძანდა პოეზიის საღამოს მოსაწყობად, იმის შემდეგ, როდესაც მთიანი ყარაბაღის მმართველებმა 2006 წლის 17 ნოემბერს დაარღვიეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი, წარმოიდგინეთ, რუსეთის ფედერაციაზე ადრეც კი აღიარეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ამის შემდეგ როგორ დაუშვა მწერალმა ქალმა თავში ის აზრი, რომ მთიან ყარაბაღში წასულიყო. აი, ასეთი მწერლებისა და პოეტების გადამკიდე, იმიტომაც ვერ ვითარდება ქართული ლიტერატურა. ვეკითხები მწერალთა კავშირს: თქვენ, საერთოდ, ხართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამცველები? თუ ხართ, მაშინ რატომ არ მიეცით შეფასება მწერლის მხრიდან მთიან ყარაბაღში პოეზიის საღამოს ჩატარებას? საერთოდ, რა მაგალითს აძლევს ახალი თაობის მწერლებსა და პოეტებს? მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველა დროში და ახლაც არიან ისეთი ქართველი მწერლები და პოეტები, რომლებსაც აქვთ სოციალური პასუხისმგებლობა. ერთი სიტყვით, დიოგენესავით ბევრი ვიარე და ბოლოს ვნახე საზოგადოებრივი ინტერესებით მოაზროვნე ადამიანი – პოეტი ჯუბა ღებელი (ჯუმბერ გოგრიჭიანი), რომელიც, ინტერვიუზე დამთანხმდა.

-ბატონო ჯუბა, მწერალი და პოეტი ადამიანის სულის ინჟინერია, მაგრამ ამ ბოლო დროს ბევრი მათგანი თვალთმაქცურად ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვერევიო. მაშინ, როდესაც მოვა თუ არა არჩევნები, ხან რომელ ოლიგარქს მიეტმასნება და ხან – რომელს. ზოგიერთი კი ისე დაეცა, რომ სააკაშვილს უძღვნის ლექსებს. მაგალითად, მიხეილ ღამიშაშვილი.

-საქართველოს ისტორიის არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ისეთი ხანა, რომ მწერლები მაღალი პასუხისმგებლობით არ ყოფილიყვნენ ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, შოთა რუსთაველიდან და ვახტანგ მეექვსიდან დაწყებული ილია ჭავჭავაძით დამთავრებული. ილიამ, დიდმა მწერალმა, შეცვალა ქვეყანაში საზოგადოებრივი აზროვნება. ან თუნდაც ზოგიერთებისთვის „ავადსახსენებელ“ დროს რომ ეძახიან, საბჭოთა საქართველოში არ ყოფილა არცერთი ღონისძიება, პირველად მწერალი არ გამოსულიყო სიტყვით, მერე გამოდიოდნენ პარტიული მუშაკები, იმის თქმა მინდა, რომ მწერლების ხმა ისმოდა პირველად ქვეყანაში. აბა, რა არის მწერლის დანიშნულება, თუ არ ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობას? მწერალი არის ადამიანი, რომლის ამოსავალი წერტილი არის ქვეყნის ზნე-ჩვეულებებისა და ადათ-წესების შენარჩუნება. მაგრამ ჩვენი ისტორიული წარსულის დავიწყება უნდათ.

-რა არის ამის მიზეზი?

-ესენი იმპერიალიზმის სამსახურში არიან. არის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ზნეობრივი კულტურის მოშლას, ისტორიული კულტურის მოშლას, და ბრძოლას იწყებენ მწერლების წინააღმდეგ. ამას, პირველ რიგში, აკეთებს კაპიტალისტური სახელმწიფო.

-რატომ?

-იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დაუცველია დღეს მწერალი. კაპიტალისტურ სახელმწიფოს არ ჭირდება პატრიოტი და ეროვნული მწერლები. სამშობლოს სიყვარულის თემა მოძველებულია. ბევრი ვიღებთ ხმას, მაგრამ ჩვენ არავინ გვისმენს. სააკაშვილმა პირველი, რაც გააუქმა, მწერლების შემოქმედებითი კავშირები იყო. შეუწყვიტა დაფინანსება და საკუთარი სახლებიდან გამოყარა.

-ეს ვიცით, ახლა რა ხდება?

