ციხეში შექმნილი ოჯახი და მზადება ახალი სიცოცხლის შესახვედრად

წყვილი, რომელმაც ციხეში იქორწინა, ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადება.

ოთო და დეა მალე მშობლები გახდებიან, სწორედ ამიტომ, ცხოვრების ახალი ეტაპი, მორიგი სიახლით დაიწყეს. სოციალურ ქსელში, მორიგი ჯგუფი დედები და მამები გაჩნდა, რომლის ადმინებიც სწორედ ოთო და დეა არიან.

როგორც „მშობელს“ ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი უყვება, მისთვის ცნობილია, რომ მსგავსი თემატიკის ჯგუფები უკვე საკმაოდ ბევრია, თუმცა როგორც ოთო აბესაძე აღნიშნავს, ჯგუფში დადებული ინფორმაცია კვლევებზე იქნება დაფუძნებული, რომელიც თავად ჩაატარეს და 4 თებერვალს გახდება საჯარო.

„ჩვენ ვართ უბრალოდ ოთო და დეა. უზომოდ შეყვარებული წყვილი ერთმანეთზე. მე ვარ მეცნიერი, ეკონომიკის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  კავკასიის უნივერსიტეტის და საქართევლოს ეროვნული უნივერსიტეტი „სეუ“ს პროფესორი. ასევე რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და გერმანიის ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი. დეიკო მომავალი მეცნიერი. ამჟამად ერთ-ერთი ავიაკომპანიის მარკეტინგის დირექტორი. დეიკოს ფეხმძიმობამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ველოდებით პატარა გოგონას, რომელიც სულ რაღაც 2 თვეში მოევლინება ქვეყანას და ფაქტობრივად უკვე ვცხოვრობთ მისი ცხოვრებით. მოვაწყვეთ სახლი მისთვის, აქტიურად ვარჩევთ ინვენტარს და ა.შ.

ვიცი, რომ უამრავი ჯგუფია მსგავსი თემატიკის, მაგრამ ჩვენ ამ ყოველივეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და პროფესიონალურად ვუდგებით. როგორც ზემოთ აღვნიშნე ვარ მეცნიერი და გადავწყვიტე ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. დავიწყე პროფესიონალური კვლევების წარმოება საბავშო ინვენტარსა თუ ნებისმიერი მოხმარების პროდუქტზე. მოგეხსენებთ ყველა პროდუქტს თუ ნივთს მოყვება ანოტაცია, იძებნება მათი მახასიათებლები, სერტიფიკატები და ა.შ. ამ ყოველივეს ვიკვლევ და ვდებ კვლევის შედეგად საუკეთესოებს. ამ კვლევის პირველი საგანი იყო საბავშო ეტლი. მოვიძიე ყველა ის მახასიათებელი, რაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე გამძლე და უსაფრთხო ეტლს, შევკრიბე ყველა ის პარამეტრი, რაზეც რეკომენდაცია გასცა მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დავიწყე კვლევა. უკვე მქონდა 2 ლაივ ჩართვა ფეისბუქზე და საჯაროდ ვახდენდი სხვადასხვა ბრენდირებულ მაღაზიებში ეტლების კვლევას. 4 თებერვალს დაიდება კვლევის შედეგები და ეს იქნება ძალიან საინტერესო. ეს ჯგუფიც სწორედ ამიტომ შევქმენით, რომ რეალურად საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია მივაწოდო მშობლებს და მომავალ მშობლებს. ეს კვლევები გაგრძელდება პირობითად ბავშვის ლოგინით, შემდეგ ვაქცინაციით და დავასრულებ კვებითი პროდუქტებით და ა.შ. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ჯგუფში არ მოხდება პიარი და აგიტაცია კონკრეტული ბრენდისა თუ მაღაზიის. ჯგუფში მყოფ ადამიანებს მიეწოდებათ მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია. ეს ჩვენი რეპუტაციის საკითხია. მახარებს ის ფაქტი, რომ 23 საათის შექმნილ ჯგუფში უკვე 1 300 ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა და ძალიან აქტიურობენ“.

ოთოს უკვე ჰყავს ერთი შვილი, ამიტომ მამობის კუთხით გამოცდილებაც აქვს, შესაბამისად, მეორე შვილის გაჩენისთვისაც განსაკუთრებულად ემზადება. ის მიიჩნევს, რომ შვილის აღზრდასა და განვითარებაში მონაწილეობა ორივე მშობელმა უნდა მიიღოს.

