“ჩატაევი ტრადიციული ისლამის მიმდევარი არ იყო – არ გვაღელვებს სად დაკრძალეს” – პანკისის ხეობის უხუცესი

პანკისის ხეობაში, საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ახმეტ ჩატაევის დაკრძალვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ხეობაში ამბობენ, რომ მათთვის უცნობია, ვის შეიძლებოდა გადაესვენებინა ჩატაევის ცხედარი ექსპერტiზის ბიუროდან და სად შეიძლებოდა მომხდარიყო მისი დაკრძალვა.

პანკისის ხეობის უხუცესი, ხასო ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ ხეობაში ჩატაევის ცხედრის გადასვენებით არავინ იყო დაინტერესებული.

„ამ ხეობაში არც არავინ მეგულება, ვინც მისი გადმოსვენებით იყო დაინტერესებული. ჩვენ ბევრი უხერხულობა გამოვიარეთ ჩატაევის გამო. ჯერ კიდევ ლოპოტის სპეცოპერაციისას, სრულიად უსამართლოდ მოგვნათლეს ტერორისტებად, შემდეგ თბილისში სპეცოპერაციის დროს, ნახეთ, რაც მოხდა. გარდა ამისა, ის არ იყო ტრადიცული ისლამის მიმდევარი. ამიტომ, ეს საკითხი ხეობაში არც მგონია, ვინმეს აღელვებდეს“, – განაცხადა ხანგოშვილმა პრაიმტაიმთან საუბრისას.

ჩატაევის შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამმა, ზურაბ ქავთარაშვილმა.

„ეს ძალიან სენსიტიური საკითხია ამ ხეობისათვის, ამიტომ არ მსურს, კომენტარის გაკეთება“, – თქვა ქავთარაშვილმა.

მედიასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებენ ჩატაევის მეუღლის ნათესავები, რომლებიც პანკისის ხეობაში ცხოვრობენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის ბიუროში პრაიმტაიმს დაუდასტურეს, რომ ახმეტ ჩატაევის ცხედარი, რომელიც იქ თითქმის ორი წლის განმავლობაში ინახებოდა, ბიუროდან გადაასვენეს.

ახმეტ ჩატაევი 2012 წლის 30 აგვისტოს, კახეთში, ლოპოტას ხეობაში და 2017 წლის 22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციების ერთ-ერთი ფიგურანტი იყო.

ბოლო სპეცოპერაციის დროს, ალყაში მყოფმა ჩატაევმა თავი აიფეთქა.

წყარო – პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.