-ახლაც იგივე ხდება კულტურის სფეროში. ის პოეტები და მწერლები, რომლებიც სააკაშვილს შავ სიაში ჰყავდა, დღესაც შავ სიაში არიან. გავიხსენოთ შარშანწინდელი ფრანკფურტის „ლიტერატურული ფორუმი“, წიგნის საერთაშორისო დღე. ამაში სახელმწიფომ 18 მილიონი გამოყო და იმ ღონისძიებაზე ისევ ის მწერლები და პოეტები გაგზავნა, რომლებიც საქართველოს და ქართველ გმირებს აგინებენ. ჩვენ გვახსოვს ერთ-ერთი ეპატაჟური პიროვნება ზაზა ბურჭულაძე, რომელმაც პირდაპირ, მოურიდებლად უთხრა დღევანდელ ხელისუფლებას, „ტრაკზე მაკოცეთო“. წარმოიდგინეთ, ისინი, რომლებსაც აფინანსებენ, სახელმწიფოსგან ტრაკზე კოცნასაც ითხოვენ.

-ბატონო ჯუბა, სამი ათეული წლის განმავლობაში ამხელა ტრაგედიები და ისტორიული მოვლენები მოხდა: დავკარგეთ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ვერ ნახავთ ამ თემაზე დაწერილ ვერცერთ ნაწარმოებს, მართლა ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობის“ მსგავსს თუ არა, მიმსგავსებულ მაინც. ჩვენ ვხედავთ, ფინანსური სპეკულანტები იგონებენ რაღაც ფსევდოლიტერატურულ პრემიებს და ახალგაზრდა პოეტებს და მწერლებს აწერინებენ გარყვნილებისა და გაუკუღმართებულ თემებზე მადიდებელ პროზას და პოეზიას.

-საბჭოთა საქართველოს აზროვნებისა და ცხოვრების დონემდე ჩვენ 30 წელია, ვერ მივედით და ისიც კი არ ვიცით, სად ვართ დღეს. რამდენიმე პროცენტი ფუფუნებაში ნებივრობს, ხოლო 87 პროცენტი ღარიბი და ღატაკია. გასული საუკუნის მწერლობამ,  მიუხედავად იმდენი დახვრეტებისა, შვა უდიდესი კლასიკოსები, სიტყვაკაზმული მწერლობა და ა.შ. ან რა დონეზე იყო კინემატოგრაფია და თეატრალური ხელოვნება. მთელ სოციალისტურ სამყაროში ყველა დარგში პირველ ადგილზე ვიყავით. მე რუსეთში ვსწავლობდი, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იქ სანთლით ეძებდნენ „დათა თუთაშხიას“. არ იცით, რა მოთხოვნა იყო ამ წიგნზე. 100 წიგნი ჩავიტანე. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. როგორ უყვარდათ ქართული მწერლობა და კულტურა.

ეს ურთიერთობები ჩვენმა სახელმწიფომ მოშალა და ისინი დღესაც ნეოლიბერალების გვერდით დგანან, რომლებსაც არაფერი ქართული და ეროვნული არ უნდათ. განათლებულ რუსებს კი დღესაც უყვართ ქართული მწერლობა. ამ კუთხით „ქართული ოცნება“ აგრძელებს იმ გზას, რასაც სააკაშვილის მთავრობა. ახლა გვაქვს ნაციონალური არხები და ნაციონალური ოპოზიცია. ეს იმიტომ, რომ მთავრობამ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი. ეს ძალები ერთმანეთს ენაცვლებიან ბიზნესში. მოვიყვან ერთ მაგალითს. ლილოში ვცხოვრობ და ყოველთვის გავდივარ აეროპორტის გზატკეცილზე. ვინ იცის, რამდენჯერ გააკეთა ეს გზა სააკაშვილის მთავრობამ. შემდეგ ხელახლა გააკეთა ნარმანიამ, ახლა კალაძე აკეთებს ხელმეორედ თუ ხელმეასედ.

-რატომ?

-რატომ და დიდი ფულის გაკეთება მიდის. სულ არ ჭირდებოდა ხელახლა გაკეთება და გზის დაგება, მაგრამ მილიონებს აკეთებენ. პატარა შეღებვა შეიძლება ჭირდებოდა და ნათურების გამოცვლა. რამდენი მილიონი დაიზოგებოდა. ახლა ზიზილპიპილების გაკეთების დროა, ასეთი გაჭირვებულია ხალხი? ბათუმში ხშირად დავდივარ. იმ ტემპებით ბათუმი დღეს არ კეთდება, როგორც ეს სააკაშვილის დროს კეთდებოდა. ბეტონის კლდესავით ჩააყოლეს ზღვის სანაპიროს და ქალაქი გამიჯნეს ზღვისგან. ეს არის მათი ბიზნესი. ქალაქიდან ზღვა საერთოდ არ ჩანს. დაამახინჯეს ბათუმი. როცა მოდიოდა ეს ხელისუფლება, მაშინ ბათუმის მერს არ დაუტოვეს დასასვენებელი ადგილი. ახლა თვითონ უარესი გააკეთეს. თუ რამე ნაციონალებს გადაურჩათ, ამ მთავრობამ სკვერი და პარკი არ დატოვა. კლდეებში დაიწყეს მშენებლობები. როგორც ახლა საბურთალოზე, ვაკის ტერიტორიაზე და ფონიჭალაში ხდება. მოდის კომპანიები, გაყავს ახალი გზა, ბოლოს მეორე კომპანია მოდის და თხრის ახალ გაკეთებულ გზას. ჯერ დააგებენ ასფალტს და მერე გაყავთ კანალიზაცია და წყალი. ეს სადმე გაგიგონიათ? მაგრამ ესენი არიან ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები. გამკითხავი არავინ არის. სახელმწიფო გვენგრევა. მათხოვრებით აივსო მთელი ქვეყანა. მერიას ჯანმრთელობაზე ან ოპერაციებზე გაჭირვებული რომ მიაკითხავს, იმის ფული არა აქვს და სამაგიეროდ, 800 000-იანი ნაძვის ხე რომ დადგას და მშიერ ბავშვებს აყურებინოს, ეს შეუძლია.

