“წერილების გადამალვით გახარია ვერ გადაარჩენს მის ბატონ-პატრონს ბიძინა ივანიშვილს” – ოპოზიცია ვიკერის წერილზე

სენატორ როჯერ ვიკერის მხრიდან კრიტიკულ გზავნილს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობას ნეგატიურ კონტექსტში სულ უფრო ხშირად მოიხსენიებენ და პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე სანქციების გამოყენების საკითხი უფრო აქტუალური ხდება.

“საბჭოთა დროს ფოსტიდან რომ წერილებს იპარავდა რეჟიმი, იმას ჰგავს გახარიას მხრიდან წერილის მიჩქმალვა. წერილების გადამალვით ის ვერანაირად ვერ გადაარჩენს მის ბატონ-პატრონს ბიძინა ივანიშვილს, რომლის მიმართაც კრიტიკა მზარდია და საერთაშორისო ასპარეზზე პერსონალურად სანქციების გამოყენების საკითხი უფრო აქტუალური ხდება,” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

“რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრის, დავით ბერძენიშვილის თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა სენატორის მკაცრ გზავნილს ყურადღება არ მიაქციეს, რასაც კონგრესმენების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

“სალომე სამადაშვილს, ხათუნა სამნიძეს, ელენე ხოშტარიას, ხატია დეკანოიძეს ძალიან წარმატებული ვიზიტი ჰქონდათ. ჩვენ ვიცოდით მათგან, რომ ჰელსინკის კომიტეტში შეხვედრის შემდეგ ხელისუფლება წერილს მიიღებდა. ისიც ვიცოდით, რომ ეს წერილი გამოგზავნილი იყო. სენატორის ეს მკვეთრი წერილი ყურად არ იღეს და ამის შემდეგ წამოვიდა კონგრესმენებისგან ძალიან მკვახე ტექსტები,” – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

მორიგი კრიტიკული გზავნილის ავტორი სენატორი როჯერ ვიკერია, ადრესატი ისევ გიორგი გახარიაა. დოკუმენტი 2019 წლის 19 დეკემბრით თარიღდება და ის “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაასაჯაროვა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.