„მე უკვე მყავს ერთი შვილი – 9 წლის ნინი, რომელმაც უბედნიერესი ადამიანი გამხადა. ვამაყობ ისეთი მაგარი გოგო მყავს. ჭკვიანი ლამაზი… რაც შეეხება ჩვენს პაწუკა მოლოდინს, ის კი არ შეცვლის, არამედ უკვე შეცვალა ჩვენი ცხოვრება. სრული პასუხისმგებლობთ გეუბნებით ორივე უკვე ვცხოვრობთ მისი ცხოვრებით. მივესალმები იმ ფაქტს, რომ დეკრეტული შვებულებით სარგებლობა მამასაც შეუძლია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბავშვის განვითარებაში ორივე მშობლის ჩართულობა აუცილებელია. რაც შემეხება მე, ვიწყებ ამ კვლევით და მინდა მაქსიმალურად, სრული ჩართულობით ერთად გავზარდოთ ჩვენი პატარა. არანაირი განსხვავება არ არსებობს მშობლებს შორის, მაგრამ მამის როლი უნდა იყოს გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი“.

აღსანიშნავია, რომ წყვილის ქორწინება, ოთოს ცხოვრებაში საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა, რის გამოც მათ ციხეში იქორწინეს. ოთო მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს და ცვლილებებს, სწორედ მის მეუღლეს უკავშირებს.

„ჩვენ საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ და საბედნიეროდ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. როდესაც დაქორწინებას ვაპირებდით სწორედ მაშინ დამაკავეს და ჩამსვეს ციხეში. მე და დეამ ციხეში ვიქორწინეთ. 6 თვეში დავტოვე საპატიმრო და ფაქტიურად დავიწყეთ ცხოვრება არა ნულიდან, არამედ მინუსებიდან. დეა იყო ჩემთვის მთავარი სტუმული, რომელმაც მომცა ენერგია ბრძოლის და საბოლოოდ შევძელით ის, რომ ის საშნელი ბრალი რომელიც მედებოდა კორუფცია და ქრთამი არ დამიდასტურდა და საბოლოოდ მოშორდა ჩემს სახელს. 2 წელი დაგვჭირდა ამ ყვლაფრის დასამტკიცებლად. ასევე დეა იყო მთავარი სტიმული იმის, რომ ესე განვითარდა ჩემი სამეცნიერო კარიერა. გლდანის ციხიდან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორობამდე. ეს დაუჯერებელი ტრანსფერი არის თავიდან ბოლომდე დეას დამსახურება. რომ არა ის, მე დღეს არ ვიცი სად ვიქნებოდი“.

სპეციალურად “მშობელისთვის”

რას წერს ოთო აბესაძე იმ სირთულეებზე, რომელიც ოჯახის შექმნას დაემთხვა:

“26 წლის ვიყავი, როდესაც 2017 წლის ივლისში დამაკავეს. დაქორწინებას ვაპირებდით, უამრავი გეგმა გვქონდა, უამრავი მიზანი, უამრავი ოცნება, ვგეგმავდი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერას… როდესაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ მომკლეს…

წამიყენეს ბრალი გულისამრევი მუხლით. გამოვცხადდი კორუფციის სახედ საქართველოში და აი ესე ძალიან ჩვეულებრივად „დავინიშნე დამნაშავედ“. 26 წლის მექრთამე, რომელმაც მეგობარს დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა 3 000…

ამ ამბის გაგებაზე ინფაქტით გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბაბუა და საშინელი თავდასხმის ცენტრში მოექცა ჩემი ოჯახი ე.წ. ტროლებისა და ბოტებისგან. დავრჩით მე და ჩემი ოჯახი აბსოლუტურად მარტო ამ სიბინძურის წინაშე…

დაკავებიდან 6 თვესა და 3 დღეში დავტოვე საპატიმრო ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების გამო. აღმკვეთი ღონისძიება შემეცვალა გირაოთი და 2018 წლის 15 იანვარს გავთავისუფლდი.

მოკლედ რომ გითხრათ ციხიდან რომ გამოვედი დაყადაღებული და გაყიდული დამხვდა აბსოლუტურად ყველაფერი რაც კი გამაჩნდა. გამოვედი ციხიდან უმძიმესი დიაგნოზით, „მხრებზე“ მქონდა რამოდენიმე ასეული ათასი ვალი და უკიდურესად შელახული რეპუტაცია.

ერთხელ მაინც წარმოიდგინეთ ვინმემ თავი ჩემს ადგილზე. 27 წლის ასაკში გამოდიხართ ციხიდან, კატასტროფულად შელახული რეპუტაციით, გხვდებათ გარდაცვილი ოჯახის წევრი თქვენი ისტორიის გამო, ხართ კატასტროფული ჯანმრთელობის მდგომარეობით, დაყადაღებული და გაყიდული გხვდებათ აბსოლუტურად ყველაფერი, აურაცხელი ვალი და წინ სასამათლოები, რომელიც კაცმა არ იცის თუ როგორ დასრულდება. ოჯახის, ძაღლის და რამოდენიმე მეგობრის გარდა არავინ გიდგათ გვერდით და ხართ მხოლოდ ღმერთის იმედად. წარმოიდგინეთ? თუ წარმოიდგინეთ მაშინ უკეთ გამიგებთ რასაც ეხლა დავწერ.