-ბატონო ჯუბა, საქართველო ყოველთვის მშრომელ ადამიანზე იდგა და ის დღეს დამცირებული, შეურაცხყოფილი და აგდებულია. ტელევიზიებიდან გვესმის, გლეხობა „ტეხავს“ – ამას ამბობს გირჩი ზურაბ ჯაფარიძე. ჯერ კიდევ მეფე არჩილი გვასწავლიდა: „თუ გლეხი კაცი მოწყდა ქვეყანას, საქართველო გადაგვარდესო“. ქართული სოფელი ქართული კულტურის კერა იყო. თუ გლეხობა სამარცხვინოა, მაშინ ქართული კულტურა სამარცხვინო ყოფილა. ამაზე რატომ არის გაჩუმებული ქართული მწერლობა?

-ჯაფარიძემ რა იგულისხმა, არ ვიცი, ეროვნულს გოიმობას და ჩამორჩენილობას ეძახიან, თორემ სიტყვა „გლეხობას“ ღვთიური დატვირთვა აქვს. ზურაბ ჯაფარიძე როგორც პოეზიაში, ისე პოლიტიკაში იყენებს ეპატაჟურ წესებს. ეს ის ჯაფარიძე არ არის, ღორი რომ გამოასეირნა ვაკეში? ჰოდა, ღორები გლეხობას ჰყავს. ის მარიხუანას ლეგალიზაციის მოთავე იყო. მას ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ნამდვილად ვერ გაბედავდა. იმ ხალხზე რა ვთქვა, ყველაზე კარგი ნაწარმოებები ტუალეტებში იქმნებაო, რომ ამბობენ. ამას ეროვნულ მწერლობასთან კავშირი არა აქვს. ჩვენ უკვე რამდენი ხანია, ვითხოვთ გამოიყოს თანხა მწერალთა დაცვის ფონდისთვის, გაჭირვებულ მწერლებს რომ დაეხმარონ. წლიურად 100 ათასს ვითხოვდით, მერე 30 ათასზე ჩამოვედით და ისიც კი არ გაიმეტეს. რამდენი ცნობილი მწერალი მოკვდა შიმშილით. 30 ათასი დავით საგანელიძეს და მისნაირებს თვიურად აქვთ ხელფასი.

-ბატონო ჯუბა, როგორ ცხოვრობს დღეს თქვენი ოჯახი?

-გამოვეცი ხუთი ლექსების კრებული, მაგრამ მე პოეზიის მიღმა სულ ვშრომობდი. არ განვეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ მწერალი ხარ და პოეტი, აუცილებლად ჩაფხუტი უნდა გქონდეს ჩამოფარებული, კაშნე შემოხვეული და, რა თქმა უნდა, წვერს ატარებდე და ისე მოგდიოდეს ფულები. არც იმას ვეთანხმები, რომ პოეტი უნდა იყოს ღარიბი, მიუსაფარი, ვთვლი, რომ შემოქმედმა ადამიანმა თვითონ უნდა მოიპოვოს პური ჩვენი არსობისა. მე მიწაზე შრომა არ მეთაკილებოდა არცერთ დროში. ჩვენ ვიცით არაჩვეულებრივი მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე, რომელიც ერთი პერიოდი მეეზოვედ მუშაობდა, მერე რა, მე ერთი პერიოდი სათიბშიც ვმუშაობდი. ჩემი მეუღლე ესპანეთშია. ის უცხო ენების სპეციალისტია, აქვს სერთიფიკატი, დოქტორანტურა დაამთავრა. ერთმანეთთან ხშირი მიმოსვლა გვაქვს. გვყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი. არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლება არ იცავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უფლებებს. ჩვენი ქვეყანა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრია, გვყავს დედა ღმერთი მიწაზე და მამა ღმერთი – ზეცაში და ისინი დაგვიცავენ. მე ამის მჯერა.

ნანა სულავა, ალია №27

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.