“ცხედარი წყალში 3-4 დღე იყო, მისი ტრამვები გონების დაკარგვას გამოიწვევდა”- ექსპერტიზის დასკვნა

პროკურატურა შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს:

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა  მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას. ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.

ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული, რაც მოიცავს დროის ინტერვალს 10 წუთიდან 20 წუთის ფარგლებში. ასევე, გვამის წყალში ყოფნის ხანგრძლივობა შეადგენს სიკვდილის დადგომიდან 3-4 დღეს.

აღნიშნული დასკვნა, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს წარდგენილი ბრალდებების უტყუარობას – ბრალდებულთა მიერ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს ზემოხსენებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას.

ამასთან, გაცნობებთ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე პატიმრობაში მყოფი 11 ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება არ შეცვლილა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა ერთ-ერთი ბრალდებულის თანამოსაკნის ჩვენება, სადაც იგი ჰყვება, რომ ბრალდებული მოუყვა, რომ გიორგი წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. ახლა ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც პროკურატურა გვეუბნება, რომ გიორგი გონებას დაკარგავდა. თუმცა, ამ ეტაპზეც კი, გამოძიება ვერ ამბობს სად მოხდა ჩხუბი და გონების კარგვა, მხოლოდ ვარაუდი აქვს და არც ერთი მტკიცებულება დანაშაულის ადგილმდებარეობის შესახებ და ამ დრომდე, გამოძიება ვერ ამბობს მოტივს, რატომ მისდევდნენ კონკრეტულად გიორგის? აპირებს თუ არა გამოძიება სინამდვილეში განზრახ მკვლელობის დამტკიცებას სასამართლოში, თუ სასამართლოს მერე, თავად გიორგის დაადანაშაულებენ სიკვდილში და საქმის წაგებას ადვოკატებს და მოსამართლეებს დააბრალებენ, ამას რამდენიმე თვეში გავიგებთ.

  •  
  •  

One Comment

  1. ანონიმური

    ამ ბიჭის სიკვდილმა ხომ დამაღონა და გული გამიგლიჯა.მაგრამ უფრო დიდი საშინელება ის არის,რომ ახალგაზრდა ბიჭებს ასე სასტიკად შეუძლიათ სცემონ პიროვნება,რომელსაც არც იცნობდნენ,არაფერი დაუშავებია მათთვის,მათი ოჯახი არ დაუწიოკებია,მათი და არ გააუპტიურებიათ,მათი ძმა არ მოუკლავთ…მარტო ასეთ დროს კიდევ შეიძლება გაამართლო ეს აგრესია,სხვა შემთხვევაში გამოდის,რომ ახალგაზრდობა კი არა მონსტრების თაობა გვეზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.