ფაქტიურად თვითმკვლელობის ზღვარზე ვიყავი. იმ უამრავი ადამიანიდან, ვინც გარს მეხვია და მეგობრებად ვთვლიდი სულ რამოდენიმე დამიდგა გვერდით. ადამიანები უბრალოდ მერიდებოდნენ და არც მკითხულობდნენ. არ ვიცი დღემდე ვერ ამოვხსენი ეს ფენომენი. მე ხომ მათთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში.

ნულიდან არ დამიწყია ცხოვრება, ძალიან დიდი მინუსიდან დავიწყე.
2018 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი 5 თვე და მძღოლად არარეზიდენტი პირების შვილებთან. მთელი ეს პერიოდი ასევე ვწერდი პუბლიკაციებს და სამეცნიერო სტატიებს. ვაქვეყნებდი საერთაშორისო ჟურნალებში და ვწერდი სალექციო კურსს „სტატისტიკა ეკონომიკასა და ბიზნესში“ ს ახალ ვერსიას საქართველოსთვის და ევროპისთვის. არ ვიცოდი რატომ და რისთის ვაკეთებდი ამას, უბრალოდ ვწერდი და ვაგზავნიდი.

ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო და შევძელი ის, რომ 21 საერთაშორისო სტატია გამოვაქვეყნე და google scholar ის მიხედვით ჩემი ციტირების ინდექსი გახდა 24.
ამ შრომამ და გათენებულმა ღამეებმა მოიტანა ის, რომ გავხდი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი და გერმანიის ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტის მკვლევარი. ასევე საქართველოში 3 წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი.

ციხის დატოვებიდან 1.5 წელში შევძელი ეს ყველაფერი. აი ესე შევიყვანე ჩემი წილი საქართველო ევროპაში უივერსიტეტების აუდიტორიების გავლით.

მთელი ეს პერიოდი 1.5 წელი არ ვჩნდებოდი საჯაროდ არსად. არ მიმიცია არცერთი ინტერვიუ და არცერთ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. ვთვლიდი, რომ ჯერ უნდა დასრულებულიყო ჩემი სასამართლო პროცესები და შემდეგ მესაუბრა ამ თემებზე. ესე იქნებოდა სწორი. არ არის მართალი, როდესაც გაურკვეველია რამე და ამ ყოველივეზე საუბრობ.

დაკავებიდან 2 წლისა და 1 თვის თავზე, 2019 წლის 10 აგვისტოს დასრულდა სასამართლო პროცესები. 2 წელი და 1 თვე დამჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ არ ვარ მექრთამე და როგორც იქნა ეს საშინელება და გულისამრევი სიტყვა „ქრთამი“ მოშორდა ჩემს სახელს. საბოლოო ჯამში დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას და დამნაშავედ მცნეს ირუიდიულად ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში, რაც გულისხმობს „არამართლზომიერ ზეგავლენის მოხდენას“. ფრაზა, რომელიც დავპირდი ჩემს „მეგობარს“, რომ „ჩემი პირადი კონტაქტებით შევძლებ დაგეხმარო“ ამ მუხლში თარგმნა კანონმა. დავთანხმდი საპროცესო შეთანხმებას იმიტომ, რომ ჩემთვის იყო გადამწყვეტი ქრთამი ჩამოშორებულიყო ჩემს სახელს. სხვა დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვანია. აღარ მინდოდა მეტანჯდა ჩემი ოჯახი სასამართლოებში სიარულით და კვლავ გაჭიმულიყო სასამართლო პროცესები. მჭირდებოდა ჩამორთმეული პასპორტის დაბრუნება, რათა უფრო ეფექტურად ამეწყო ჩემი საერთაშორისო სამეცნიერო კარიერა.

ჩემი ბრალია ეს ყველაფერი, რადგან 26 წლის ასაკში გამოუცდელი წამოვეგე ძალიან კვალიფიციური აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თურმე ჩემზე. ჩემი ბრალია ისიც, რომ 26 წლის ასაკამდე ვიყავი იდეალისტი და მჯეროდა ადამიანების.

რას ვაპირებ მომავალში? იმას, რასაც ეხლა ვაკეთებ. უფრო აქტიურად გავიტან ქართული მეცნიერების სახელს მსოფლიოში და მე ჩემს წილ საქართველოს უფრო მეტად შევიყვან ევროპაში. ვაკეთებ და გავაკეთებ იმას, რომ მომავალ თაობას ვასწავლო რაცშეიძლება მეტი ჩემს აუდიტორიებში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მეტი ევროპა და მეტი საქართველო ევროპაში. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპული განათლების სისტემა და ხარისხი იყოს საქართველოში.

რატომ დავწერე ამდენი? იმიტომ, რომ მინდა ეს ტექსტი იყოს სტიმული ადამიანებისთვის. როდესაც გგონიათ, რომ ცხოვრება სრულდება, სინამდვილეში ამით სრულდება ერთი ეტაპი და იწყება რაღაც სხვა და ძალიან მაგარი.

მე უბრალოდ არ დავნებდი…”.

წყარო – მშობლები

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.